ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 მაისს ხალხს ისევ მოუწოდებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, რათა „ყველამ ერთად ჩავიბაროთ 26 მაისი". კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებთან ერთად ოფიციალური ღონისძების ჩაშლა სცადოს.
„ძნელი სათქმელია რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი და მე ეჭვი მაქვს, სალომესთვისაც გაუგებარია. არ გამოვრიცხავ, რომ თუ (ახალწვეულთა მიერ) ფიცის მიღების ცერემონია გაიმართა, ჩაშლა სცადოს", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის ვარაუდით კი, 26 მაისს უცხოელი ელჩები, სავარაუდოდ, „გაიყოფიან" - ზოგი „ოცნებასთან" წავა, ზოგი კი ოპოზიციასთან: „სავარაუდოდ, დასავლელი ელჩები ოპოზიციის მიერ გამართულ მიღებაზე მივლენ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების კი - „ოცნების" ზეიმზე. თუმცა, შეიძლება ზოგიერთი არსად არ მივიდეს".
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისი დამოუკიდებლობის სიმბოლოა და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე. ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას, დავუპირისპიროთ ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ.
„რაც მთავარია, გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველანი ერთად - პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა. ყველა ერთად, საქართველოს მოქალაქეები, ჩავიბარებთ 26 მაისს, რადგან 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის მოძრაობამ" უცხოელი მეგობრები მოიწვია.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუკზე" წერს, 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები, საჯარო მოხელეები, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იქნებიან წარმოდგენილი.
პროგნოზები
რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება სცადოს 26 მაისის ოფიციალური ღონისძიების ჩაშლა.
„ძნელი სათქმელია რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი და მე ეჭვი მაქვს ეს ქალბატონი სალომესთვისაც გაუგებარია. ახალი იდეა არ არის, რომ ისინი ეცდებიან 26 მაისის ღონისძიების ჩაშლას. რადგან აღლუმი არ არის, გზის გადაკეტვას ვერ ჩაშლიან. ჯერ ისიც არ ვიცით, წელს რა ტიპის ღონისძიება იქნება. შეიძლება ფიცის დადების ცერემონია იყოს, ასეთი პროცესები გვახსოვს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიკროფონში ლაპარაკობს. თუ იქნება ეს, მაშინ არ არის გამორიცხული სალომე ზურაბიშვილმა ხმის გამაძლიერებელი წამოიღოს, დადგეს და იქიდან მიმართოს ჯარსკაცებს. ახლა ასეთი აზრი მიჩნდება და სხვა სურათის წარმოდგენა რთულია", - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი უფრო გულისხმობდა გარკვეული აქციის ორგანიზებას, ვიდრე რაღაც საზეიმო მიღების გამართვას.
„მე ასე მგონია, რომ აქ უფრო საუბარია კონკრეტულ აქციაზე, რომელიც 26 მაისს იგეგმება და რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ვერ ჩაიბარებს. რაღაც ფორმალური მიღება შეიძლება გამართოს, რომ ელჩები მივიდნენ მასთან და აღიარონ პრეზიდენტად, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად არის მოსალოდნელი. უფრო ვფიქრობ, რომ აქ საუბარია საპროტესტო აქციის ორგანიზებაზე", - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
სად წავლენ ელჩები
რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ დასავლელი ელჩები „ქართული ოცნების" გვერდით დგომას მოერიდებიან.
„ელჩები დაემორჩილებიან თავიანთი ქვეყნების გადაწყვეტილებას. მე მაინც მგონია, რომ ჯერჯერობით შესაბამისი საელჩოები მაინც ცდილობენ, „ქართული ოცნების" გვერდით დადგომა თავიდან აირიდონ და უფრო, როგორც თვითონ ამბობენ, ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ, ანუ ოპოზიციის. პარადოქსიაც ესაა, რომ 2012 წელს ქართველებმა არჩევანი „ოცნების" სასარგებლოდ გააკეთეს, ახლა 2024-შიც და ჩვენი პარტნიორები ხალხის არჩევანს ოპოზიურ არჩევანად მიიჩნევენ. მითუმეტეს, როცა ვუყურებთ, რა ხდება ევროპის ქვეყნებში, როგორ ექცევა ევროკავშირის ელიტა ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და რამდენად სცემს მას პატივს. ვხედავთ, რომ დემოკრატიული ევროპის კავშირი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს არ სცემს. ასეთი რაღაცები ხდება, ისტორიამ უარესი პარადოქსები იცის", - თქვა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ შესაძლოა ელჩები გაიყონ - მათი ნაწილი „ქართული ოცნების" მიერ გამართულ მიღებაზე მივიდნენ, ნაწილი კი - სალომე ზურაბიშვილის აქციაზე.
„შესაძლებელია ელჩები არც „ოცნების" მოწყობილ ღონისძიებაზე წავიდნენ და არც სალომე ზურაბიშვილის. თუმცა, შესაძლოა, უფრო ზურაბიშვილთან მივიდნენ. პრინციპში, ელჩებსაც გააჩნია. აზერბაიჯანის, სომხეთის და ყაზახეთის ელჩები უფრო მოსალოდნელია, რომ მივიდნენ ღონისძიებაზე, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება გამართავს. ევროპული ქვეყნების ელჩები კი, ალბათ, სალომე ზურაბიშვილის მიღებაზე. ან მათი ნაწილი საერთოდ არსად არ მივა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
საზოგადოების მოსალოდნელი რეაქცია
რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ საზოგადოების რეაქცია ამ ყველაფერზე არაერთგვაროვანი იქნება.
„მოსახლეობის დიდმა ჯგუფმა თავისი ძირითადი ტენდენცია უკვე გამოავლინა. „ქართული ოცნების" ამომრჩეველი „ფეისბუკში" და სამზარეულოებში აქტიურობენ და არ გამოდიან ქუჩაში. როგორც თვითონ ამბობენ, ეს იმიტომ, რომ ქვეყანას რთული სიტუაცია არ შეუქმნან და სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე არ დააყენონ. ოპოზიციის მომხრეები პირიქით, ცდილობენ, რომ ქვეყანა კრიზისის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დააყენონ. ეს იმიტომ, რომ მერე უფრო ლოგიკური და მარტივი იქნება ახალი რიგგარეშე არჩევნები, რასაც ითხოვენ. ამიტომ ნებისმიერი რამ, რაც კრიზისს გაამწვავებს, მათი მოთოვნისთვის ხელშემწყობი პირობაა. ასე რომ, კრიზისის გამწვავება მათი ხელწერა იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიზემ „რეზონანსთან".
ნიკა ჩიტაძეის აზრით კი, „ვინც დე ფაქტო ხელისუფლებას მხარს უჭერს ისინი იტყვიან, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ დესტრუქციულ საქმიანობას ეწევა. ხოლო ოპოზიციურად განწყობილები განაცხადებენ, რომ ეს მარტო 26 მაისთან დაკავშირებული არ უნდა იყოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე