ნატალია ჯვარიძე
(20.05.2025)

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა ვინ შეიძლება მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ვინ არა. მელიამ პარტიებს მოუწოდა, დააფიქსირონ კონკრეტული პასუხი, თუ რას აპირებენ.

ანალიტიკოსები არჩევნებში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ არჩევნებზე უარი არ თქვას.

„ჩემი აზრით, „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ნაც.მოძრობა" არჩევნებზე არ გავლენ, მათ თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს. რაც შეეხება, გახარიას პარტიას, მათ აქამდეც არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ. ასევე, შესაძლებელია „ლელომაც" მიიღოს", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა, ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

მელიამ განაცხადა, რომ დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიობის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დროა. როგორც მელია აღნიშნავს, „უკომპრომისო ბრძოლაში თავსებადი არაა სერიოზულად განიხილავდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას".

„6 დღეში 26 მაისია - ისტორიული მნიშვნელობის დღე, რომელსაც ამჟამინდელმა ვითარებამ ახალი და დამატებითი ფუნქცია შესძინა, ჩვენ კი დაგვაკისრა ვალდებულება ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას კვლავაც არყევს რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკა.

პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას ვაკეთებთ, ანუ შევდივართ თუ არა ფარსში სახელად - ადგილობრივი არჩევნები, ამას პასუხი ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს. მე არასდროს მითქვამს უარი არჩევნებზე, არჩევნები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ" და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში, ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ბოლომდე ღირს, ეს ბრძოლა მიმდინარეობს, პროტესტი ურყევია, ქვეყანას 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ახლა ეს ხალხი გვთხოვს, მინიმუმ გვეკითხება, რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 6 დღეში, 26 მაისს, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, თუ ცალკეული ადამიანი, ვინც ვალდებულია საზოგადოების წინაშე ამ კითხვაზე გასცეს პასუხი, [გასცემს პასუხს] და ამით არ დაემსგავსება 26 მაისი 31 მარტს.

არათავსებადია უკომპრომისო იყო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე უკვე 4 თვით ადრე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე.

აქა-იქ ისმის კითხვა, რა არის ბოიკოტის შემდეგ გეგმა. პასუხი - არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით რეჟიმთან პოლიტიკური არ თანამშრომლობა არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაფართოება არის გეგმა.

საზოგადოება მინიმუმ, ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან ყოველგვარი თავდასხმის გარეშე, მკაფიოდ საჭიროებს პასუხს, თუნდაც, გულწრფელად ვთქვათ, დიახაც, გვინდა შესვლა ამ ტიპის არარსებულ არჩევნებში, მაგრამ ესეც პასუხია, მაგრამ ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს.

26 მაისს ყველას ვთხოვდი, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეკრება არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებას „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ლანა გილდავა გამოემხაურა, რომელსაც არ მიაჩნია სწორად საკითხის ასე დაყენება და აღნიშნავს, რომ „მსგავსი თემების ასეთი ტონით შემოტანა, კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელია".

გალდავა კონკრეტულ პასუხს არ სცემს, მათი პარტია მიიღებს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

„ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორი მთავარი საკითხია - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლების მიერ ამ საკითხის კატეგორიული ტონით დასმას, ვიტყვით, რომ „ლელო ძლიერი საქართველო" ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე და 26 მაისის წინ მსგავსი თემების შემოტანა მსგავსი ტონით, კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელია", - აცხადებს გალდავა.

გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური კი პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. ბუჩუკურის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გეგმა, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შემდეგ, ე.წ. სატელეფონო არჩევნებია, რაც მათი მხრიდან არასერიოზულია.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც.

თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის.

რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები. ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, „კოალიცია ცვლილებებისთვის"და „ნაც.მოძრაობა" არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

„ჩემი აზრით, „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ნაც.მოძრობა" არჩევნებზე არ გავლენ, მათ თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს. რაც შეეხება, გახარიას პარტია, მათ აქამდეც არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ. ასევე, შესაძლებელია „ლელომაც" მიიღოს", - თქვა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის უკვე ემზადება.

„არ დაგვავიწყდეს, რომ „ლელო" და გახარიას პარტია საკმაოდ აქტიურობენ რეგიონებში. სამწუხარო ტრადიციად იქცა ქართულ დემოკრატიაში, როდესაც პოლიტიკური პარტიები არჩევნების წინ იწყებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გააქტიურებას. მანამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე დიდი აქტიურობა არ შეინიშნება და თითქმის ნულოვანია, თუმცა ახლა პროცესები სხვაგვარად მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, არ მოხდეს ისე, რომ ერთმანეთს გაადაასწრონ ცესკოში რეგიტრაციაზე არჩევნებისთვის.

რასაკვირველია, ვინც კი პრაგმატულად მოაზროვნეა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ უპირისპირდება მმართველ პარტიას, ნებისმიერი კანონიერი საშუალებებით მან უნდა მოიპოვოს ის ბერკეტები, რომლითაც დაუპირისპირდება ხელმძღვანელ პარტიას", - აღნიშნა აბაშიძემ.

ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში სწორი გამოსავალია, ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„მგონი არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება უფრო სწორია, რადგან უკონკურენტო გარემოში ცოტა რთულია.

„ქართული ოცნება" უფრო მეტად გააყალბებს. ან წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, მაგრამ მეორეს მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ", „ახლებმა" უნდა გაითვალისწინონ არსებული ვითარება და პოტენციურ ამომრჩეველთან იმუშაონ.

გიორგი ბარამიძემაც განაცხადა, რომ „ოცნებამ" მართლა თანხმობა განაცხადოს საპარალენტო არჩევნებზე, მომზადებულები უნდა შეხვდეს ყველა პარტია. პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია საინფორმაციო ომს აგებს. მაგალითად გუშინ ნონა გაფრინდაშვილმა რომ ისაუბრა, გამოსულიყო „ნაცმოძრაობა" და ელაპარაკა რა იყო 26 მაისს. ძალიან პასიურობს ოპოზიცია საინფორმაციო ომის წარმოების თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

გია აბაშიძის აზრით, ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის აუცილებელია ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. „გამოიკვეთა სურათი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მფარველებმა უცხოეთში დაინახეს, ის ე.წ. მითი, ხელისუფლება ვითომ არალეგიტიმურია და თუ არ სცნობენ ჩამოიშლება, აბსოლუტურად დაიმსხვრა.

აქედან გამომდინარე, ის ე.წ. შერჩევითი მიდგომა, რომ ამ სტრუქტურას ვცნობ ლეგიტიმურად, იმას არა და სხვა აბსოლუტურად ტრაგიკომიკურ სიბრტყეში გადაინაცვლა. მორიგ ჯერზე ამ გაუგებრობის გამო ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება ხდება.

პოლიტკური პარტია უნდა აქტიურობდეს საჯარო სივრცეში და მისი აქტიურობის უმაღლესი საფეხურებია ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უდიდესი შეცდომა დაუშვა და საკუთარი ნებით უარი თქვა საპარალამენტო მანდატებზე, ამის აღიარება ადრე თუ გვიან მიუწევთ.

ძალიან საინტერესო იყო ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ანი წითლიძის აღიარებითი ჩვენება, რომ „ნაცმოძრაობამ" 10% მიიღო. ანუ რა გამოდის, რომ ისევ გაუგებარი დისონანსია მათ მხარეზე? ხან ენდობიან ცესკოს და ხან არა? გამოდის, რომ ე.წ. გაჟონილი ბიულეტენების მიხედვით, მათ 10% აიღეს.

ასევე, კიდევ უფრო საინტერესო იყო გუბაზ სანიკიძის საჯარო დამუნათება იმ აქტორების მისამართით, რომლებიც მისი აზრით, ივანიშვილის გუნდათან ფარულ მოლაპარაკებაზე არიან. რეალურად ბოლო წლებში ეს ახალი არაა და ნებისმიერი არჩევნების მოახლოებასთან ერთად იწყება შიდა დაპირისპირება, კინკლაობა და ა.შ. საარჩევნო პროცესების გამოყენება ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძველი, გახუნებული ფრაზები, რომ „ოცნება" პრორუსულია და ა.შ. არ მუშაობს, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე