რუსთაველის გამზირი უწყვეტის პროტესტის გამო ყოველ საღამოს კვლვ იკეტება. ხელისუფლების ოპონენტები პერიოდულად შედარებით მასშტაბურ აქციებსაც მართავენ და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებითაც დიდი მსვლელობა აქვთ დაგეგმილი. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ხალხის რაოდენობა აქციებზე აშკარად შემცირებულია, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიცია საპროტესტო მუხტს ვერ ზრდის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან შიდა საინფორმაციო ომს აგებს და ამასთან, ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ქმნის.
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა დაინახა, რომ ოპოზიცია თავის მთავარ საყრდენად საგარეო ფაქტორს მიიჩნევს და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რამაც აქციებზე ადამიანთა რაოდენობრივი მაჩვენებლის კლება განაპირობა.
ანალიტკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყნის გარეთ საინფორმაციო ომს „რა თქმა უნდა ოპოზიცია იგებს", მაგრამ ამ მოგების ქვეყნის შიგნით კაპიტალიზაცია ვერ ახერხებს. მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე გარღვევა იქნება, თუ მეზუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეთანხმდებიან და „ჩრდილოვან კაბინეტს შექმნიან", რომელიც გაითვალისწინებს ყველა ფაქტორს და ჩამოყალიბდება იმაზე, თუ რას აპირებს ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე.
რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია საპროტესტო მუხტის გაზრდას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მუხტის ვერგაზრდის მიზეზები თავად ოპოზიციაშია საძებნი და მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ არ ჰყავთ ქარიზმატული და ნდობით აღჭურვილი, გამოკვეთილი ლიდერი.
„ამის მიზეზები თავად ოპოზიციაში უნდა ვეძებოთ, რადგან ესაა პროცესი, რომლის განმავლობაშიც საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, ვისაც „ქართული ოცნება" არ მოსწონს, ოპოზიციის მოქმედებებს აკვირდებოდა და მთავარი, რაც მათ დაინახეს, ისაა, რომ ოპოზიციას ადგილობრივი ამომრჩევლის იმედი არ აქვს. ანუ მათი საყრდენი არის არა ჩვენი მოქალაქეები, თუნდაც მათი ელექტორატი, არამედ უფრო გარე მხარდაჭერაზე აკეთებენ აქცენტს.
„ამას პრინციპში არც მალავენ - ტელეეთერებში საჯაროდ გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს სანქციები ჩვენი მუშაობის შედეგიაო. ქართველი საშუალო სტატისტიკური ადამიანის მეტანლიტეტს და კულტურას ძალიან ცუდად უნდა იცნობდე და გქონდეს იმედი, რომ თან ღიად აცხადებდე, რომ ძირითადად არა ადგილობრივი მოქალაქეები, არამედ გარე მოკავშირეები გეიმედება და ამის მერე, მოქალაქეებს მოსთხოვო ნდობის მანდატი, აქციებში მონაწილოება და ა.შ. - ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც აქციების რაოდენობრივი მაჩველებლის კლება განაპირობა.
„მეორე ფაქტორი ისაა, რომ ოპოზიციაში ფაქტიურად არაა გამოკვეთილი ქრიზმატული და ხალხის ნდობით მოსარგებლე ლიდერი, რომელიც გარკვეულწილად საპროტესტოდ განწყობილ ელექტორატში საპროტესტო მუხტის გაჩენას და პროტესტის მონაწილეების დაქოქვას შეძლებდა.
„ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურ გალერეას რომ შევხედოთ, მათი უმრავლესობის ბიოგრაფია ძალიან მძიმე ფაქტებითაა დამძიმებული. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ახლაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებისას კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თითქოს ოპოზიციის ახალ ლიდერად მიიჩნეოდა, ვერ გამოდგა და ამასაც ყველა ხედავს. როგორც ჩანს, ნელ-ნელა დასავლეთიც კარგავს იმედს, რომ ამ ოპოზიციის მეშვეობით სიტუაციის შეცვლას შეძლებენ.
„ოპოზიცია საზოგადოებას სთავაზობს, რომ კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს. კი, ბატონო, ისინიც ფიქრობენ, ვინ იქნება ამ ახალ კოალიციურ მთავრობაში. ყველამ იცის, რომ ამაში ის ხალხი მოიზარება, ვინც ოპოზიციის ლიდერები არიან, მათდამი ხალხის ნდობა კი ძალიან მწირია, ხალხის მხარდაჭერის ხარისხიც ეცემა, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურ კავშირშია. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ფაქტობრივად ჩახსნილია, მიუხედავად იმისა, რომ ენმ რაღაცნაირად მის რეანიმირებას ცდილობს და მისი გათავისუფლების მორიგი რაუნდი დაიწყო. ესაა მიზეზ-გარემოებების ის არასრული ჩამონათვალი, რის გამოც ოპოზიცია ვერ ახერხებს საპროტესტო მუხტის აწევას და ხალხის მობილიზებას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსალოდნელიც იყო აქციებზე ხალხის რაოდენობის შემცირება და ეს მხოლოდ ოპოზიციაზე არაა დამოკიდებული.
„მოსალოდნელი იყო, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა, ეს მარტო ოპოზიციაზე არაა დამოკიდებული, იქ არის სამოქალაქო ნაწილი, რომელსაც პოლიტიკურ ოპოზიციასთან მაინცდამაინც დალაგებული ურთიერთობა არ აქვს. ამასთანავე, ოპოზიცია ფაქტიურად შემავსებელია.
„ის პროცესი, რასაც ზურაბუშვილი ცდილობს, უფრო წარმატებული უნდა ყოფილიყო. აქ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, თავისი ფუნქცია აქვს და მისი ფუნქცია ისაა, რომ საპროტესტო ტალღა რამენაირად შეინარჩუნოს - ეს ერთი ნაწილია და მეორე ისაა, რომ ოპოზიცია მუდმივად გაერთანებაზე ლაპარაკობს და ამაზე კი არა, ერთობლივ ღონისძიებებზე უნდა იყოს საუბარი. როცა ერთობლივი ღონისძიებებია, მაშინ შესაძლოა უფრო მოხდეს მობილიზება პოლიტიკური აქტივის სამოქალაქო აქტივთან ერთად.
„არის მესამე ნაწილი, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხის საპროტესტო რაოდენობა. ეს შეეხება ოპოზიციურ მედიასშუალებებს და იმას, რომ ოპოზიცია გამუდმებით აგებს საინფორმაციო ომს, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რომ ხალხს ვერ კრებს", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ვინ იგებს საინფორმაციო ომს გარე და შიდა ფლანგზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყნის გარეთ საინფორმაციო ომს „ჯერჯერობით ოპოზიცია იგებს", ხოლო შიდას აგებს.
„ქვეყნის გარეთ საინფორმაციო ომს ჯერჯერობით ოპოზიცია იგებს, რადგან, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" ამ კომპონენტს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ უთმობს. ამ დროს კი ოპოზიცია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საერთაშორისო გამოცემებში, თუ საექსპერტო წრეებში გაჩნდეს „ქართული ოცნების" მადისკრედიტირებელი მასალები და გარკვეულწილად შედეგსაც აღწევს.
„თუმცა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მათ შიდა საინფორმაციო ომი ვერ მოიგეს. რაც არ უნდა ილაპარაკონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია იზღუდება, ჟურნალისტები იზღუდებიან და ა.შ., ვხედავთ, რომ ქვეყანაში მინიმუმ ხუთი ოპოზიციური ტელეარხი თავისუფლად მაუწყებლობს, აღარ ვთვლი ოპოზიციურად განწყობილ ონლაინ გამოცემებს და ა.შ. მედიასივრცე ოპოზიციას ფაქტიურად გახსნილი აქვს.
„მიუხედავად ამისა, ისინი ვერ ახერხებენ შიდა საინფრმაციო ომის მოგებას, რადგან ეს რომ მოეხერხებინათ, მაშინ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი გაიზრდებოდა, როგორც, მაგალითად, ამას 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" წინ „რუსთავი 2" ახერხებდა. იმ საინფორმაციო გადაცემების ნარატივი, შინაარსი და პათოსი, რაც ჩვენს საზოგადოებას ოპოზიციური მედიებიდან მიეწოდება, ჩემი დაკვირვებით, იმდენად აგრესიული, ცალსახა და ყოველგვარი კრეატივის გარეშეა, რომ უბრალოდ ესაა ხისტი ნაჯახისებური საინფორმაციო პოლიტიკა. ეს კი საზოგადოებაში ისეთ განწყობებს ვერ ქმნის, რაც ამ ტელევიზიებს უნდათ.
„როდესაც საინფორმაციო კამპანიაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის და მისი ექსპერტების დაწყებული საინფორმაციო კამპანია, რომ საქართველოში ეკონომიკა ჩამოიქცეოდა და ა.შ., პრინციპში მარცხით დამთავრდა და ამანაც იქონია გარკვეული ზეგავლენა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ასევე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია შიდა პროპაგანდას აგებს, ხოლო მოგებულ გარე საინფორმაციო ომს ვერ თარგმნის შიდა კაპიტალიზაციის კუთხით.
„ხალხის არშეკრების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ოპოზიცია შიდა პროპაგანდას აგებს და როცა პროპაგანდას აგებ, რა თქმა უნდა, ტალღა ისეთი ვერ იქნება. ამასთანავე, არ ხდება რაღაც კრეატიული იდეების, ან თუნდაც პოპულისტური, მაგრამ რაღაც ასეთი თემების შემოტანა და ძირითადად ლაპარაკობს იმაზე, რომ ხელისუფლებას პრორუსული და ანტიდასავლური მიმართულება აქვს. ეს ტრიალებს და აქედან რა მერე? თვითონ ამ თემამ აქტუალობა და მოულოდნელობა დაკარგა და ოპოზიციამ უნდა იფიქროს ვითარება როგორ გააგრძელოს. უფრო აქტიურები უნდა იყვნენ ერთობლივადაც და ცალკ-ცალკეც.
„გარღვევა იქნება, თუ ოპოზიცია ზურაბიშვილთან ერთად შეთანხმდება და ჩრდილოვან კაბინეტს შექმნის, რომელიც ჩამოყალიბდება იმაზე, თუ რას აპირებს ადგილობრივ არჩევნებში. ეს ყველა ფაქტორი გათვალისწინებული უნდა იქნას. არჩევნები ჩვენთან არ არის მხოლოდ არჩევნები, არჩევნები მობილიზებას იძლევა, ოპოზიციას კი დღეს მიბილიზება სჭირდება.
„თვითმმართველობის არჩევნებთან ასეთი რადიკალური და ცალსახა მიდგომა, რომ მონაწილეობას არ მივიღებთო, ესეც სწორი არაა. თუ არ იღებ მონაწილოებას, მაშინ რას და როგორ აპირებ, ისიც უნდა თქვა. რადიკალური ქმედებებისთვის არც საზოგადოებაა მზად და არც ოპოზიცია.
„გარე საინფორმაციო ომს რა თქმა უნდა ოპოზიცია იგებს, მაგრამ ამ მოგების შიგნით კაპიტალიზაცია არ ხდება, ამას ვერ ახერხებს ოპოზიცია. კი ლაპარაკობს იმაზე, რომ სანქციები იქნება და ა.შ., მაგრამ რადგან ეს ყველაზე სუსტი მხარეა და პროპაგანდისტულად ვერ ახერხებს ამის კაპიტალიზაციას, ეს ყველაფერი განცხადებების დონეზე რჩება. ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მიიტანონ არა მხოლოდ განცხადებით, არამედ პროპაგანდის საშუალებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე