
15 მაისს მთელი მსოფლიოს ყურადღება სტამბოლისკენ იქნება მიმართული, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა პირდაპირი მოლაპარაკებაა დაგეგმილი. მთავარი თემა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაა. კიევი ამაზე მზაობას გამოთქვამს და ახლა მთავარია რას იზამს მოსკოვი. მოლაპარაკების შედეგები რთულად პროგნოზირებადია და ანალიტიკოსებიც ფრთხილობენ ამ თემაზე საუბრისას.
„ძალიან მეეჭვება რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. როგორც ჩანს, პუტინმა წმინდა ცრუ პროპაგანდისტული მანევრი გააკეთა. სულ რომ შედგეს შეთანხმება, მოსკოვი მაინც დაარღვევს", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაიასაიამ „რეზონანსთან".
სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩასვლას არ აპირებს, არაოფიციალურად ცნობილია, რომ რუსულ მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. თუმცა, მოსკოვში ბოლომდე ინარჩუნებენ ინტრიგას და დელეგაციის შემადგენლობას ოფიციალურად არ ასახელებენ.
კრემლის სპესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ როცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან ექნებათ მითითება, მაშინ დაასახელებს დელეგაციის შემადგენლობას.
„ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა პრეზიდენტისგან შესაბამის მითითებას მივიღებთ. მსგავსი მითითება ჯერ არ მიგვიღია", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება".
შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რომელიც, სავარაუდოდ, სტაბოლის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის შემადგენლობაში იქნება, ამბობს, რომ „უკრაინულ მხარესთან სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს განიხილავს".
მისი თქმით, შეხვედრის ადგილს სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულო და თურქეთის ხელისუფლება ადგენენ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე მინიშნება ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თურქეთში შესაძლო შეხვედრის შესახებ, უშაკოვმა უპასუხა, რომ ტრამპი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და იქ სერიოზული საკითხებით არის დაკავებული.
მისი თქმით, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბევრი განცხადება კეთდება, თუმცა „უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია".
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დადებითი მოლოდინები აქვს და ამბობს, რომ „რუსეთ-უკრაინის შესახებ, დღეს, ხვალ ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს".
უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში მზაობას გამოთქვამს, თუმცა ცეცხლის სრული შეწყვეტის პირობით. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
დათანხმდება თუ არა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას
ვახტანგ მაისიას თითქმის გამორიცხავს, რომ სტამბულში შეხვედრისას რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე დათანმხდეს.
„ძალიან მეეჭვება რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. როგორც ჩანს, პუტინმა წმინდა ცრუ პროპაგანდისტული მანევრი გააკეთა. ჯერ ვითომ თქვა, რომ მოლაპარაკებაზე წავიდოდა. როგორც მე ვიცი, ზელენსკი უკვე სტამბოლშია და მზად არის. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის თანახმა იყო პუტინს შეხვედროდა, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რომ პუტინის ნაცვლად ლავროვი და უშაკოვი ჩავლენ. ფაქტობრივად, პუტინმა ამით უპასუხა.
„პუტინმა უარი თქვა ჩავლაზე და სერგეი ლავროვი და უშუკოვი რისი გადაწყვეტილების მიმღები არიან, ეს ცალკე საკითხია. ზელენსკიმ აბსოლუტურად ადეკვატურად თქვა - ყველაფერზე, რაც რუსეთში ხდება, ყველა გადაწყვეტილებას პუტინი იღებსო. ეს მართალაც ასეა", - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
საგარეო ანალიტიკოსი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტა ასე ერთ შეხვედრაზე ვერ მოხერხდება და საჭირო იქნება დამატებითი შეხვედრები და გარკვეული დრო.
„ცოტა რთულია იმაზე საუბარი, დათანხმდება თუ არა რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ არ მგონია ეს საკითხი ასე ერთი შეხვედრით გადაწყდეს, რადგან ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ფეხს ითრევს ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაზე. თუმცა, ბოლო დღეებში მასზე ზეწოლა გაძლიერდა როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპელი მოკავშირეებისგან. რაღაც მცდელობები ალბათ იქნება, მაგრამ სტამბულის ერთ შეხვედრაზე ვერ მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაბიჯები სავარაუდოდ, გადაიდგმევა, რადგან ორივე მხარეს გარკვეული დრო დასჭირდება. განსაკუთრებით უკრაინას, რადგან რუსეთის მიმართ ნდობა როგორც უკრაინელებს, ისე ევროპელებს დაკარგული აქვთ", - განაცხადა კაკაჩიამ.
მოსალოდნელი შედეგები
ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ შეთანხმება რომც მოხერხდეს, რუსეთი მას მაინც დაარღვევს.
„ვერ გეტყვით რა შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ მოსკოვმა უარი თქვა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. სავარაუდოდ, საომარი მოქმედებები გაგრძელდება და უკრაინას აშშ და ევროპა დაეხმარება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება არ შედგება, მაგრამ თუკი ჰიპოტეტურად ამას დავუშვებთ, მაშინ რუსული მხარე ყველანაირად შეეცდება, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეთანხმება დაარღვიოს და მოემზადოს ძალთა გადაჯგუფებისთვის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
კორნელი კაკაჩია ვარაუდობს, რომ თუ რუსეთი შეთანხმებას არ დათანხმდება, მასზე ზეწოლა გაიზრდება.
„თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმება, გაიზრდება ზეწოლა. შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ თუ პუტინი უარს იტყვის, ძალიან მკაცრ სანქციებს დავუწესებთ ევროპელ მოკავშირეებთან ერთადო. ეს იქნება მოსკოვისთვის კიდევ უფრო მძიმე დარტყმა და მის მდგომარეობას უფრო გაართულებს, რომლის ინტერესბშიც არ შედის ამ ომის ასე გაგრძელება, ვინაიდან რაც უფრო დრო მიდის, ამ ომის საფასურად მით უფრო მეტის გადახდა მოუწევს ეკონომიკური კუთხით.
„ვიმეორებ, არ მგონია ასე სწრაფად მოხდეს შეთანხმება და თუ მაინც მოხერხდა (ცეცხლის შეწყვეტა), ბევრჯერ დაირღვევა, რადგან ომის ჩაცხრობა რთულია. ამიტომ ალბათ რაღაც უნდა გაიწეროს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობითა და შუამავლების მეშვეობით", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



