„მოსალოდნელი იყო ეს რეზოლუციები და მოსალოდნელია, რომ მომავალშიც ეს პროცესი უფრო მეტად გაძლიერდეს და გამწვავდეს. არამარტო სახალხო პარტია, არამედ სახელმწიფოთა დონეზეც შეიძლება დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღება - როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში, კანადასა და მთელ ცივილიზებულ სამყაროში," - ამბობს ამის კომენტირებისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
„ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს - გასაგებია. ხელისუფლება ბოლომდე ეცდება, იბრძოლოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს არსებული ძალაუფლება და ამასთანავე ფიქრობს, რომ თუ აქ პროტესტი შეწყდება და რუსეთ-უკრაინის პრობლემებიც მოგვარდება, ეს მისცემს საშუალებას, აიძულოს ჩვენი მოკავშირეები მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მას სურს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ასე მოხდება.
„ამ ეტაპზე ხელისუფლებისგან არც რიტორიკის შეცვლას ველოდები და არც სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას. პირიქით - რაც უფრო მასშტაბური იქნება შეტევა, მით უფრო რადიკალური განცხადებები და მეტი რეპრესიაა მოსალოდნელი მომიტინგეთა და დაუმორჩილებელთა მიმართ... გარკვეულ ეტაპამდე. „ვფიქრობ, შემოდგომისთვის ეს თემა ან ასე, ან ისე გადაწყდება. მგონია, უფრო ქვეყნისთვის სასარგებლოდ," - უთხრა ძაბირაძემ „რეზონანსს".
„არ უნდა გაგვიკვირდეს სახალხო პარტიის ეს ქცევა," - განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ. „ - ეს რეზოლუცია სულაც არ მაკვირვებს. მინდა შეგახსენოთ, რომ სააკაშვილის პარტია - ნაცმოძრაობა, რომელიც შესაძლოა აიკრძალოს (და ამის იმედი გვაქვს) - დღემდე რჩება ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებულ წევრად. აქ უკვე, როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია.
„ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სანქციებს, მთავრობის შესაბამის დასჯას და ა.შ., ეს ადამიანები არცერთხელ არ განძრეულან მაშინ, როცა - ხაზს ვუსვამ - ევროპაში, ადამიანის უფლებების დამცველები წერდნენ სრულ „სიმართლეს" ყველაფერზე, რასაც ჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი. საერთოდ, არავინ დასანქცირებულა.
„ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს სახალხო პარტიის ეს ქცევა. და კარგია, რომ ჩვენი ხელისუფლება ზედმეტი დიპლომატიის გარეშე, ადეკვატურად რეაგირებს ამაზე. ასეც უნდა იყოს, თუ გვინდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა ბოლომდე," - განაცხადა მამრაძემ
რა წერია რეზოლუციაში
ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, არის მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე. რეზოლუციაში ასევე საუბარია „ქართუ ბანკის" სვიფტისა და ვიზა/მასტერკარდის ქსელებიდან გათიშვის მოწოდებაზეც.
„[ევროპის სახლახო პარტია] გმობს „ქართული ოცნების" ქმედებებს, ავტორიტარიზმში მის მიმდინარე ვარდნას და რუსული ორბიტისკენ დინებას, მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომელთა სახელებიც აქ ჩამოთვლილია; მოუწოდებს „ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება და დაასრულოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი...
„ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელწმიფოებს დაუყოვნებლივ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე,
„ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის „ქართუ ბანკი" სვიფტისა და ვიზა/მასტერკარდის ქსელებიდან გათიშონ და სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ საქმე..." - წერია რეზოლუციაში
პოლიტიკური შეფასებები
„ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგასვი რეზოლუციები ცხადყოფს, თუ როგორ ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.
„ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მათ ჰქონდათ ილუზია შექმნილი, რომ საქართველო მათი უკანა ეზო იყო. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ატარებს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესს. არაერთი შანტაჟის, შემოტევის, შეურაცხყოფის მიუხედავად, არ მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ," - განაცახდა ჟურნალსიტებთან თბილისის მერმა კახი კალაძემ.
ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე, აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ამბობს, რომ გავლენიანი ევროპული პარტიის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაის გამოხატულება.
დააკმაყოფილებს თუ არა სახალხო პარტიის მოთხოვნებს ევროკავშირი?
ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია უფრო მასშტაბური სანქციები დააწესონ, ვიდრე სახალხო პარტია ითხოვს:
„გარკვეულწილად - შესაძლოა. მაგრამ აქ უფრო მასშტაბურ სანქციებზეა ლაპარაკი, ვიდრე სახალხო პარტია ითხოვს. ეს პროცესი მიდის იმ მიმართულებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები მკაცრ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუმცა, დასავლეთში ასე სწრაფად არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, რუსეთთან ომი უკვე მესამე წელია გრძელდება და ახლახან ახალი სანქციების პაკეტი მიიღეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ერთჯერადად, სწრაფად მოხდება - რა თქმა უნდა, ასე არ იქნება. თუმცა არც სამი წელი გაგრძელდება. ცხადია, გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად მიიღებენ."
პეტრე მამარძეც არ გამორიცხავს რომ ევროკავშირმა ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს:
„რთული სათქმელია. ნაწილობრივ რომ დააკმაყოფილოს, არც გამიკვირდება - ჩვენ ხომ ვნახეთ, რა ხდება ამ წლების განმავლობაში ევროკავშირში და რამდენად გაისმა სრულიად აბსურდული მოთხოვნა: „თქვენ გამოუშვებთ სააკაშვილს და გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, ან დაიტოვებთ სააკაშვილს და მერე ნახავთ ევროკავშირს, როგორც საკუთარ ყურებსო," - როგორც ერთმა ყოფილმა ევროპარლამენტარმა თქვა.
„თუ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სააკაშვილის გამოშვება/არგამოშვებაზე წყდება - ქვეყნისა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია - ვინ იფიქრებს ასეთ პირობებში გაწევრიანებაზე? ეს გააუქმეთ, ის გააუქმეთ და შეხვალთ ევროკავშირში-ასეთები ისმის, რაც სიცრუეა."
კითხვაზე, გაიზრდება თუ არა წნეხი დასავლეთიდან თუ დაიწყება დიალოგი, გვპასუხობს:
„ნაკლებად ველოდები, რომ რაღაც რეალური წნეხი იყოს - ისეთი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ. გავიდა ამდენი თვე, და იმის ფონზე, რაც მოიმოქმედეს, „ოცნების" პოზიციები მხოლოდ გამყარდა, ხოლო ე.წ. ოპოზიცია - მათთვის ოპოზიცია - დაქვეითდა და დასუსტდა," - განაცხადა მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე