
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დაყოლიების უშედეგო მცდელობების შემდეგ, აშშ რუსეთის მიმართ პოლიტიკას თანდათან ცვლის და ეს ყველაფერი ახლო მომავალში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონკრეტულ გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს. ამ ეტაპზე უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ აშშ ნეიტრალური შუამავლის პოზიციას ცვლის და სავარაუდოდ, გააძლიერებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და სანქციებით მოსკოვზე ზეწოლას.
ასეთ პერსპექტივაზე აშშ-ის პირველი პირები ბოლო კვირეების განმავლობაში პერიოდულად მიანიშნებდნენ ხოლმე. მას შემდეგ კი, რაც აშშ-უკრაინას შორის საბოლოოდ გაფორმდა იშვიათ მინერალებზე შეთანხმება და ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდება, აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა უკვე გარდაუვალიც დახდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას წელს აშშ-სგან 30 მილიარდი დოლარის დამხარების მიღების იმედი აქვს. დასავლური გამოცემები თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ცნობებს აშშ-ში ახალი სანქციების შემუშავების შესახებ და იმასაც წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრამპთან ურთიერთობისას „გათვლებში შეცდა".
გამოცემა „ტელეგრაფის" ინფორმაციით, დონალდ ტრამპი იმედოვნებდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის თუ ბაიდენის პოზიციას შეცვლიდა - უკრაინის მიმართ პოლიტიკას გაამკაცრებდა და რუსეთთან უფრო შემრიგებლურ ტონს მიიღებდა - ცეცხლის შეწყვეტას მოახერხებდა, მაგრამ როგორც გამოცემა წერს, ბოლო დღეებში „ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინის პოზიციით.
„ტელეგრაფის" თანახმად, პუტინს შესაძლოა, რეალურად, სურს ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, მისი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა მისი პოზიციიდან ჩანს, რომ აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებების საპასუხოდ ცდილობს აიძულოს ტრამპი, მიიღოს მისი მაქსიმალისტური პირობები. გამოცემა წერს, რომ წიაღისეულის შეთანხმებამ არა მხოლოდ გააძლიერა ამერიკის დახმარება უკრაინისადმი, არამედ ტრამპმა ასევე თქვა, თუ პუტინი არ დათანხმდება მის სამშვიდობო წინადადებას, ის უკრაინას „იარაღით წალეკავს".
„ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს არ სურდა. მისი პრიორიტეტი იყო დასავლეთიდან უკრაინაში საბრძოლო მასალის მუდმივი მიწოდების აღკვეთა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, როდესაც განიხილავდა შემოთავაზებულს, როგორც ცეცხლის უპირობო შეწყვეტას", - წერს გამოცემა.
რა სანქციებს დაუწესებს რუსეთს
გამოცემა „ბლუმბერგი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს, ვინაიდან ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მცდელობებს აჭიანურებს.
წყაროების ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს. ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ ტრამპს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან დიპლომატიური ძალისხმევები გრძელდება. მათ უარი თქვეს დეტალურად აღწერაზე, თუ რა ვარიანტები განიხილება და აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
სააგენტო „როიტერი" კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, აშშ-ის პოტენციური სანქციების სამიზნეს რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორები წარმოადგენს, მათ შორის „გაზპრომი" და სხვა კომპანიები.
„ეროვნული უშიშროების საბჭო ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებას. ამას ხელი ტრამპმა უნდა მოაწეროს. ეს მთლიანად მისი გადასაწყვეტია", - განუცხადა გამოცემას წყარომ.
აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს?
ამის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის „ეფ-16" ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.
თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული 310.5 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის უკრაინისთვის პოტენციური მიყიდვა „ეფ-16" ტიპის გამანადგურებლებზე პილოტების წვრთნებს, მათ მოვლასა და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას ითვალისწინებს.
თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა.
მხარდაჭერის პაკეტი „ეფ-16" ტიპის გამანადგურებლების მოდიფიკაციასა და განახლებას, პერსონალის მომზადებას, გამანადგურებლების მოვლა-პატრონობას, სათადარიგო ნაწილებს, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კვლევებს მოიცავს.
„შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, ეფექტური პილოტების მომზადების უზრუნველყოფითა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავსებადობის გაძლიერებით, აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ყოვლისმომცველი წვრთნების გზით", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, აშშ მზად არის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს შეიძენენ, 500%-იანი ტარიფები დაუწესოს. მისი თქმით, ამ კანონპროექტს 72 სენატორი უჭერს მხარს.
როგორც „ბლუმბერგი" იუწყება, კანონპროექტის მიხედვით, სანქციები ითვალისწინებს 500%-იან გადასახადს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულობენ.
უკრაინასთან მინერალურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გრემმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებას ისახავს მიზნად.
„მან თავისი იმედგაცრუება გამოთქვა. მე ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, საპატიო და სამართლიანი გზით მსურს. ვფიქრობ, ტრამპი ამის მისაღწევად საუკეთესო ადამიანია, მაგრამ ეს სანქციები ასახავს იმ შეხედულებას, რომ სენატი რუსეთს მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს", - აღნიშნა სენატორმა.
გრემი მიიჩნევს, რომ პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება ომის დასრულების მოლაპარაკებებსა და რუსეთის ეკონომიკის განადგურებას შორის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



