პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ამერიკა ჩვენთვის უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხელს მოაწერს, რადგან უკვე საქმის კურსშია.
იგორ კვესელავა: შეერთებული შტატების სენატი და კონგრესი საქართველოს ხელისუფლებისნაირი არ არის. როდესაც ასეთი საკითხები გამოაქვთ, არ იტყვიან ისეთ რაღაცას, რასაც ვერ გააკეთებენ, რადგან ეს პირდაპირ მათ ავტორიტეტს ურტყამს. ტრამპთან შეთანხმებულია, შესაძლოა პირდაპირ არა, მაგრამ მისი თანაშემწეების მეშვეობით, რომ განიხილოს პრეზიდენტმა და სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდეს. ეს იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს, საქართველოს არავინ ებრძვის, არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც კი არ ებრძვიან, არამედ ურჩევენ, თუმცა „ოცნებას" მათთან თანამშრომლობა არ უნდა.
ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები მათთვის დადებით და ჩვენთვის უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს, ანუ მეგობარ აქტს დაამტკიცებენ", - აღნიშნა კვესელავამ.
ამასთან, იგორ კვესელავას მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რაც შეუძლია აკეთებს, თუმცა ოპოზიციის და საზოგადოების გარეშე ბევრი არაფერი შეუძლია.
„ჩვენი ოპოზიცია პოლიტიკურად შეკრული არაა და არ იგრძნობა ერთსულოვანი დგომა. ბუნებრივია, ერთიანი ოპოზიციური მიმართულება უნდა ჩამოყალიბდეს. შესაძლებელია ისინი ზოგიერთ ტაქტიკურ საკითხებში ერთმანეთს არ დაეთანხმონ, მაგრამ სტრატეგიულ ძირითად საკითხში უნდა დაეთანხმონ და ერთად უნდა იდგნენ. რასაკვირველია, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი იყო, ეს სხვა განზომილებაა. ახლა ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების ზოგიერთი ნაწილი ამბობს, რომ ისევ პრეზიდენტია, თუმცა სინამდვილეში მას ეს ადგილი არ უჭირავს და მისი ძალა ახლა უფრო შევიწროვებულია. დღეს ყველაზე მეტად მებრძოლი ოპოზიციონერი ზურაბიშვილია. პრინციპში, თავისი მრწამსიდან გამომდინარე, სხვა გზაც არ აქვს. ასე დარჩება და ამ მიმართულებიდან არ გადაუხვევს. რა შედეგს მოიტანს ეს, მეორე მხარეა, მაგრამ შედეგის მოტანა მარტო არ შეუძლია. ეს ხალხთან და იმ გაერთიანებებთან ერთად უნდა მოხდეს. ეს გზა არსებული ხელისუფლების გადადგომაა. არჩევნებზე საუბარი აღარაა. ამასთან, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინდა საზოგადობას ვკითხო, ვინ აძლევს ოპოზიციას გარანტიას, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს? სად არის ამის გარანტია?
ყოველი დღე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს და ამას აკეთებენ. რამდენად შედეგიანი იქნება, ვერ გეტყვით, თუმცა ცდა აუცილებელია", - აღნიშნა იგორ კვესელავამ.
იგორ კვესელავამ რუსეთ-უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინისადმი იმხელა ინტერესია, ომი ასე უცებ ვერ დასრულდებოდა.
„უკრაინით დაინტერესებულია ამერიკა, რუსეთი, ევროპა და თავისთავად უკრაინა. ასეთ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი. საერთოდ ჯობია, რომ ერთი იყოს დაინტერესებული, ვიდრე ოთხი იმიტომ, რომ ყველას თავისი ინტერესი გააჩნია. როგორც მოგეხსენებათ, ახლა შედგა შეთანხმება უკრაინის ბუნებრივ წიაღისელზე ამერიკის მიერ წვდობის შესახებ. ვინაიდან აშშ-ს თავისი ინტერესები აქვს უკრაინაზე, ომი ასე სწრაფად ვერ დასრულდებოდა, რადგან ეს პოლიტიკური გასროლა იყო. ამ სიტუაციაში ეს სიგნალი იყო იმისა, რომ თუ უკრაინა ბევრ რაღაცას მარტივად დათანხმდებოდა, მაშინ ეს ამერიკისთვის მოსაგები იყო, მაგრამ უკრაინა ასე მალე არაფერს თანხმდება. მინერალებზე რომ დათანხმდა, ეს მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა. ყველაფერს ინტერესები განსაზღვრავს, არავითარი მეგობრობა, ძმაკაცობა არ არსებობს. მხოლოდ ინტერესები, ინტერესები და ინტერესები, ეს ცნობილი ამბავია. ამიტომ ყველამ თავისი მისაღები უნდა მიიღოს, მათ შორის უკრაინამ. როცა რამდენიმე ქვეყანაა, ომის დასრულება ასე მარტივი არ არის. თუ არადა უარყოფითად უნდა დასრულდეს. როცა აფხაზეთში ომი შევარდნაძემ დაიწყო, უარყოფითად დამთავრდა. რატომღაც არავინ ამბობს, თუმცა აფხაზეთში ომი შევარდნაძემ წააგო, როცა შევიდა პირველად და აფხაზებს ომი გამოუცხადა, აქ აგვისტოს ომი არაფერ შუაშია.
ტრამპი არის პიროვნება, რომელიც პოლიტიკურ თეზისებს წამოაყენებს და მერე ელოდება რა რეაგირება მოჰყვება, რომლის შემდეგაც იღებს გადაწყვეტულებას. ეს არის პოლიტიკა და ამიტომ ტრაპის გზა არის გამართლებული", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე