აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტაზე ოპტიმისტურადაა გაწყობილი, თუმცა კრემლიდან ტრადიციულად ბუნდოვანი განცხადებები ისმის - სამშვიდობო მემორანდუმთან დაკავშირებით - არც კონკრეტულ დროს ასახელებენ და ანალიტიკოსებიც დასძენენ, რომ მოსკოვიდან მონდომება არ ჩანს ცეცხლის შეწყვეტაზე.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს 19 მაისს კვლავ ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.
თუმცაღა, ანალიტიკოსები დასძენენ, რომ პუტინის გეგმებში ცეცხლის შეწყვეტა არაა, ის ტრამპის ამბიციებით და ხასიათით მანიპულირებს და აქედან გამომდინარე, ეს საუბარიც იმ შედეგით დამთავრდება, რაც წინა შემთხვევაში მოხდა.
უკრაინაც კვლავ ძველ პოზიციაზეა, რომ არაფრის სანაცვლოდ მიწას არ დათმობს და არც ჯარებს გაიყვანს თავისი ტერიტორიებიდან. ევროკავშირში კი აცხადებენ, რომ სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებენ და ეს ტრამპთან შეთანხმებულია მას შემდეგ, რაც პუტინთან ისაუბრა.
რა შედეგით დასრულდა ტრამპი-პუტინის მორიგი საუბარი
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სახეზეა პუტინის მხრიდან მანიპულაცია, ტრამპს კი რესურსი არ აღმოაჩნდა, რომ პუტინს ომის შეწყვეტა აიძულოს, შესაბამისად საუბარიც უშედეგო იყო.
"მგონია, რომ ტრამპს უბრალოდ არ აქვს ის რესურსი (ვგულისხმობ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, ისე სხვა შესაძლებლობებს), რომლითაც პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს. ფიზიკურად ასეთი რესურსი კი არსებობს, მაგრამ ამის ნება არ გააჩნია და როგორც ჩანს, არც თავად დგას სათანადო სიმაღლეზე იმისთვის, რომ პუტინს რაღაცაში მოუგოს. პრაქტიკულად, სახეზეა პუტინის მხრიდან მანიპულირება ტრამპის გრძნობებით, მისი ამბიციებით და ა.შ. შესაძლოა, სხვა ბერკეტებიც გააჩნდეს პუტინს ტრამპის გასაჩუმებლად.
"საბოლოო ჯამში, ეს ძალიან ჰგავს რაღაც შეთანხმებულ თამაშს, რომლის შედეგადაც პრაქტიკულად არაფერი არ ხდება. ამ კონკრეტულ საუბარსაც ვფიქრობ არაფერი არ მოჰყვება. თუმცაღა, რაც შეეხება თავად ზელენსკის, ის საკმაოდ აქტიურობს - ახლა შეხვედრა ამერიკელებისა და ევროპელების მონაწილოებით შესთავაზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ზელენსკი ცდილობს რუსეთის მხარე აიძულოს დაჯდეს არა მარტო ამერიკელებთან, არამედ ევროპელებთანაც, რადგან ამ საკითხზე ევროპელებს ბევრად უფრო საღი ხედვა და სწორი პოზიცია აქვთ, მათ შორის მორალური და ტრამპს არ აქვს მორალური ღერძი, რომლითაც მას შეუძლია პუტინს რაღაცა აიძულოს. მისი მიდგომებით საუბარი არ ჭრის, ეს იგივეა ეშმაკს რაღაცაზე ევაჭრო და ეშმაკს ვაჭრობით ვერასდროს ვერ მოუგებ",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საუბარს არაფერი შედეგი არ აქვს.
"მემგონი ახლაც დიდი არაფერი შედეგი არ მოჰყოლია საუბარს. რუსული და ამერიკული მხარის პოზიციები მოვისმინეთ, ორივე კი არის კმაყოფილი, მაგრამ რაშია კმაყოფილი ვერ გავიგე. ომი კვლავ მიდის და ყველა კმაყოფილია უკრაინის გარდა. ვერაფერი ვერ შევამჩნიე საიმისოდ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა ცხვებოდეს.
"როგორც ჩანს, პუტინმა კონკრეტულ თარიღებზე საუბარს თავი აარიდა, თქვა, რომ ვნახოთო. ტრამპიც კარგი პიარ ტექნოლოგია და მიანიშნა, რომ ეს საუბარი იყო უბრალო მოთელვის და მეტი არაფერი",- განაცხადა მაისაიამ.
რამდენად მნიშვნელვანია ტრამპისთვის ცეცხლის შეწყვეტა
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი რეიტინგი ეცემა და კონგრესის არჩევნებშიც მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები უმრავლესობას დატოვებენ.
"ტრამპმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მას რუსეთზე ზეწოლის არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რომლის გამოყენებას მას შეუძლია. იმედი ჰქონდა, რომ ზელენსკის და უკრაინას გატეხავდა და მას დაითანხმებდა ყველაფერზე, რასაც რუსეთი მოითხოვდა და შემდეგ იტყოდა, რომ აი, მე ცეცხლი შევწყვიტეო. უკრაინელებს ასეთი ცეცხლის შეწყვეტა რომ სდომებოდათ, თავის დროზე რუსეთს წინააღმდეგობას საერთოდ არ გაუწევდნენ და ამდენი მსხვერპლი არ ექნებოდათ.
"მსხვერპლი, რომელიც უკრაინამ გაიღო, გაიღო იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და რატომღაც ტრამპს ძალიან გულუბრყვილოდ ეგონა, რომ უკრაინას ის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებდა და ამით მშვიდობისმყოფელის მანტიას მოისხამდა. სინამდვილეში ეს დიდი ილუზია აღმოჩნდა და კიდევ კარგი, რომ ევროპელები უმეტესწილად ზელენსკის მხარეს არიან ამ საკითხში.
"საბოლოო ჯამში, ალბათ ტრამპი წააგებს კიდეც კონგრესში შუალედურ არჩევნებს, რომელიც მომავალი წლის ნოემბერშია. მისი რეიტინგი სადღაც 40%-ის ფარგლებშია, მაგრამ რეიტინგის ორი ტიპია, ერთია მისი მხარდაჭერის და მეორე მისი ურყოფითი რეიტინგი. ტრამპს უარყოფითი რეიტინგი სადღაც 56% აქვს, ნაწილი ნეიტრალურია და 40% მხარდაჭერაა.
"აქვე არის რეიტინგების მიმართულებები, რომელიც ცალკე იზომება, მაგალითად ეკონომიკაში როგორც ვიცი, საერთოდაც მინუს 17% აქვს იმ რეიტინგთან შედარებით, რაც ადრე ჰქონდა. ახლა თუ ცეცხლი შეწყდა, ტრამპის პლიუსი არ იქნება, მაგრამ ამას თავისთავად პიარულად გამოიყენებს.
არაა გამორიცხული, რომ ეს დროს ქაჩავდეს უფრო იქით, რადგან შემდეგ არჩევნებთან უფრო ახლო დროში გამოიყენოს, მაგრამ არჩევნებამდეც იმდენად დიდი დროა, რომ ამ შემთხვევაში, ეს ძალიან სარიკსო თამაშია",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიაც "რეზონანსთან" ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკელი ელექტორატი ამას მოსთხოვს.
"ტრამპისთვის ცეცხლის შეწყვეტა საკმაოდ მნიშვნელოვანია, მისი მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამაზე იყო აგებული და ეს თუ ვერ შეასრულა, ამერიკის ელექტორატი სხვანაირად აღიქვამს, ის სხვა ქვეყნის ელექტორატს არ ჰგავს და მკაცრად მოსთხოვს პასუხს ვალდებულების შესრულებაზე, მითუმეტეს, გამარჯვებულ პოლიტიკოსზეა საუბარი.
ახლა ტრამპს მაინცდამაინც ცუდი რეიტინგი არ აქვს და საშუალოზე მაღალია რამდენადაც ვიცი, თუმცა თუ ასე გააგრძელა შესაძლოა დაეცეს.
"ვფიქრობ, კონგრესის არჩევნებზე რესპუბლიკელები თავის პოზიციას მაინც შეინარჩუნებენ, ქვეყანაში გარკვეული რეფორმები გაატარა, თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა, მით უმეტეს, აღმოსავლური წარმატებული ტურნე ჰქონდა 1.2 ტრილიონი დოლარის ინვესტიციები ჩაუტანა ქვეყანას, რაც ეკონომიკურ წინსვლაზე მოქმედებს. უკრაინა შესაძლოა ერთ-ერთი სუსტი წერილი იყოს, მაგრამ მას სხვა დადებითი მომენტებიც გააჩნია და მემგონი მას არ ეშინია, რომ რესპუბლიკელები კონგრესში კონტროლს დაკარგავენ",- განაცხადა მაისაიამ.
აწყობს თუ არა პუტინს ომის დასრულება
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინს გამოუვალი მდგომარეობა აქვს და ომის დასრულება თან უნდა, თან არა.
"პუტინს ომის გაგრძელება თან აწყობს და თან არა, მას გამოუვალი მდგომარეობა აქვს, რადგან ისიც რეიტინგს კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ იმ ამოცანებს ვერ მიაღწია, რომელიც თავიდან დასახა. ხალხს ტვინში ჩაუტენა, რომ უკრაინა ნაცისტების ქვეყანაა და ამიტომ გვინდა ნაციზმი განადგურდეს უკრაინაში, ზელენსკი უნდა გადადგეს და პრორუსული მთავრობა მოვიდესო და ა.შ. ამ ყველაფერს ვერ აღწევს, რა ტერიტორიებიც მოსახლეობას დაპირდა და კონსტიტუციაში შეიყვანა, იმის დაკავებას და მათ საერთაშორისოდ აღიარებას ვერ აღწევს.
ეს ტერიტორიები ოკუპირებულის სტატუსით დარჩება, ევროკავშირის და ამერიკის სანქციებიც როგორც მინიმუმ დარჩება, რესპუბლიკელებიც უკვე იქითკენ იხრებიან, რომ პუტინთან დათბობის პოლიტიკით საბოლოო ჯამში მოქალაქეებში რეიტინგს კარგავენ.
"საბოლოო ჯამში, პუტინი ყველანაირად ძალიან ცუდ მგომარეობაში ტოვებს რუსეთს. დაუსვამენ კითხვას, რატომ აღმოჩნდა ქვეყანა ასეთ სიტუაციაში და ამიტომ მას ამ ეტაპზე ომის დასრულება არ აწყობს",- განაცხადა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩანს, რომ პუტინს ომის გაგრძელება უნდა.
"არ ჩანს, რომ პუტინს ომის დასრულება უნდა, ეს რომ უნდოდეს, ანკარაში ჩავიდოდა და ზელენსკის შეხვდეობდა. მან ვერ აისრულა ის დასახული ამოცანები, რის გამოც ომი დაიწყო. ასეთ პირობებში ომის გაჩერება რუსეთის დამარცხებას ნიშნავს. მას შიგნით შეექმნება პრობლემა, რადგან საკუთარი პოლიტიკური ელიტა ამ ამოცანების შესრულებისთვის დარაზმა და ისინი მოსთხოვენ პასუხს. პუტინი ის აღარაა, რაც 12 წლის წინ იყო, პრიგოჟინის მაგალითმაც აჩვენა, რომ მათგან ნებისმიერმა სამხედრო ამბოხი რომ დაიწყოს, მოსკოვამდე თავისუფლად მივა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
რას ამბობენ მხარეები
პრეზიდენტმა დონელდ ტრამპა საუბრის დასრულების მერე მალევე დაპოსტა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა "ძალიან კარგად ჩაიარა, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ".
„ახლახან დავასრულე ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად. პირობების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ იყოს ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით", - წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება".
„ეს რუსეთისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის შესაქმნელად. პოტენციალი უსაზღვროა. ასევე, უკრაინას შეუძლია ვაჭრობით დიდი სარგებელი მიიღოს, საკუთარი ქვეყნის აღდგენის პროცესში", - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.
„ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს. ვატიკანმა, რომელსაც რომის პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ დაინტერესებულია მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. დაე, ეს პროცესი დაიწყოს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის ერთიანი ტექსტის შემუშავების კუთხით "რთული კონტაქტები ელოდებათ".
„პროექტები ფორმულირდება როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარის მიერ, მოხდება ამ დოკუმენტების პროექტების გაცვლა, შემდეგ კი იქნება რთული კონტაქტები ერთიანი ტექსტის შესამუშავებლად. ვადები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ცხადია, ყველას სურს ამის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია", - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინთან საუბრამდე ტრამპს სთხოვა, რომ გადაწყვეტილება კიევის გარეშე არ მიეღო.
„პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა თავისი ტერიტორიებიდან ჯარებს არ გაიყვანს.
„ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თურქეთში, ვატიკანსა ან შვეიცარიაში უკრაინის, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება განიხილება.
რაც შეეხება ევროპის პოზიციას, გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი წერს, რომ ევროპა მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს.
„ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულები არიან: ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის გზაზე უკრაინას მხარს მტკიცედ დავუჭერთ. ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით", - წერს ფრიდრიხ მერცი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე