
სტამბულში რუსეთ-უკრაინის ფაქტობრივად ჩავარდნილი მოლაპარაკების შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ უფრო ხისტი და რადიკალური გახდებოდა, მითუმეტეს, რომ რუსულმა დელეგაციამ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე მოსკოვმა არარეალისტური მოთხოვნები წამოაყენა. თუმცა, ამის ნაცვლად, ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ითხოვს.
მოსალოდნელ შეხვედრას ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები უკრაინისთვის კატასტროფად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ტრამპი პუტინის ანკესს წამოეგება და კიევს დათმობაზე წასვლას აიძულებს. თავად შეხვედრა კი, მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა 3 კვირაში გაიმართოს.
შეერთებული შტატების ლიდერმა შაბათს „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და ასევე მზად არის გამოიყენოს ბერკეტები მის წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში.
ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკვე დაიღალა ამ ომით.
„მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პუტინთან. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. ჩვენ უნდა შევხვდეთ. ვფიქრობ, ჩვენ, სავარაუდოდ, დავგეგმავთ ამას, რადგან დავიღალე, რომ სხვები მიდიან და ხვდებიან.
„ამასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ სტივ უიტკოფმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. ეს რთული სამუშაოა, ამიტომ, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მე ვარ ის, ვინც შეძლებს ამის გაკეთებას.
„ვფიქრობ, ამას მალე გავაკეთებთ. მიმაჩნია, რომ პუტინი დაიღალა ამ ყველაფრით. ის კარგად არ გამოიყურება, თუმცა სურს, კარგად გამოიყურებოდეს. არ დაივიწყოთ, რომ ეს ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო და ერთ ადგილას რომ არ გაჭედილიყო, კიევში იქნებოდა დაახლოებით 5 საათში", - განაცხადა ტრამპმა.
ამავე ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა.
„მე ძალიან რთული საუბარი მქონდა ზელენსკისთან, რადგან არ მომეწონა, რაც მან თქვა და ეს საქმეს არ ამარტივებს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას არ აქვს კარტები. მას საქმე აქვს უზარმაზარ არმიასთან, მას საქმე აქვს საკმაოდ მამაც არმიასთან, რომელსაც შესანიშნავი შეიარაღება აქვს", - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ დიპლომატიური მცდელობები წარუმატებელი იქნება, მზადაა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს. კერძოდ, მას შეუძლია სანქციები დაუწესოს რუსულ ნავთობს და იმ ქვეყნებს, ვინც მას ყიდულობს, როგორც ამას სენატორების ჯგუფი სთავაზობს ლინდსი გრემის ხელმძღვანელობით. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ამას უკიდურეს საშუალებად მიიჩნევს.
სტამბოლის შეხვედრამდე ტრამპი აცხადებდა, რომ თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებაზე უარს იტყოდა, ის და მისი პარტნიორები მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებდნენ.
„ტელეგრაფის" ინფორმაციით, ოფიციალური კიევი ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის გამო „მოსვენებას კარგავს". გამოცემის ცნობით, უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპი დათანხმდება კრემლისთვის სასარგებლო გარიგებას, რომელიც შემდეგ უკრაინას ფაქტის სახით წარედგინება.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის მონაწილეობის გარეშე პუტინი ეცდება ტრამპის დარწმუნებას, რომ მოლაპარაკება წარიმართოს მისი პირობებით და სთხოვს ზელენსკის დათანხმებას. ისინი შიშობენ, რომ მგრძნობიარე ტრამპი, რომელიც თითქოს რუსეთი მიმართ უფრო კეთილგანწყობილია, დათანხმდება პუტინის წინადადებას.
ასევე „ტელეგრაფი" წერს, რომ უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებით, ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ნაცვლას იმისა, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია, შეუერთდეს ევროპას და მოსკოვს ბევრად უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს, მან გადაწყვიტა „დააჯილდოვოს" თავისი რუსი კოლეგა და პირისპირ შეხვედეს, რასაც პუტინი ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა.
„პუტინმა უარყო პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის არ დააჯილდოებს პუტინის და არ დათანხმდება შეხვედრაზე", - თქვა ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს.
სენატორ ლინდსი გრემს კი მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომელიც იმ ქვეყნებისათვის, ვინც რუსულ ნავთობს შეიძენს, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას, თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ამ კანონპროექტის მიღება უკვე ნაკლებად სავარაუდოა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



