მარიამ ვეკუა
(13.05.2025)

ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბულში დაგეგმილი უკრაინა-რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებები ნამდვილად შედგება, ოღონდ არა უმაღლეს დონეზე. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვიდან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ჩავლენ. აშშ-ის მხრიდან, სავარაუდოდ, მოლაპარაკებას დაესწრებიან პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობა კი ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მანამდე აცხადებდა, რომ პირადად ჩავიდოდა თურქეთში და დაელოდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვოლოდიმირ პუტინს. ეს შეთავაზება პუტინის განცხადების საპასუხოდ გაკეთდა, რომელმაც 9 მაისს თავადვე წამოაყენა ხუთშაბათს თურქეთში უკრაინა-რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის იდეა.

სამშაბათს ამ საკითხზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან სტამბოლში მოსალოდნელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე თავის წარმომადგენელს გამოაცხადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „საჭიროდ ჩათვლის". ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსული მხარე სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს".

მოგვიანებით რუსულ მედიაში, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაჩნდა ცნობები 15 მაისს პუტინის სამუშაო განრიგის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხუთშაბათს პუტინს მოსკოვში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ამის პარალელურად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვიდან სტამბულში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი ჩავლენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ელ რიადში გამართულ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებას სწორედ ლავროვი და უშაკოვი ესწრებოდნენ, ამერიკული მხარე კი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სახით იყო წარმოდგენილი.

უკრაინის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებაში უშალოდ პუტინის მონაწილეობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ტექნიკური და მოსამზადებელი ეტაპების დელეგირება მოახდინოს", მაგრამ უკრაინას ესმის, „ვინ არის საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი". ერმაკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით კი, „მხოლოდ პუტინს შეუძლია ომის გაგრძელების ან შეჩერების გადაწყვეტილების მიღება".

უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯის სახით 12 მაისიდან რუსეთს უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. რუსეთმა ეს წინადადება უგულებელყო და სწორედ ამის საპირწონედ წამოაყენა პუტინმა 15 მაისს სტამბულში შეხვედრის იდეა.

გამოცემა „კიივ ინდეპენდენტის" კითხვაზე, გეგმავს თუ არა ზელენსკი სტამბულში ვიზიტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი არ დაუჭერს მხარს ზავს, ან თუ პუტინი უარს იტყვის დასწრებაზე, უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა:

„ჩვენ მზად ვართ ყველა ვარიანტისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ცალკე ველოდებით პასუხს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით".

პუტინსა და ზელენსკის შორის ბოლო პირისპირ შეხვედრა 2019 წელს პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის სამიტის დროს შედგა.

რას ელის აშშ 15 მაისის შეხვედრისგან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი ორ ლიდერს შორის პოტენციურ შეხვედრასთან დაკავშირებით და მიანიშნა, რომ შესაძლოა, თავადაც დაესწროს შეხვედრას.

„ხუთშაბათის რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მტკიცედ მოვითხოვე მისი ჩატარება. ვფიქრობ, რომ აქედან კარგი რამ შეიძლება გამოვიდეს...

„მე იქ გავფრინდებოდი, თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სასარგებლო იქნება", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამის საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიესალმება ტრამპის თურქეთში შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობას და ამას „კარგია იდეა" უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად ტრამპი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და მისი 3-დღიანი ტურნეს სწორედ 15 მაისს სრულდება.

სააგენტო „როიტერსი" კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 15 მაისს სტამბოლში ჩავლენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი (რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში) და კიტ კელოგი (უკრაინასთან ურთიერთობის საკითხებში).

როგორც „როიტერს" აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირმა განუცხადა, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ რუსეთი დათანხმდება 30-დღიან ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში.

განიხილავს თუ არა კრემლი ცეცხლის შეწყვეტას

13 მაისს გავრცელდა კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, სადაც ამბობს, რომ სანქციების არ ეშინია:

„სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ... შიში არ შეიძლება. ვისაც შიშის გრძნობა გაუჩნდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, „აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს":

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის".

ერთი დღით ადრე კი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ლონდონში, „ვაიმარი პლუს" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გაავრცელეს.

„შევთანხმდით, რომ მივიღოთ ამბიციური ზომები რუსეთის ომის წარმოების უნარის შესამცირებლად კრემლის შემოსავლების შეზღუდვით, „ჩრდილოვანი ფლოტის" ჩამოშლით, ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებით და რუსული ენერგო რესურსების დარჩენილი იმპორტის შემცირებით. შევინარჩუნებთ რუსეთის სუვერენულ აქტივებს ჩვენს იურისდიქციებში მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და არ გადაიხდის მიყენებულ ზარალს", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

12 მაისს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ მიანიშნა, რომ დღევანდელ მოცემულობაშ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია.

„დასავლეთის ქვეყნები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა კიევს სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და რუსეთთან დაპირისპირების გასაგრძელებლად შესვენების საშუალება მისცენ", - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით კი, მოსკოვი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კიევის მოლაპარაკების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

რიაბკოვის თქმით, საჭიროა მხარეებმა აღიარონ „ადგილზე არსებული რეალობა", მათ შორის რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლა, რაშიც, ყირიმის ნახევარკუნძულის გარდა, იგულისხმება უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი ამ ეტაპზე არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას. ზოგადად კი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას განიხილავს, მხოლოდ როგორც ტაქტიკურ პაუზას, რათა გადაჯგუფდეს და განაახლოს შეტევა.

უკრაინის პოზიცია

უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჯერ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.

როგორც ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა სამშაბათს განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი აჩვენებს, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ გაიმეორა უკრაინის პოზიცია - რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა მოხდეს.

„ჩვენი პოზიცია ძალიან პრინციპული და მტკიცეა", - განაცხადა იერმაკმა კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე, - „თუ ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩამოსვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება და რომ რუსეთს არც სურს და არც მზადაა რაიმე მოლაპარაკებებისთვის".

ერმაკი ასევე აცხადებს, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ამას შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს - რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა.

ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე