
ხელისუფლება ალტერნატიული არჩევნების ჩატარების ბურჭულაძისეულ ვერსიას არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ დარეკვა პრობლემა არაა, უბრალოდ ეს არჩევნები ვერ იქნება. ამასთან, "ოცნებაში" დასძენენ, რომ ტელეფონით ჩატარებული არჩევნები მსოფლიოში არავის გაუგია, თავად ინიციატორების მტკიცებით კი ამის პრეცედენტი ესტონეთში იყო.
„დავუშვათ ე.წ. არჩევნები ჩატარდა და ე.წ. ცესკო-მ შედეგები დაითვალა. ამ ფარსში, რა თქმა უნდა, ნაცპარტიები გაიმარჯვებენ, შემდეგ ეს ე.წ. არჩეული დეპუტატები რას შვრებიან? ვთქვათ, იმ ე.წ. ცესკო-მ ე.წ. დროებითი მანდატები მისცა, პარლამენტში მიდიან და ადგილებს იკავებენ?" - კითხულობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
15 მაისს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ვარიანტი გამოჩნდა, თუ როგორ ჩატარდეს ალტერნატიული არჩევნები.
„სამართლებრივად ძალიან კარგად წარმოგვიდგენია. ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, ჩვენ გვყავს ის მთავრობა - უზენაესი საბჭო, რომელიც არიას ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელიც ჯერაც არ გაუქმებულა. უზენაესი საბჭოც გვერდში გვიდგას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", მას არავინ ჰყავს, არც პრეზიდენტი ჰყავს, არც ის ორგანო, რომელმაც შეიძლება არჩევნები დანიშნოს. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც „ქართული ოცნების" ქაღალდები.
„ჩვენი ვარაუდით, არჩევნები სექტემბერში უნდა ჩატარდეს. თუ ჩვენ არ ჩავატარეთ, საქართველოში არ იქნება არჩევნები. ბოლო წლებში საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ამიტომ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი დასრულდეს. თუ ჩვენს [ჩატარებულ] არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ჩვენ პარლამენტში შევალთ კი არა ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ეჭვი მეპარება",- განაცხადა ბურჭულაძემ.
„ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ ვინმესთან დარეკვა პრობლემა არაა, უბრალოდ ეს არჩევნებად არ ჩაითვლება.
„ძალიან რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. იცით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად ბოლო მიღწევებით ვატარებთ არჩევნებს და 4 ოქტომბერსაც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება არჩევნები. თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება", - აღნიშნა ბოჟაძემ.
„ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით კი, „თუ ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მიუმატებ, გაამრავლებ სალომე სამადაშვილზე და დაუმატებ ნიკა გვარამიას, მათი ჯამი მაინც ნული იქნება".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ინიციატივა მინიმუმ დისკრიმინაციული და არასერიოზულია.
„ოპოზიცია ძალიან კრეატიულია კლოუნადების წარმოდგენაში, ზუსტად ასეთივეა ვითომ პოლიტიკოსის და თავის დროზე მომღერლის პაატა ბურჭულაძის ეს ტრაგიკომიკური ინიციატივა, რომელსაც შეუძლებელია, რომ სერიოზული შეფასება მიეცეს. დავუშვათ არჩევნებს ატარებენ, ვისაც არ აქვს ე.წ. სმარტფონი და ვინც ვერ ახერხებს აპლიკაციების გამოყენებას, აი, იმ ამომრჩეველს რას უშვრებიან, დისკრიმინაცია ხდება? და ე.წ. შედეგებს რომელი ალტერნატიული ცესკო დაითვლის, ქუჩის აქტივისტებით დაკომპლექტებული?
„სრული ბოდვაა და შეუძლებელია, რომ რეალიზებულ იქნას - ისევე განხორციელებადია, როგორც მანამდე ალტერნატიული პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის იდეები. ვერ ხვდებიან, რომ მათი ამდენი ბრიყვობა მათივე რეიტინგზე მოქმედებს ნეგატიურად. აღარ ვსაუბრობ რუსთაველზე რამდენიმე საათით მობღავლე ახალგაზრდებზე. პაატა ბურჭულაძისგან გაჟღერებული ეს ინიციატივა მოლოდ და მხოლოდ დაცინვას იმსახურებს და მეტს არაფერს",- განაცხადა გია აბაშიძემ.
კითხვაზე, დავუშვათ დათქვეს არჩევნები კონკრეტულ დღეს, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„დავუშვათ ე.წ. არჩევნები ჩატარდა და ე.წ. ცესკო-მ დაითვალა შედეგები, ამ ფარსში რა თქმა უნდა ნაცპარტიები გაიმარჯვებენ, შემდეგ ეს ე.წ. არჩეული დეპუტატები რას შვრებიან, ვთქვათ, იმ ე.წ.-მა ცესკო-მ ე.წ. დროებითი მანდატები მისცა, პარლამენტში მიდიან და ადგილებს იკავებენ? ეს ხომ სრული სიშტერე და საკუთარი თავის თვითგაბანძებაა, რომელიც სხვა ქვეყნებში ოპოზიციურ პარტიებს აზრადაც არ მოსვლიათ, მაგრამ რადიკალური ნაცოპოზიცია ხომ ყველაფერში უნიკალურია, მათ შორის განსაკუთრებით ასეთ ბრიყვობებში.
„საჯარო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას სამართლიანი და ლეგიტიმური პოზიცია აქვს, რომ დაცინვით უნდა შეხედონ, რადგან ნაცები ძალიან გასაცოდავდნენ, ხელისუფლებიდან გვესმის - „უსამშობლოები", „ჩამოქცეულები", „ჩამონგრეულები", შეიძლება კიდევ სხვა ეპითეტებითაც შეამკო. უწინარესაც ცოდონი არიან ნაცპარტიების მხარდამჭერები, რომლებსაც აქვთ სამართლიანი უფლება, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ იყვნენ, მაგრამ ალტერნატივა არის იაფფასიანი კლოუნები და ჯამბაზები - თვითმარქვია პრეზიდენტები, თვითმარქვია ცესკო-ები და თვითმარქვია დეპუტატები",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



