ნატალია ჯვარიძე
(20.05.2025)

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი „ტვიტერზე" წერს. ამასთან, მზადდება მე-18 პაკეტიც.

კაია კალასის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის სამიზნეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" 200-მდე გემი წარმოადგენს.

„ასევე, ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება", - წერს კაია კალასი. ამასთან, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება უკვე დაიწყო.

„ახლა ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ახლოდ ვახდენთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციას. ევროპამ ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი. მეტი მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება. დროა, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ", - წერს ფონ დერ ლაიენი.

ევროკავშირის ახალ პაკეტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი ულტიმატუმებს არასდროს პასუხობს.

„მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ზელენსკიმ, ევროპელ ამხანაგებთან ერთად, საუბარი დაიწყო ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე: მათ კიდევ ერთხელ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროპა მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის და მისი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესვენების საშუალების მიცემაა.

„აშკარაა, რომ დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებთ. ისინი სხვა მიზანს მისდევენ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა მათი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩაშლა და რუსეთის დელეგაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სცადეს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის სპექტაკლი ჩაიშალა.

„გულუბრყვილოდ თვლიდნენ, რომ მოლაპარაკებების გადადება მოსკოვს აიძულებდა, უარი ეთქვა მათ ჩატარებაზე. შედეგად, ზელენსკის მიერ დადგმული სპექტაკლი სავალალოდ ჩაიშალა. იძულებული გახდა, 16 მაისს დელეგატები დაენიშნა და რუსეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად გაეგზავნა", - განაცხადა ზახაროვამ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისიას შეფასებით, ევროკავშირის ახალი პაკეტი ძირითადად მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს.

„მგონი ევროკავშირის მიერ დამტკიცებული მე-17 პაკეტი ითვალისწინებს რუსეთისთვის ეკონომიკური დახმარებების სრულ აკრძალვას. ასევე, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით მისი განვითარების შეჩერებას და ფინანსური შეზღუდვების დაწესებას.

როგორც მე ვიცი, ეს არის სანქციების ახალი პაკეტი. არ ვიცი ახლა ამ პაკეტებს რამდენად დიდი ეფექტი აქვს, თუმცა თითქოს ასეთი ჭორი გავრცელდა, რომ რუსულ ბაზარზე ამერიკა დაბრუნდება და იგეგმება „მაკდონალდსის" რუსეთში შესვლა. საერთოდ დონალდ ტრამპის მიდგომაა ეგეთია. თუ ეს განხორციელდა, სხვა სანქციებს არავითარი ეფექტი აღარ ექნება. სამწუხარო რეალობაა.

მთავარი არის კოორდინირება ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის პოზიციების. თუ ახლა დასავლეთის ერთობა არ იქნება, შესაძლოა ამან გამოიწვიოს სერიოზული გამოწვევები და საფრთხეები", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე