ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ბელო პერიოდში ხშირად საუბრობს ხელისუფლებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე. ეს რიტორიკა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაცმოძრაობამ" დატოვა სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილი „წინააღმდეგობის ფრონტი". რეალურად რა დგას ამ განცხადებების უკან და რისთვის შეიძლება ემზადებოდეს „ნაცმოძრაობა"?
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ნაწილი ხაბეიშვილის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ პარტიის ახალი პიარ-კამპანიის ნაწილია და არა რაიმე კონკრეტული გეგმის. ანალიტიკოსთა უმრავლესობაც იმ აზრისაა, რომ ხაბეიშვილი აღარ არის პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები.
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ძალადობრივი აქციების დაგეგმვა ლევან ხაბეიშვილზე დამოკიდებული არ არის, თუმცა ეს ამ პარტიის ხელწერაა ყველგან", - განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
ლევან ხაბეიშვილი ფიზიკური დაპირისპირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საჭიროა დაახლოებით 2000 ადამიანის მობილიზება, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციელის დაჭერასაც კი შეძლებენ.
„პირველი რამდენიმე დღე, როცა ჩვენ ვიყავით შეტევაზე, ისინი იყვნენ თავდაცვის რეჟიმში და იყვნენ ძალიან მძიმე მდგომარტეობაში. ჩვენ ერთადერთი გზა გვრჩება, ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს, ძალას დავუპირისპიროთ ძალა. მე დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ და შემდეგ არის ხოლმე, რომ - რა, ფიზიკურად მოგვიწევს? მოგვიწევს, თავზე ხელი უნდა ავიღოთ.
„მინიმუმ 1000-2000 კაცი უნდა შეიკრიბოს. თუკი მარბიელიც მოდის, ვაკავებთ, ნიღაბს მოვხსნით, ვანახებთ საზოგადოებას ვინ არის და პოლიციას ვეტყვით, რომ დაიჭირეთ. თუ ამას არ გააკეთებს, მაგასაც დავიჭერთ. წინააღმდეგობებია გასაწევი, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ დედაქალაქის გარდა. დედაქალაქშიც გენერალური ბრძოლებისთვის ვართ მოსამზადებელი. ბრძოლაზე ვლაპარაკობ - სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი ხაბეიშვილის და ენმ-ის ასეთ გააქტიურებას კრიტიკულად აფასებს. პარტია „ფედერალისტების" დამფუძნებელმა გიგა ბოკერიამ ამას „პოლიტიკურ ფართხალი" უწოდა.
„რა ხაბეიშვილის მხრიდან ძალის დემონსტრირება, კომიკურია ეს. ივანიშვილის რეჟიმი რას იტყვის, მაგას კი არ აქვს მნიშვნელობა. თავისთავად, ზომიერად საზიანოა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისგან და, მითუმეტეს, იმ პარტიისგან, რომელსაც სახელი აქვს, წინა ხელისუფლების ბრენდი იყო, ბაქი-ბუქი. ეს პირიქით, უძალობის დემონსტრირებაა.
„რეალურად, ეს პროტესტი არ მიჰყავს „ნაციონალურ მოძრაობასა" და ხაბეიშვილს. მიჰყავთ იმ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ვინც ათობით სხედან ციხეში და ვინც ათასობით არიან გარეთ და აგრძელებენ ამ პროტესტს - ეს საზოგადოება არის გამწევი ძალა და არა ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა", ამიტომ მის სიტყვებს უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტიკურ ფართხალს და ახლა ივანიშვილის რეჟიმი რომ გამოიყენებს ამას, ხომ გასაგებია. მაგრამ ვერც გამოიყენებს, იმდენად ბაქი-ბუქია ეგ", - თქვა ბოკერიამ.
რას გულისხმობს ხაბეიშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს, ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება თავდაცვითი ხასიათისაა.
„ეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მოწოდება არ არის. უბრალოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ როცა საუბარია დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, ანუ როცა ძალადობას აქვს ადგილი და ტიტუშკებს აგზავნიან, იმ მომენტში ხალხი უნდა იყოს მობილიზებული, რათა არ დაუშვან ასეთი ფაქტები. მოკლედ, ჩემი აზრით, თავდაცვითი ხასიათის განცხადება გახლავთ", - თქვა ჩიტაძემ.
პეტრე მამრაძე კი, ხაბეიშვილის განცხადებას სერიოზულად ვერ აღიქვამს და ამბობს, რომ ეს მისი მორიგი სკანდალური გამოსვლაა.
„აქ ყველაფერი მის პიროვნებაშია. ამ ადამიანმა საჯაროდ თქვა წყენით - მამა მძღოლი მყავდა და დედა გაზის ინპექტორი და „ნაცები" ამის გამო დამცინიანო... არ მაქვს ისეთი ტანსაცმელი, როგორც მათო. თვითონ თავისი უინტელექტობის გამო სათქმელი რომ არაფერი აქვს და საკრებულოს წევრი იყო, სკანდალებით ახერხებდა მასმედიაში მოხვედრას. მისგან სულ ჩხუბი და ლანძღვა-გინება მოდიოდა. დაახლოებით ისევე, როგორც ნიკა მელიასგან. კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობდნენ საზოგადოებრივ სივრცეში ყოფნას, ეს საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა, როგორც, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი აკეთებს.
„გახსოვთ, როცა ხაბეიშვილი იყო „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდა, რომ თუ სააკაშვილს არ გამოუშვებენ, მე ძალით შევვარდები კლინიკაში და გამოვიყვანო. ახლა ეს რეალური იყო, რომ ხაბეიშვილი ძალით შევიდოდა იქ, სადაც პატიმარია და გამოიყვანდა? არც არაფერი გაუკეთებია.
„ასე რომ, არავითარი სერიოზული გეგმა იმისათვის, რომ მზადდებოდეს რაღაც ძალისმიერი, არ არსებობს. უბრალოდ ამ ადამიანს არ უნდა, რომ ჩაიძიროს და გაქრეს. მას არაფერი გააჩნია გარდა იმისა, რომ მოაწყოს სკანდალები და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები", - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
ემზადება თუ არა ენმ ძალადობრივი აქციებისთვის
ნიკა ჩიტაძე გამორიცხავს, რომ ენმ-ში ძალადობრივი აქციები იგეგმებოდეს.
„მე გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რაღაც ძალადობრივი აქციებისთვის ემზადებოდეს. უბრალოდ, იქ რაღაც უთანხმოება მოუვიდათ და ამიტომ არ არიან „წინააღმდეგობის პლატფორმაში", თუმცა სხვა პარტიებთან კონტაქტს ინარჩუნებენ. აზრთა სხვადასხვაობა, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, არსებობს. ამ შემთხვევაში ეს არის რეალობა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
პეტრე მამრაძის აზრით კი, ლევან ხაბეიშვილზე დამოკიდებული არაა ძალადობრივი აქციების დაგეგმვა.
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ძალადობრივი აქციების დაგეგმვა ლევან ხაბეიშვილზე დამოკიდებული არ არის. თუმცა ამ პარტიის ხელწერაა ყველაგან, რომ ჩაიდინონ რაღაც კანონსაწინააღმდეგო, რაც გამოიწვევს ხმაურს, მერე პოლიცია იძულებული იქნება კანონი აღასრულოს და შემდეგ ამას გადაიღებენ. ამას მოჰყვება ისევ საჯარო განცხადებები, რომ არ წყდება თბილისში რეპრესიები, პოლიტპატიმრები, ძალადობა და ა.შ. ასე მუშაობენ. ამიტომაც არის, რომ მოსამართლემ რაც არ უნდა გამოაცხადოს, მაშინვე ხმაურს იწყებენ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე