ნატალია ჯვარიძე
(05.05.2025)

„სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესს იმისთვის, რომ წითელი მოედნის ტრიბუნაზე უკეთესი ადგილი მოიპოვონ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს ევროპულმა ღირებულებებმა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა.

„ჩვენთვის, ევროპაში, მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად გაიმარჯვოს ევროპულმა ღირებულებებმა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა. მადლიერები ვიქნებით ჩეხეთის რესპუბლიკის ამ პოზიციის ევროპულ დონეზე მხარდაჭერისთვის. ევროპა ძლიერი უნდა იყოს, რათა მასში შემავალი ყველა ერის ინტერესები დაცული იყოს", - წერს ზელენსკი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალოტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით, უნგრეთი და ნაწილობრივ სლოვაკეთი ბლოკავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რადგან არ უნდათ რუსეთს აწყენინონ. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა იგივე პრობლემის წინაშე მოლდოვაც აღმოჩნდეს.

„აქ პირველ რიგში იგულისხმება უნგრეთი და ნაწილობრივ სლოვაკეთი. როგორც ჩვენ ვიცით, ევროკავშირის ფარგლებში რაღაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. რა თქმა უნდა, პირველი ვინც ეწინააღდმეგება, უნგრეთია.

მოლდოვასაც შეიძლება იგივე პრობლემა შეექმნას იმის გამო, რომ უნგრეთის მთავრობას არ ენდომება, რუსეთს აწყენინოს. აქედან გამომდინარე, ის თავის ვეტოს უფლებას გამოიყენებს, რადგან რუსეთს არ ენდომება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირისკენ გაგრძელდეს, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა. ეს იმიტომ, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სფეროდ მიიჩნევს.

ასე რომ, მოლდოვაც შეიძლება იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ოღონდ პრობლემა მოგვარებადი შეიძლება იყოს, იმ შემთხვევაში, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთში ვიქტორ ორბანი დამარცხდება. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი უსწრებს, მოქმედ ხელისუფლებას.

როგორც ზელენსკიმ თქვა, დიახ ასეა, ანუ რუსეთს ევროპად თვლიან და ამიტომ აკეთებენ ამას. სწორედ ამ ვეტოს მექანიზმის გამო ვერ აამოქმედა ევროკავშირმა „ქართული ოცნების" მიმართ სანქციები, რადგან სანქციების დაწესებას კონსენსუსი სჭირდება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე