ნატალია ჯვარიძე
(06.05.2025)

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა თანამდებობიდან გადადგომა ოფიციალურად მოითხოვა. სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ უკვე მიმართა ქვეყნის ხელმძღვანელობას გადადგომის თხოვნით და იმედი აქვს, რომ ამ თხოვნას დაუკმაყოფილებენ.

გამოცემა „ჩეჩნია სეგოდნიას" („ჩეჩნეთი დღეს") ინფორმაციით, კადიროვს კითხვა დაუსვეს მის გადაყენებასთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რაზეც კადიროვმა ასე უპასუხა:

„მეც მომივიდა ასეთი ხმები. ათას რამეს წერენ. მე კი პირიქით - თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან. სხვას ექნება თავისი ხედვები, თავისი ინიციატივები... იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებენ".

ჩეჩნეთის ლიდერის ამ განცხადებას გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა, რის შემდეგაც მან ახალი განცხადება გააკეთა უკვე საკუთარ „ტელეგრამ" არხზე, სადაც აცხადებს, რომ გადადგომა მასზე არაა დამოკიდებული.

„ბევრმა ვერ გაიგო გადადგომასთან დაკავშირებით ჩემი სიტყვების შინაარსი. მერ არ ვწყვეტ, დავრჩები თუ არა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხემძღვანელის თანამდებობაზე. დიახ, მე შეიძლება ვითხოვო ან შევთავაზო, მაგრამ რასაც არ უნდა ვამბობდე და რასაც არ უნდა ვითხოვდე, ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს - ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს", - წერს კადიროვი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვი თანამდებობიდან გადადგომის სურვილზე საუბრობს. 2017 წელს ერთ-ერთ ინტერვიუშიში მან თქვა, რომ ეს მისი ოცნებაა.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელ ამბობს, რომ გადადგომის შემდგომ ყურადღებას გაამახვილებს ოჯახზე, საოჯახო საქმეებზე და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე „გარკვეული ამოცანების" გადაწყვეტაზე. მან ასევე თქვა, რომ ძალიან დიდხანს იყო ხელისუფლებაში და იმსახურებდა „ხანგრძლივ შვებულებას". თუმცა, ჯერ კიდევ 2023 წელს განაცხადა, რომ კენჭს იყრიდა.

კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან უდგას სათავვეში. ბოლო არჩევნებზე, 2021 წელს, მან ხმების 99,7% მიიღო (ამომრჩეველთა აქტივობა - 94,42%). უფლებამოსილების ვადა მას 2026 წელს ეწურება.

მანამდე, 1-ლ მაისს, კრემლის წყარომ ერთ-ერთ რუსულ „ტელეგრამ" არხს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს „რამზანის ძალიან სერიოზული გადაცდომების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია".

ამას წინ უძღოდა მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დიდ კომერციულ დავაში კადიროვის პროტეჟე გაამტყუნა. საუბარია კომპანია „ვაილდბერიზე", რომლის წილებისთვის ცოლ-ქმარი ბაკალჩუკები იბრძვიან. კადიროვი ქმრის, ვლადისლავის ინტერსებს მფარველობს, ხოლო ცოლს, ტატიანას კი დაღესტნური წარმოშობის მილიარდელი სულეიმან ქერიმოვის ეხმარება. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა ცოლის მხარე და ქმარი, მასთან ერთად კი კადიროვი, ასე ვთქვათ, ხახამშრალი დატოვა.

ეს კიდევ ერთი შიშის მომგვრელი პრეცენდენტია კადიროვისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეეჩვია ყველა დაპირისპირებაში გამარჯვებას და პრობლემებიდან მშრალად გამოძვრომას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე