ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება. დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა 16 მაისს მოაწერა. მთავარი ცვლილება ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებს, სხვა უცხოელებისაგან განსხვავებით, რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდან არ მოეთხოვებათ. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და რა პოლიტიკური გათვლა აქვს კრემლს?
ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს.
„რუსეთს თავისი გეგმები აქვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან. რუსეთის გეგმებში კი ჩადებულია, ვთქვათ, არჩევნები, ეკონომიკა, ტრანსპორტი... ალბათ დღის წესრიგში ეს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებაც ჰქონდათ.
„ეს არ არის მთავარი, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა გადადგა ეს ნაბიჯი. როცა საჭიროდ ჩათვალეს, მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება. ტრაგედია ის არის, რომ აფხაზებსა და ოსებს ძალიან უჭირთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება იმის ფონზე, რომ რუსები ამას ამარტივებენ. თქვენ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთოთ განაცხადი და მოითხოვოთ პასუხი, გამოჩნდება რამდენი ადამიანი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას და რამდენს ეუბნებიან უარს. 10-დან 8-ზე უარია. ამ დროს რუსეთი გამარტივებული წესით აძლევს მოქალაქეობას აფხაზებს.
„რუსები ასევე მათ ხელს უწყობენ მსუბუქად და იოლად რუსულ უნივერსიტეტებში ჩაბარებაში. ჩვენთან კი უაღრესად გართულებულია ეს პროცესი. ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი აზრით, რუსეთის მიზანი აფხაზებისა და ოსების მაქსიმალური ინტეგრირებაა, რათა ქართულ მხარეს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა დაინტერესების ყველა შესაძლებლობა გამოაცალოს:
„რუსეთს სჭირდება აფხაზებისა და ოსების მაქსიმალურად ინტეგრირება, რათა ქართულმა მხარემ ვერ მოახდინოს მათი დაინტერესება საქართველოში დაბრუნებით. ის კომისიაც, წულუკიანის კომისიაც, ამაზე მუშაობს - რომ გადააბრალოს ყველაფერი საქართველოს. ერთი სიტყვით, მიდის გამალებული ანექსია ამ ტერიტორიებისა."
კითხვაზე, რა შედეგი ექნება ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალქეობის მიღების გამარტივებას, გვპასუხობს:
„აფხაზები და ოსები კიდევ უფრო მეტად ჩაერთვებიან რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო მარტივად იმოგზაურებენ, მოახერხებენ იქ ფეხის მოკიდებას, ქონების შეძენას, განათლების მიღებას, სამსახურის წამოწყებას. შესაბამისად, უფრო მეტად ინტეგრირებული იქნებიან რუსეთში, ვიდრე საქართველოში. მომავალში, როცა „ოცნება" აღარ იქნება, როცა საქართველოში მოვა სხვა ძალა, აღმოჩნდება, რომ ეს ხალხი იმდენად გარუსებული და გაუცხოებულია, რომ საქართველოს მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ. ერთ სიტყვით, ისინი უფრო მეტად ინტეგრირებული იქნებიან რუსეთთან."
რა წერია განკარგულებაში
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მოქალაქეობის მისაღებად ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებმა განაცხადით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.
„მთავრობამ დაადგინოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის პროცედურა იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებულია ამ დადგენილების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მისი გაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.
გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე