
აშშ-ის კონგრესმა მიიღო „მეგობარი აქტი", რომელიც „ქართული ოცნების" და მათთან დაახლოებული პირების სანქცირებას გულისხმობს. შემდეგი ნაბიჯი სენატის განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა. „ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ამ აქტის კანონდა ქცევა რომელიმე ამ ეტაპზე დაიბლოკება, ოპოზიცია აქტის მიღებას თავის გამარჯვებად მიიჩნევს, ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ „ოცნებას" გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, ოღონდ ისე, რომ სახე შეინარჩუნოს.
„ეს ძალიან მძიმედ აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ამით ისინი რაღაც პოლიტიკურ სარგებელს მიიღებენ", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ამის შედეგად ხელისუფლება იძლებული გახდება ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს: „გარკვეული დროის შემდეგ იძულებულები იქნებიან რაღაც დათმობებზე წავიდნენ და ეს იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები".
6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი" - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი". კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 349 კონგრესმენმა, 42 წინააღმდეგი იყო, 42-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან კი 34 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი.
კენჭისყრის წინ დებატებისას სიტყვით ხუთი კონგრესმენი გამოვიდა - სამი რესპუბლიკური, ორი კი დემოკრატიული პარტიიდან.
ბრაიან მასტი - პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი, ფლორიდა;
ჯონი ოშესკი - დემოკრატი, მერილენდი;
ჯო უილსონი - რესპუბლიკელი, სამხრეთი კაროლინა;
სტივ კოენი - დემოკრატი, ტენესი;
უორენ დევიდსონი - რესპუბლიკელი, ოჰაიო.
ოთხმა მათგანმა სიტყვით გამოსვლაში მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის" მიღებას, ერთი კი - რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი - შეეწინააღმდეგა.
რას ითვალისწინებს „მეგობარი აქტი"
აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს სანქციების დაწესებას გარკვეულ უცხოელ პირებზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
შეზღუდვები შეეხება სანქცირებული პირების ოჯახის წევრებსაც.
კანონპროექტი ასევე ავალდებულებს პრეზიდენტს დააწესოს სავიზო რეჟიმის სანქციები შემდეგ უცხოელ პირებზე, თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ ასეთი პირები შეგნებულად მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან კორუფციაში ან ძალადობას ან დაშინებას საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებასთან დაკავშირებით:
ნებისმიერი პირი, რომელიც 2014 წლის 1-ლ იანვარს ან მის შემდეგ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ან მმართველოს პოლიტიკური პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირი;
ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელითაა დანიშნული თანამდებობაზე;
თანამდებობის პირების ნებისმიერი უახლოესი ოჯახის წევრი, რომელმაც ისარგებლა მათი ქცევით/მდგომარეობით.
გარდა ამისა, აქტის მიხედვით, სანქციების პოტენციური დაწესების მიზნით, პრეზიდენტმა უნდა დაადგინოს, არიან თუ არა სხვა უცხო პირები, რომლებიც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ჩაერთვებიან საქართველოში მნიშვნელოვან კორუფციაში, ან საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შელახვაში.
პოლიტიკური შეფასებები
„ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მეგობრობასთან კავშირში არაა და პირიქით, შეიძლება მტრობადაც ჩაითვალოს. „ოცნების" დეპუტატის ვლადიმეტ ბოჟაძის შეფასებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი აქტი".
„ჩვენ გულწრფელად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპს, შეასრულოს საკუთარი საარჩევნო დაპირება, რომ დაამარცხოს „დიფ სთეთი". იცით, რომ ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული შეხვედრები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც მზად ვართ ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. თუმცა რაც გუშინ „მეგობარი აქტის" სახით იქნა მიღებული, ამას, რა თქმა უნდა, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს.
„თუმცა უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი აქტი და სურვილი, რომ სიმართლე ტყუილად გამოაცხადონ. ის ბედნიერი სახეები, რაც დღეს ოპოზიციას დილიდან აქვს, ეს ერთი დღის სიხარულად შეიძლება ჩაითვალოს. იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია, რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეზე აყვანის საშუალება გვექნება, რომელიც გვქონდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები ავღანეთშიც და ერაყშიც სწორედ ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ.
„რაც შეეხება იმ უზუსტობებს, რაც ანაკლიის პორტთან მიმართებაში რაღაც კორუფციულ გარიგებებთან და ა.შ. იყო, ეს უბრალოდ ტყუილია და სამწუხაროა, რომ კონგრესმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
„დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კანონად არ იქცევა. რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის, რა საჭიროებებია დღეს მსოფლიოში, მათ შორის მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოოდ კანონად არ იქცევა", - განაცხადა ბოჟაძემ.
ოპოზიცია კი კმაყოფილია კონგრესის გადაწყვეტილებით და აცხადებენ, რომ „მეგობარი აქტი" არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე.
სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება.
„მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს „მეგობარი აქტი". ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი, საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას.
„წარმოუდგენელი რამ მოხდა - 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს. ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა. დღეს ასეთი საკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება. ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება „ოცნებასთან", გაიზიარებს მის ბედს.
„ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში, უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად, რათა ეს წარმატება საერთო დიდ გამარჯვებად გადაიქცეს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ყველაზე მთავარი წინ არის!" - წერს გიორგი ვაშაძე „ფეისბუკზე".
რას ნიშნავს აქტის მიღება
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, „მეგობარი აქტი" გარკვეულწილად დათქმაა, რომლის ამოქმედების შემთხვევაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
„მე ვიტყოდი, რომ კონგრესის მიერ „მეგობარი აქტი" მიღება არის გარკვეულწილად დათქმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესზე. ეს ცალსახად ასეა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, სენატი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის, რომ წარმომადგენელთა პალატაში რამდენმა კონგრესმენმა აქტის მიღებას მხარი დაუჭირა, ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ „ქართულ ოცნებასთან", როგორც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან, ურთიერთობის გადატვირთვა.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ რა განვითარებას მიიღებს ეს პროცესი - დაამტკიცებს თუ არა სენატი, მოაწერს თუ არა მას ხელს დონალდ ტრამპი და დაძლევს თუ არა სენატი და კონგრესი ერთობლივად ტრამპის უარს იმ შემთხვევაში, თუ მან კანონზე ხელი არ მოაწერა.
„მართალია, მოქმედების პირველი აქტი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ჰპოვებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საბოლოოდ, უნდა დაველოდოთ, გადაიქცევა თუ არა ეს „მეგობარი აქტი" კანონად და ამოქმედდება თუ არა ის პუნქტები, რაც იქ არის ჩადებული. ვგულისხმობ სანქციებს „ქართული ოცნებისა" და მასთან დაახლოვებულ პირებზე.
„საკმაოდ მძიმე სანქციებია და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმედ აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე იმ კუთხით, რომ ასე მალე ვერ მოხდება ამ ურთიერთობების გადატვირთვა და გაუმჯობესება, რადგან სანქციები დაეკისრება ჩვენი საზოგადოების წევრთა საკმაოდ ფართო წრეს, რომელიც არ არის მხოლოდ ცალკეული პირები. ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ამით ისინი რაღაც პოლიტიკურ სარგებელს მიიღებენ. აქვე ვიტყვი იმას, რომ „მეგობარი აქტის" მიღებამ და ამოქმედებამ შესაძლოა საქართველოში დესტაბილიზაციის ახალ ტალღას დაუდოს სათავე", - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბიარაძის შეფასებით, „მეგობარი აქტის" მიღება არ იყო გასაკვირი, რადგან „ოცნების" რიტორიკა, ვითომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთვებოდა, შეუძლებელი იყო".
„აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის საერთოდ ვის სჯეროდა, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არა და ვთვლიდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ჩემი აზრით, „ოცნება" რაღაცნაირად ამის გადაგორებას ცდილობდა. ხომ გახსოვთ როგორ ლაპარაკობდნენ - აი, ტრამპი გაიმარჯვებს, მერე ვნახავთ და ა.შ. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
„რა თქმა უნდა, ახლა სენატი დაამტკიცებს და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტიც ხელს მოაწერს, ნუ, თუ რასაკვირველია, „ოცნებაში" არ მოხდება რაღაც კარდნიალური და სერიოზული ცვლილებები. ამ პროცესს დრო დასჭირდება, ჩემი აზრით, არც თუ ისე დიდი დრო, მაგრამ მაინც და შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.
„ოცნების" პრობლემა არის მისივე პოლიტიკა და არა „დიფ სთეითი" - ვითომ ტრამპი და მთელი ამერიკის ხელისუფლება გავლენის ქვეშ არიან და ვერც ქვეყანას და ვერც მსოფლიოს ვერ მართავენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთ რაღაცებს არ პატიობენ. ამიტომ არ მგონია, რომ ამერიკის პოლიტიკაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.
მოუწევს „ოცნებას" დათმობაზე წასვლა?
ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას" გარკვეულ საკითხებზე კომპრომისებზე წასვლა მოუწიოს. მისივე ვარაუდით, ყველაზე რეალურია რეფერენდუმი, რომლის ფარგლებშიც ხალხი აირჩევს, სურთ თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
„მე ვფიქრობ, „ქართული ოცნება" ელოდება გადაიქცევა თუ არა ეს აქტი კანონად. ანუ მას ჯერ კიდევ აქვს დრო იმისათვის, რომ იმუშაოს აშშ-ში - სენატში, მოიშველიოს გარკვეული ლობისტური ჯგუფები, რომ კანონის მიღება დაბლოკოს. მაგრამ დავუშვათ ეს კანონი მაინც იქნა მიღებული - ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას" საკუთარი პოლიტიკის რაღაც დონით კორექტირება მოუწევს.
„ჩემი აზრით, ისინი ნამდვილად ვერ იტყვიან უარს მთლიანად იმ პოლიტიკის შეცლაზე, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ატარებდნენ, რადგან ამას უბრალოდ მათი ამომრჩეველი ვერ გაიგებს და ეს „ოცნების" ელექტორატულ პოზიციებს შეასუსტებს. თუმცა, ალბათ, რაღაც კომპრომისულ გადაწყვეტილებებზე იფიქრებენ.
„ვფიქრობ, ყველაზე მაღალი ალბათობით, „ოცნების" კომპრომისული ნაბიჯი იქნება ახალი არჩევნების, ან პლებისციტის დანიშვნა, რათა ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები. თუ ქართველმა ხალხმა პლებისციტზე თქვა - „არ მივიჩნევთ საჭიროდ თავიდან ჩატარებას" - მაშინ ვის აქვს უფლება, რომ ხალხს თავზე მოახვიონ ახალი არჩევნები?!
„ვფიქრობ ეს თემა საჯარო სივრცეში შემთხვევით არ დატრიალებულა, ანუ პლებისციტის თემა. ამიტომ მე ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ, რადგან ხელისუფლებისთვის ახალი არჩევნების დანიშვნა მაინც უკან დახევად იქნებოდა აღქმული მისი მხადამჭერებისთვის. ვფიქრობ, პლებისციტი შუალედური გამოსავალია, რომელიც „ოცნებას" თავისი პოზიციების შენარჩუნების შანსს უტოვებს იმიტომ, რომ არ მგონია მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რიგგარეშე არჩევნებს მხარი დაუჭიროს.
„ჩემი აზრით, პლებისციტის ჩატარების იდეა დაახლოებით წააგავს იმ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ - თვითმართველობის არჩევნების დროს, თუკი „ქართული ოცნების" ხელისუფლება 43%-ს ვერ გადალახავდა, მაშინ ახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო. „ოცნება" ამაზე დათანხმდა. მაშინაც არჩევნების ლეგიტიმაცია თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ როგორც კი „ოცნებამ" 43% გადალახა, არჩევნების ლეგიტიმაციის თემა მოიხსნა.
„შესაბამისად, თუ პლებისციტის შედეგად მოხდა ისე, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ხელახალ არჩევნებს უარი უთხრა, ავტომატურად მმართველი პარტიის ლეგიტიმაციას წინ აღარაფერი დაუდგება, ვინაიდან არავითარი არგუმენტი არც დასავლეთს და არც ადგილობრივ ოპოზიციას არ ექნება", - თქვა ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ „ოცნებას" დათმობაზე წასვლა მოუწევს და ეს იქნება რიგგარეშე არჩევნები.
„ოცნება" გააგრძელებს ძველ რიტორიკას და ისევ „დიფ სთეითზე" ილაპარაკებენ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ იძულებული იქნებიან რაღაც დათმობებზე წავიდნენ. ალბათ ეს დათმობები უფრო მოსალოდნელია შემოდგომაზე, ვიდრე გაზაფხულზე. ეს იქნება რიგგარეშე არჩევნები. მთავარია ოპოზიცია არ დაიშალოს და შეძლოს პროტეტის გაგრძელება, თუნდაც ისეთი მცირე მასშტაბებით, როგორც აქამდე იყო.
„ვფიქრობ, რაღაც მომენტში შეიძლება „ქართულმა ოცნებამ" უფრო მკაცრი ზომები მიიღოს. ვგულისხმობ იმას, რაც პროტესტის დასაწყისში იყო - დარბევები და ა.შ., მაგრამ ოპოზიციამ და საზოგადოებამ უნდა გაუძლოს. თუ ისინი სალომე ზურაბიშვილთან ერთად რაღაც ქმედით ნაბიჯებს მოიფიქრებენ და გადადგამენ, ეს პროცესს უფრო დააჩქარებს.
„არსებობს რაღაც თემები, რომლებიც ოპოზიციამ ცოტა სხვანაირად შეიძლება განიხილოს, მიაწოდოს საზოგადოებას და რაც მთავარია, იმუშაოს იმაზე, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი თავისკენ გადაიყვანოს", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
გავლენა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე
ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, აქტის მიღება აისახება ქვეყნის შიდა პროცესებზე და სავარაუდოდ, საპროტესტო მუხტი აიწევს.
„მეგობარი აქტის" მიღება ოპოზიისთვის ერთვარი მაშველი რგოლია, რომ მათ გააქტიურონ საქართველოში თავიანთი მოქმედება. ამის პირველი ინდიკატორი იქნება 26 მაისისთვის დაგეგმილი აქცია, რომელზედაც უცხოელებიც არიან მიწვეული. ამ აქტის პირდაპირი არა, მაგრამ რეალურად მისი ირიბი დანიშნულება ის არის, რომ ოპოზიციას გარკვეული სტიმული მისცენ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე.
ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „მეგობარი აქტის" მიღება გავლენას იქონიებს, როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციურ სპექტრზე.
„მეგობარი აქტის" მიღება ოპოზიციას და საპროტესტო აქციებს უფრო მეტ სტიმულს მისცემს, რომ გააძლიეროს თავისი საქმიანობა და შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა. ხელისუფლების შიგნით კი გამოიწვევს რყევებს. აქ არა მარტო მაღალჩინოსნებს ვგულისხმობ, არამედ ყველა დონეზე უკვე დაიწყება რაღაცების გადაფასება. მართალია ეს პროცესი სწრაფად ვერ მოხერხდება, თუმცა ყველა დაიწყებს ფიქრს, რა ურჩევნია - შეინარჩუნოს რაღაც თანამდებობა, ან დავუშვათ, ბიზნესი, თუ გარკვეულწილად გადადგას ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩამოშორდეს არსებულ ხელისუფლებას და ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს. ეს აქტი ასეთ გავლენას მოახდენს როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ სპექტრზე", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



