მარიამ ვეკუა
(03.05.2025)

ხელისუფლების ოპონენტები ახალ ფონდს ქმნიან და მისი დაყადაღება ან შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იდეის ავტორთა თქმით, ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. იგი აქციის მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში დაეხმარება და მათ სხვა საჭიროებებსაც დააფინანსებს. რას შეცვლის ახალი ფონდის შექმნა და ზოგადად, რა გავლენა აქვს მსგავს ფონდებს აქციების მიმდინარეობასა და პოლიტიკურ პროცესებზე?

ანონსის თანახმად, ფონდების დაყადაღებიდან ერთი თვის შემდეგ შეიქმნა პირველი დეცენტრალიზებული ფონდი უცხოური ანგარიშით, სახელწოდებით „თავისუფლების ფონდი", რომლის დაყადაღება, იდეის ინიციატორების თქმით, „შეუძლებელი იქნება". ფონდი აქციის მონაწილეთა ჯარიმების გადახდასა და დაკავებულების დახმარებას უზრუნველყოფს. ფონდის შექმნის ინიციატორი ბლოგერი დავით ჭინჭარაძეა, რომელმაც 1 მაისს ფონდის შექმნა დააანონსა.

ფონდის შექმნის ინფორმაცია მალევე გააზიარა ნანუკა ჟორჟოლიანმა და საზოგადოებას სოციალურ ქსელში თანხების ჩარიცხვისკენ მოუწოდა: „ამ ბიჭს შეგიძლიათ ენდოთ ზუსტად ისე, როგორც მე მენდობით."

ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ფონდებს საპროტესტო მუხტზე პოზიტიური ეფექტი ექნება, მეორე ნაწილი კი კონკრეტული პროგნოზისგან თავს იკავებს. ისინი თანხმდებიან, რომ „ოცნება" ახალ ფონდებს მიზანში ამოიღებს, თუმცა ყველაფერი პროცესზე და ფონდის მიზნებზეა დამოკიდებული.

ანონსი, მიზეზები და მიზნები

დავით ჭინჭარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ფონდის შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე საუბრობს:

„ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად.

„ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებითა და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება.

„დღეს ვქმნი „თავისუფლების ფონდს", რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტებისა და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან.

„თანხების შეგროვებისთანავე ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება.

„შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხების მობილიზებისთვისა და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯისა და დონაციის გამჭვირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება.

„გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე.

„ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვისა და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!"

საყურადღებოა, რომ ამ ტიპის ფონდებში თითქმის შეუძლებელია იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც თანხას რიცხავენ, რადგან თანხა ქართულ ანგარიშზე არ ხვდება.

შეგახსენებთ, რომ „საბოტაჟსა და მტრულ საქმიანობაში დახმარების" ბრალდებით პროკურატურამ რამდენიმე ფონდი დააყადაღა. მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ფონდები.

ფონდების გავლენა აქციებზე და პოლიტიკურ პროცესებზე

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ოცნების" მიერ ფონდების დახურვა მათთვის კონტრშედეგის მომტანი იყო და ახალი ფონდების გახსნაც ამის დასტურია.

„ფონდების დახურვამ ხალხი შეაშფოთა. ვინც ქუჩაში გამოდის, მათთვის ეს საკმარისი არგუმენტი არ არის, რომ არ იარონ, თუმცა ახალი ფონდების შექმნა, რომლებიც უფრო დაცული იქნება, გააძლიერებს იმ მოტივაციას, რომ მეტი სიფრთხილით და ადეკვატურობით ღირს გამოსვლა ქუჩაში და ამ შეზღუდული აქციების მხარდაჭერა.

„ფონდების დახურვა ხომ მხოლოდ დახურვა არ იყო, ეს იყო მცდელობა, შემცირებულიყო და გამქრალიყო აქციები. ეს იყო მთავარი მიზანი და ამოცანა, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა „ოცნების" ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული ბუნება.

„ამ ფონზე მათი ამოცანა იმდენად ვერ შესრულდა, რომ კონტრშედეგი მიიღეს - აიძულეს მონაწილეები, გამოსავალი ეპოვათ და უცხოეთში დაერეგისტრირებინათ ფონდი. თუ სხვა ფონდებიც იქნება, კარგი იქნება. მე მგონია, რომ ეს კარგი იდეაა, ისევ და ისევ იმედს უჩენს იმ ხალხს, რომ შეიძლება არ დაჯარიმდნენ და გამოვიდნენ ქუჩაში," - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ ფონდების დახურვას პროტესტზე დიდად არ უმოქმედია.

„არ მგონია, რომ ფონდებს დიდი გავლენა ჰქონდეს საპროტესტო მუხტზე, აქციებზე. როცა ქვეყანაში არის საპროტესტო მუხტი, მას ყველა ვარიანტში ექნება მხარდაჭერა - ფონდებიდან თუ არა, ის მაინც იქნება აქტიური. არ ვფიქრობ, რომ ფონდების არსებობამ დიდი გავლენა იქონია აქციებზე, ეს უფრო ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდის ნაწილია.

„თუ ეს ახალი ფონდები ქმედითი იქნება, გარკვეული გავლენა ექნება - 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა ყველას არ შეუძლია. ხელისუფლებამ სწორედ ამიტომ აწია ეს თანხა ამ დონემდე. ასე რომ, თუ იქნება ფონდი, რომელიც ამ თანხას გადაიხდის, მაშინ ექნება გარკვეული გავლენა, ოღონდ მხოლოდ აქტივისტებზე და არა, დავუშვათ, პროტესტის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შემადგენელზე," - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე განსხვავბულად მსჯელობს და აღნიშნავს, რომ ფონდების დაყადაღებამ აქციებზე ხალხის რაოდენობა შეამცირა, ხოლო შეცვლის თუ არა ახალი ფონდები რამეს პროტესტში, ამას პროცესი აჩვენებს.

„საერთოდ, ფონდების თემა არა მარტო საქართველოშია აქტუალური, ფინანსური მხარდაჭერის თემაა აქტუალურია თუნდაც ტრამპისთვისაც. მან როცა ორგანიზაციები გააუქმა, ეს ზუსტად იგივე ნაბიჯი იყო. რა ფონდი გაგიუქმებია და რა გარანტიის გამცემი ორგანიზაცია, ხომ? მიზეზი კი ის იყო, რომ თანხები მის კონკურენტებში მიდიოდა.

„აქაც, საქართველოშიც, იგივე მოხდა და გაცხადდა კიდეც რამდენჯერმე, რომ ამ ფონდებით ფინანსდება ხელისუფლებასთან ფიზიკური ბრძოლა, არა მარტო მაშხალების სროლა, არამედ ხალხის გამოყვანა საფასურის სანაცვლოდ და ა.შ.

„ფონდების შემცირებამ კი ბუნებრივად შეამცირა აქციებზე ხალხის რაოდენობა. თუკი ფონდების ერთ-ერთი ფუნქცია იყო დაფინანსება იმისთვის, რომ ხალხი გამოსულიყო ქუჩაში, მაშინ ეს ბუნებრივია. რაც შეეხება ახალ ფონდებს, მათი მუშაობა მათ ფუნქციაზეა დამოკიდებული", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

რას დაუპირისპირებს „ოცნება" ახალ ფონდებს

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ოცნება" ფონდებს, რომლებიც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არიან განთავსებული, ვერაფერს უზამს. რამდენიმე ფონდის შექმნას კი მმართველი პარტიისთვის „ცივი შხაპის" ეფექტი ექნება.

„თუ შეიქმნება 5-6 ფონდი, „ოცნებას" გაუჩნდება განცდა, რომ დამშვიდდნენ და დაანებოს თავი ფონდებთან ბრძოლას. ამას ექნება „ცივი შხაპის ეფექტი" - 5-6 ფონდს, რომლებიც დემოკრატიულ სახელმწიფოებში იქნება გახსნილი, ვერაფერს უზამს. ასე რომ, „ოცნებას" მოუწევს უფრო სხვა, ვერაგული, ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული ღონისძიებების გატარება. არც ეს აწყობთ, რადგან ბევრ ადამიანი ამით ფხიზლდება. მათ სჭირდებათ ამომრჩეველი, რომელსაც სჯერა, რომ საქართველო ევროპისკენ მიდის და ადამიანის უფლებებს იცავს. ეს ყველაფერი ბლეფია, თუმცა ფაქტია, რომ ჰყავთ ასეთი ამომრჩეველი.

„ასე რომ, თუ ასეთი ფონდები შეიქმნება, გამრავლდება ქუჩაში გამოსული ხალხი. თუ დაიწყებს დახურვას, შეუმცირდება იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც მისი სჯერა. ადამიანს, როცა მაღალსართულიან შენობაში ხანძარია, სხვა გზა არ რჩება გადმოხტომის გარდა - არის დაღუპვისა და გადარჩენის შანსი. „ოცნება" სწორედ ამ მდგომარეობაშია. ასეთმა ფონდებმა უნდა იარსებონ გრძელვადიან პერსპექტივაში, იმ შემთხვევაშიც, თუ აქციები მიზანს მიაღწევენ," - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ამბობს, რომ თუ ახალი ფონდის ფუნქცია პოლიტიკური ბრძოლაა, მეორე მხარე შეეცდება შესაბამისად უპასუხოს:

„ყველაფერი მათ ფუნქციაზეა დამოკიდებული. თუ ფონდის ფუნქცია პოლიტიკური ბრძოლაა, მეორე მხარეც მალევე ეცდება, რომ მისი ლიკვიდაცია მოახდინოს. თუ ბრძოლაა - იქნება ბრძოლა", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე