თამთა ჩაჩანიძე
(02.05.2025)

7 მაისს „ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დიდი ალბათობით პრემიერ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ. კობახიძე პარტიას უკვე მეორედ ჩაიბარებს. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი ოფიციალურად 25 აპრილს დატოვა, მედიაში ორ კანდიდატურაზე იყო საუბარი - მოქმედ პრემიერსა და დედაქალაქის მერზე, თუმცა კახა კალაძემ ინფორმაცია თავადვე უარყო.

„ქართული ოცნების" წესდების თანახმად, პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას გენერალური მდივანი ასრულებს, ამ შემთხვევაში კახა კალაძე.

„ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. უნდა ითქვას, რომ კახაძე პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და პარტიის დისციპლინის გათვალისწინებით, ის თავს იკავებს კითხვაზე პასუხის გაცემისგან - გახდება თუ არა კობახიძე პარტიის თავმჯდომარე, თუმცა დასძენს, რომ საერთო ინტერესია პარტიას ჰყავდეს ისეთი თავმჯდომარე, რომელსაც „მაღალი ნდობაც აქვს, კარგი რეპუტაციაც, პრაქტიკული გამოცდილებაც, ამასთან, ბრძოლისუნარიანია, გუნდში საქმეს რუდუნებით ეკიდება, ღისეული მამულიშვილია, ამ კომპონენტებით ჩვენ ბევრი გვყავს და გამორჩეულებშია ირაკლი".

„ალბათ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და რა გადაწყვეტილება, არ ვიცი. ეს მოდელი არსებობს ქვეყანაში, რომ პარტიის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი ხდება პარტიის თავმჯდომარე, მე ეს დასაშვებად მიმაჩნია."

ლადო კახაძე გვეუბნება, რომ მისთვის სრულიად მისაღებია, ირაკლი კობახიძემ ორივე თანამდებობა შეითავსოს.

„ჩემთვის ეს მისაღებია, ასეთი მოდელი მუშაობს, მაგალითად, ინგლისში, თანაც ირაკლი პარტიის თავმჯდომარე იყო, საკმაო გამოცდილება გააჩნია, ყველა იერარქიული საფეხური გავლილი აქვს, არცერთი საფეხური არაა, რომელზედაც მას თავისი გამოცდილება არ დაეგროვებინა და წარმატებული გამოცდილებაც. პარტიის თავმჯდომარის დასახელება პოლიტსაბჭოს პრეროგატივაა და ყრილობაზე მერე მსჯელობის საგანი გახდება",-განაცხადა კახაძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლოა კახა კალაძეს ჩააბარონ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი, კახაძემ გვითხრა:

„თეორიული მსჯელობის საფუძველი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მაგრამ პარტიული დისციპლინის გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო იღებს. ამიტომ მე არ ვთვლი საჭიროდ ამ საკითხს ჩავეძიო, რადგან საერთო ინტერესია გვყავდეს ისეთი თავმჯდომარე, რომელსაც მაღალი ნდობაც აქვს, კარგი რეპუტაციაც, პრაქტიკული გამოცდილებაც. ამასთან, ბრძოლისუნარიანია, გუნდში საქმეს რუდუნებით ეკიდება, ღისეული მამულიშვილია, ამ კომპონენტებით ჩვენ ბევრი გვყავს და გამორჩეულებშია ირაკლი. საპატიო თავმჯდომარე გვყავს შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც ვეებერთელა გამოცდილება აქვს, 12 წელიწადია უკვე პარტია პირველობას არ თმობს და ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთანხმება",- განაცხადა კახაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, შეიძლება თუ არა საპატიო თავმჯდომარე გახდეს პარტიის თავმჯდომარე, კახაძემ გვითხრა:

„წესდების მიხედვით, ნებადართულია მხოლოდ იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელსაც პოლიტსაბჭო მისცემს თანხმობას, მე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში არ ვარ", - განაცხადა ლადო კახაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძისთვის პარტიის თავმჯდომარის პოსტის ჩაბარება ლოგიკური იქნებოდა.

„ერთის მხრივ დამსახურებაზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ ის ბოლომდე რეალური იყო, მიზანმიმართულად ატარებდა „ქართული ოცნების" როგორც პარტიულ, ისე პოლიტიკურ ხაზს და პრინციპში, არცერთ მომენტში უკან არ დაუხევია, როდესაც საკვანძო გადაწყვეტილებები იყო მისაღები. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძისთვის პარტიის თავმჯდომარის პოსტის ჩაბარება ლოგიკური იქნებოდა, რადგან თუ ამოვალთ იმ დაშვებიდან, რომ მას მისცეს საშუალება, საკვანძო თანამდებობები საკუთარი კადრებით შეევსო მთავრობაში, ლოგიკური იქნება, რომ პარტიის ხელმძღვანელობა მასვე ჩააბარონ და შესაბამისად, ის იყოს პარტიული ხაზის წარმმართველი.

„თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ლოგიკური იქნება. ჯერ ერთი, მენეჯმენტისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ანუ ირაკლი კობახიძე სრულად იღებს პასუხისმგებლობას, როგორც პარტიის თავმჯდომარე და როგორც პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების" გენერალური ხაზის გატარებაზე."

კითხვაზე, რატომ არა კახა კალაძე, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„კახა კალაძე არის თბილისის მერი, მას თავისი ფუნქცია აქვს. ირაკლი კობახიძისთვის პარტიის თავმჯდომარეობის პოსტის ჩაბარება გაცილებით უფრო მიზანშეწონილია, როგორც პრემიერ მინისტრისთვის, ვიდრე ქალაქის მერისთვის. ძალიან მარტივია განსხვავების დანახვა, პარტიის თავმჯდომარის სტატუსის დონის აწევა",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ კახა კალაძემ პირდაპირ უარყო „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ მისი კნადიდატურის დაყენების შესაძლებლობა.

„პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, ასევე დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - განაცხადა კალაძემ და იქვე მიანიშნა სავარაუდო თავმჯდომარის შესახებაც:

„მხარს დავუჭერთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც პოლიტსაბჭო წარმოადგენს. თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე