
პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრაქტიკულად დაადასტურა ხელისუფლების ვარაუდი, რომ ის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, გახარია არც ერთ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს და სავარაუდოდ, მზადებაც დაწყებული აქვს. ანალიტიკოსები მის გადაწყვეტილებას აფასებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ მას „ძლიერი საქართველოც" შეუერთდეს.
„ჩემი აზრით, ის პარტიები, რომლებმაც თავის დროზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ასევე, გამორიცხული არაა „ძლიერმა საქართველომაც" არ თქვას უარი", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 16 მაისს განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას თვის ბოლოს გააკეთებს.
„გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება მისი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ არ მიიღონ, ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისათვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ემზადებიან ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალურისთვისაც. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არცერთხელ, არცერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არცერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი.
„მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ა.შ. ეს საუბარი და მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ, თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ბოიკოტი
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეს ფიქრობს, რომ მათ, ვისაც დემოკრატიის და ევროპული სტანდარტების დაცვის პრეტენზია აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
„მე მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, თუ ის დემოკრატიის და ევროპის სტანდარტებს იცავს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუ ეს არ უნდათ, მაშინ შეიარაღებული აჯანყება უნდა დაიწყოს. აჯანყება თანამედროვე სტანდარტი აღარ არის და ამიტომ თხზავენ რაღაცებს, რომ ვითომ არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს ხელისუფლების აღიარებას და ა.შ. ეს არაღიარება უნდათ იმისათვის, რომ საპროტესტო აქციები შეინარჩუნონ. საპროტესტო აქციები კი სჭირდებათ უცხოელებს, თორემ ჩვენს ოპოზიციას არაფერში უნდა, ამათ მხოლოდ პარლამენტში ყოფნა და პოლიტიკური აქტიურობა სჭირდებათ. ქუჩაში პოლიტიკური აქტიურობით ყველა აქტიურია და კიდევ სამზარეულოში. ეს არაა პოლიტიკა", - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძეს კი გიორგი გახარიას გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნია.
„გიორგი გახარიას გადაწყვეტილება სწორად არ მიმაჩნია, რადგან თუ ის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აცხადებს, რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება არელიგიტიმურია, მაშინ იმ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რომელსაც არალეგიტიმური მთავრობა ნიშნავს. თუმცა, მას თავისი გათვლები აქვს და გარკვეულწილად ემიჯნება სხვა ოპოზიციონერებს.
„მას თავისი მიზნები აქვს დასახული და სხვებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. თუნდაც ის, რომ „ქართულ ოცნებასთან" ერთად აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას". ამ გზით სურს, საკუთარ მხარეს ბევრი ადამიანი გადმოიყვანოს. თუმცა, მაინც მგონია, რომ სუფთა თამაში არაა, როდესაც „ოცნებას" და „ნაცმოძრაობას" ერთ ქვაბში ხარშავს, ვინადან, ჩემი აზრით, ამ ორს შორის განსხვავება არსებობს. გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან ის წინასწარ ნიადაგს ამზადებდა", - თქვა ნიკა ჩიტაძემ.
ვინ იქნება შემდეგი
საყვარელიძეს უჭირს წინასწარ იმის თქმა, კიდევ ვინ შეიძლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციიდან.
„მგონი იაგო ხვიჩიას „გირჩი" აპირებს თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მან ეს ადრეც თქვა და დანარჩენი ოპოზიცია გაბუტვის გამო გააკრიტიკა. ჯერჯერობით ადრეა იმის პროგნოზი, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს სურვილი და მიჭირს თქმა. აი, ხომ ხედავთ, ტრამპი დღეში სამჯერ ცვლის გადაწყვეტილებას. ეს იმიტომ, რომ წინასწარი გეგმები ცხოვრებას არ ემთხვევა", - თქვა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ძირითადად ის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანიო ბარიერი ვერ გადალახეს. მათ კი, შესაძლოა" კოალიცია „ძლიერი საქართველოც" შეუერთდეს.
„სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ის პარტიები, რომლებმაც თავის დროზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ასევე, გამორიცხული არაა „ძლიერმა საქართველომაც" არ თქვას უარი, ვინაიდან ისინი ხშირად რეგიონებში ჩადიან და საკუთარ ამომრჩევნებს ხვდებიან. მითუმეტეს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ის გირაო, რაც საგამოძიებო კომისიამ დააკისრა, გადაიხადეს. ანუ, გარკვეულწილად, ამ ხელისუფლებასთან რაღაც კონტაქტში იმყოფებიან. უფრო ნათლად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას. მათ საკუთარი პოზიციები არაერთხელ დააფიქსირეს", - აღნიშნა ჩიტაძემ.
მომგებიანია თუ არა ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობა
რამაზ საყვარელიძე კითხვაზე, რამდენად მისაღებია ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობა ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ამბობს: „მომგებიანი თუ არა, წამგებიანი რითი იქნება?! ქუჩაში დარჩენის გარდა, უარესი რა შეიძლება იყოს?".
ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ეს არჩევნები მომგებიანი არ იქნება და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობა მომგებიანი არ იქნება. ამის პირველი მიზეზი არის დღევანდელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მოგეხსენებათ როგორიცაა; და მეორეც, ოპოზიციას ახლა არ გააჩნია ფინანსები, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოოს. თუ არჩევნებში ჩაერთვებიან, ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აღიარებენ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



