თამთა ჩაჩანიძე
(11.05.2025)

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და უბიძგებს იქითკენ, რომ პოლიტიკური ვითარება მისივე სცენარით წავიდეს. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე თვეა თემა აქტუალობას არ კარგავს, მათ შორის "ქართული ოცნებაში" , მის ოპონენტებსა და ანალიტიკურ წრეებში.

კითხვაზე, მიდის თუ არა პოლიტიკური პროცესები ხელისუფლების სცენარით, "მთელ კვირასთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ახლა პარიტეტული ვითარებაა, თუმცა ოპოზიცია საინფორმაციო ომს აგებს და თუ მიდგომებს არ შეცვლის, ძალიან გაუჭირდება.

"რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აწყობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე იყოს ლაპარაკი და არა რიგგარეშე არჩევნებზე. ამიტომაც თავის დროზე ეს თემა მათი შემოტანილია და იმის ნაცვლად, ოპოზიციას მარტივი პასუხი გაეცა, რომ ჩვენ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთო, ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნებია მთავარი და ამაზე უნდა ვიფიქროთო, თავად ოპოზიციაში მყოფმა პირებმა დაიწყეს ამ თემის აქტუალიზაცია, მათ შორის ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა. ხელისუფლების თამაშს ვინ თამაშობს და ვინ არა, მაგის გარკვევა საკმაოდ რთულია. ზოგი მართლა თამაშობს, ზოგს კი პოლიტიკური სიბრიყვით მოსდის. ამიტომაც, ხელისუფლება კმაყოფილი იქნება იმით, რომ მორიგ პროპაგანდისტულ ანკესზე წამოაგოს ოპოზიცია.

"ხელისუფლებას უბრალოდ თემის ჩანაცვლება სურდა და ეს გააკეთა. ეს არც ძალთა გადანაწილებას იწვევს, არც პოზიციების შეცვლას, მაგრამ იწვევს იმას, რომ პროპაგანდისტულად ისევ ხელისუფლება რჩება მოგებული. ოპოზიციამ მსჯელობა მაინც უნდა დაიწყოს იმაზე, თუ რატომ აგებს პროპაგანდისტულად. როდესაც მინიმუმ ორი ტელევიზია გაქვს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, პროპაგანდისტული ომი არ უნდა წააგო. თუ შევადარებთ, ოპოზიციაში პოლიტიკურად გაცილებით უფრო ინტელექტუალი ძალები არიან, ვიდრე ხელისუფლებაში და მაშინ საკუთარ თავს რატომ არ უსვამენ ამ კითხვას და რატომ არ ეძებენ გამოსავალს? სანამ არ გააანალიზებენ, რა ხდება და რატომ აგებენ ამ პროპაგანდისტულ ომს, ოპოზიცია მუდმივად ძალიან მძიმე სიტუაციაში იქნება.

"პოლიტიკურ პროცესს რაც შეეხება, ჩვეულებრივად მიდის, ბოლო პერიოდში პარიტეტული სიტუაცია ჩამოყალიბდა. ოპოზიცია პროპაგანდისტულ ომს აგებს. ამ ომს ადრეც აგებდა, ეს თემა ახლა არ დაიწყო. ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო წინა არჩევნები იმდენად ძლიერად მოგება, რომ ხელისუფლებისთვის გაყალბებაც კი არ ყოფილიყო საკმარისი, ისაა, რომ პროპაგანდისტულ ომს აგებს და ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისეთი თემები შემოდის, რომელიც მათ გაერთიანებასაც ხელს უშლის და სწორ პროპაგანდისტულ მიდგომებსაც. თუ ამას არ შეცვლის, ისევ გაუჭირდება და ძალიან მაგრადაც", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "მთელ კვირასთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინტერესია ადგილობრივ არჩევნებზე რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ლეგიტიმაცია მიეცეს არჩევნებს. მისი თქმით, ოპოზიცია ვერ ახერხებს ვითარების სათავისოდ შებრუნებას და გამოდის, რომ სიტუაცია ხელისუფლების სცენარით მიდის.

"ხელისუფლების ინტერესი ისაა, რაც შეიძლება მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვან, რომ არჩევნები კონკურენტული იყო. თუ არჩევნები კონკურენტული არაა, მისი ლეგიტინმაციაც ეჭვის ქვეშ დგას. "ქართული ოცნება" დაინტერესებულია იმაში, რომ რაც შეიძლება მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. თუნდაც მათ ვერ მიიღონ ვერანაირი ადგილი თვითმმართველობაში, მიიღონ მონაწილოება, რომ არჩევნები იყოს შეფასებული, როგორვც კონკურენტული. ამ ეტაპზე იმის თქმა რთულია, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც საჯარო სივრცეშია, მათ შორის ხელისუფლების მიერ გავრცელებული, გახარიას პარტია და "ლელო" თვითმმართველობის არჩვენებისთვის ემზადებიან (რაც ჯერ კიდევ დადასტურებას საჭიროებს, რადგან ეს პარტიები დიდწილად გამოკიდებული არიან იმაზე თუ რა დირექტივებს მიიღებენ გარედან). რა თქმა უნდა, შიდა-პოლიტიკური მოსაზრებებიც არესებობს, თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღე, პარლამენტში არ შეხვედი და თვითმმართველობას გამოეთიშე, ეს პირდაპირი გზაა მარგინალიზაციისკენ. ამ ეტაპზე 50/50-ზეა შანსი იმისა, რომ იმ მეინსტრიმულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ქვეყანაში ასე თუ ისე პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, მიდის თუ არა პოლიტიკური სიტუაცია ხელისუფლების სცენარით, ანჯაფარიძემ გვითხრა:

"რასაც სიტუაციას ვაკვირდები ყველანაირი კუთხით, ჯერჯერობით ოპოზიცია ვერ ახერხებს პოლიტიკური მოცემულობის ოდნავ მაინც შეცვლას მისთვის სასურველი მიმართულებით და დიდწილად ყველაფერი ხელისუფლების სცენარით მიდის. ხელისუფლების სცენარი ამ შემთხვევაში რა არის, რომ მიაღწიოს ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ და მორალურ გამოფიტვას (თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენით) და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაც სწორედ ამას ემსახურება. 

"გარდა ამისა, თავად ოპოზიციური პარტიებიც თავიანთი აბსოლუტურად გაუთვლელი მოქმედებებით უწყობენ ხელს, რომ მათი მომხრეების რაოდენობა შემცირდეს, მათ მიმართ გაჩნდეს ნიჰილიზმი. იგივე, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი და მისი "წინააღმდეგობის პლატფორმა",ანუ თვითინ ოპოზიციაც კი თავისი მოქმედებებით, ხელისუფლებას ამ ამოცანის შესრულებაში ხელს უწყობს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "მთელ კვირასთან".

„გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა, რომ "თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა ამ დრომდე რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ წუთას ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით".

„მაგალითისთვის, ერთი პოლიტიკური პარტია იძახის, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვინც მიიღებს, ყველა არის დაწყევლილიო; მეორე იძახის, მე ჯერ არ ვიცი, ლეგიტიმაციას არ მივცემო, მაგრამ თან არ ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას; მესამე რეგიონში ოფისებს ხსნის და, საბოლოო ჯამში, არავინ არ ლაპარაკობს, თუ გადის ოპოზიცია არჩევნებზე მოსაგებად, მაშინ რა ტაქტიკით და მეთოდით გადის, რას ჰპირდება მოსახლეობას, ვინ არის მათი კანდიდატი მერობაზე და ა.შ. მე რომ ვუყურებ ამ სიტუაციას, ამ სცენას რომ ვუყურებ, რაც არის, მჯერა შინაგანად, რომ ამ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, „დურდომში", რაც მოწყობილია, „ქართული ოცნება" ფულს გადაიხდიდა. მე მგონია, რომ ამაში ფულს გადაიხდიდა ან ვიღაც ისეთი დეგენერატია მეორე მხრიდან, რომ ამას უფასოდ აკეთებს. შესაბამისად, ველოდებით, სადამდე მივა ეს პროცესი", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე