
12 მაისს უნგრეთში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია ჩატარდა, სადაც სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვიდა.
„მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის - საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია", - ამ სიტყვებით დაიწყო მონოლოგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლაში შესაძლებელი გამოვყოთ ოთხი ასპექტი: ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება უნგრეთთან; საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, და ევროკავშირის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა.
კონფერენციაზე პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ზოგჯერ ბრიუსელის კონკრეტული სტრუქტურები დემოკრატიას თავად ეწინააღმდეგებიან.
„ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ვერ თანხმდება - ასეთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნილი ვეტინგის სისტემა, რომელიც დემოკრატიის მთავარ პრინციპს ეწინააღმდეგება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამბობს, რომ ვეტინგი, ანუ თანამდებობის პირთა შერჩევა სპეციალური კომისიის მიერ, რომელშიც უცხოელებიც შედიან, ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ქართველი ხალხისგან მომდინარეობს.
„გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის გამოსვლის თარგმანს „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ელაპარაკონ დირექტივებით.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციასა და ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე.
„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის.
„მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ელაპარაკონ დირექტივებით, დაუწესონ ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი."
მისი თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც დანარჩენების, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.
„კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც დანარჩენების, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



