
გერმანიის დაზვერვის სამსახურმა „ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობად გამოაცხადა და მიზეზად მისი ქსენოფობიური პოზიციები დაასახელა. პარტიას ამ ეტაპზე აკრძალვა არ ემუქრება, თუმცა, როგორც დასავლური გამოცემები წერენ, ეს სცენარი გამორიცხული არ არის.
გერმანიის შიდა დაზვერვის სამსახურმა (BfV) პარასკევს განაცხადა, რომ პარტია, რომელმაც თებერვლის ეროვნულ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, კლასიფიცირებულია როგორც „მემარჯვენე ექსტრემისტული ძალა". შესაბამისად, მისი საქმიანობა მკაცრი და გაფართოებული ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.
კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა აღნიშნა მისი „ექსტრემისტული ხასიათი" და განაცხადა, რომ ის „ადამიანურ ღირსებას უგულებელყოფს", განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გერმანიაში ძირითადად მუსლიმური ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები.
„ალტერნატივამ" მკაცრად გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება. პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, შტეფან ბრანდნერმა, განაცხადა: „ეს სრული სისულელეა. აბსოლუტურად არაფერ კავშირშია კანონისა და წესრიგის დაცვასთან - ეს უბრალოდ ბრძოლაა ჩვენს წინააღმდეგ".
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარტია უკვე რამდენიმე რეგიონში გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. ახალი კლასიფიკაცია კი შიდა დაზვერვის სამსახურს საშუალებას აძლევს, პარტიის საქმიანობის მონიტორინგისთვის გამოიყენოს ისეთი მეთოდები, როგორიცაა ინფორმატორების ჩართვა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და სხვა სადაზვერვო ინსტრუმენტები ქვეყნის მასშტაბით.
გასული წლის მონაცემებით, BfV-ის მიერ დაფიქსირებულ 38,800 ულტრამემარჯვენე ექსტრემისტს შორის 10,000-ზე მეტი სწორედ ამ პარტიის წევრია.
დაზვერვის სამსახურის განცხადებით, პარტიაში გავრცელებული ეთნიკური და წარმომავლობის შეხედულებები შეუთავსებელია გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან. მათი თქმით, პარტიის პოლიტიკურმა პოზიციებმა საფუძველი ჩაუყარა უმცირესობების წინააღმდეგ „მუდმივ აგიტაციას" და გააღვივა შიში და მტრობა მათ მიმართ.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა, განმარტა, რომ ეს შეფასება ეფუძნება 1100-გვერდიან, ყოვლისმომცველ და ნეიტრალურ აუდიტს და არ უკავშირდება პოლიტიკურ გემოვნებას.
„ ალტერნატივის" ოპონენტები სულ უფრო ხშირად აყენებენ პარტიის აკრძალვის საკითხს - არგუმენტით, რომ ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას. მსგავსი აკრძალვის მოთხოვნის ინიციატორი შეიძლება გახდეს ბუნდესტაგი, ბუნდესრატი ან თავად ფედერალური მთავრობა.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი, სამშაბათს ბუნდესტაგში გერმანიის კანცლერის ფიცს დადებს, მას შემდეგ რაც მისმა კონსერვატიულმა ბლოკმა თებერვლის ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, პარტიამ პოზიციები ნაწილობრივ მაინც დაკარგა - ბოლო სოციოლოგიური მონაცემებით, „ ალტერნატივა გერმანიისთვის" რეიტინგით პირველ ადგილზეა.
მერცი ახალ, მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას სოციალ-დემოკრატებთან ერთად უხელმძღვანელებს. კოალიციური შეთანხმება კრძალავს ყოველგვარ - როგორც აშკარა, ისე ფარულ - თანამშრომლობას „ალტერნატივა გერმანიასთან".". ეს პოლიტიკა ყველა სისტემური პარტიისთვის დემოკრატიის დაცვის საკვანძო სტრატეგიად მიიჩნევა.
პარტიამ ამჯერად რეკორდული რაოდენობის მანდატები მოიპოვა და თეორიულად, აქვს უფლება, უხელმძღვანელოს რამდენიმე მნიშვნელოვან საპარლამენტო კომიტეტს. თუმცა, ამისათვის მას სხვა ფრაქციების მხარდაჭერა ესაჭიროება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ახალ მთავრობას შეზღუდული დრო აქვს ამომრჩევლის ნდობის აღსადგენად - წინააღმდეგ შემთხვევაში, „ ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელსაც დაახლოებით 51 000 წევრი ჰყავს, შესაძლოა 2029 წლის ფედერალურ არჩევნებში გამარჯვების რეალურ საფრთხედ იქცეს.
პარტიის პოპულარობის ზრდას ექსპერტები უკავშირებენ იმიგრაციის პოლიტიკითა და ეკონომიკური მერყეობის გამო საზოგადოების გაღრმავებულ იმედგაცრუებას. გასული წლის განმავლობაში პარტიამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა - პირველობა მოიპოვა თიურინგიის რეგიონულ არჩევნებში, რაც ნაცისტური ეპოქის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტიამ რეგიონული არჩევნები მოიგო. ანალოგიური წარმატება დაფიქსირდა ორ სხვა, ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონშიც.
დამატებითი იმპულსი პარტიამ მიიღო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლისა და ილონ მასკის ღია მხარდაჭერის შემდეგ - რაც შედეგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგით დასრულდა ულტრამემარჯვენე პარტიისთვის ფედერალურ დონეზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



