საგარეო უწყება რეფორმას მართლაც აპირებს, თუმცა ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. მანამდე შესაძლო დიდ საკადრო წმენდასთან დაკავშირებით მედიაში მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ თანამშრომლებისთვის მიწერილი ვრცელი წერილი გავრცელდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უქმდება ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი და დასავლური პოლიტიკის ერთგულ 250 პირს ათავისუფლებენ.
სამინისტრო, რომელმაც ამ თემაზე ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაავრცელა, აცხადებს, რომ რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
„რეზონანსის" შეკითხვები ამ და სხვა საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა, ამიტომ ამ ეტაპზე უცნობია ცვლილებების დეტალები, მათ შორის ის, იგეგმება თუ არა თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება.
მანამდე მედიაში გავრცელდა წერილი, რომლის მიხედვით, დაიწყო მუშაობა საგარეო უწყების რეფორმაზე, რადგან „ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, ძლიერი საგარეო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას მოითხოვს". რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდება რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
რეფორმის ფარგლებში გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ, ამოქმედდება არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი, გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები, შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს.
წერილს ოპოზიციაში ეხმიანებიან, მათი შეფასებით, ამით „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს საგარეო სამინისტროს პრიოროტეტს. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, ოპოზიციაში ხელოვნურადაა ატეხილი აჟიოტაჟი.
„ეს მტკივნეულია „ნაცებისთვის", რამეთუ ისინი დღემდე არიან ჩაბუდებულნი საქართველოს სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში პირველ, მეორე, თუ მესამე პირებად და საბოტაჟს უწევენ სახელმწიფო ინტერესებს ნაცსექტის სასარგებლოდ. ეს ნამდვილად აღსაკვეთია", - აცხადებს აბაშიძე.
წერილის თანახმად, თანამშრომლებმა მიიღეს სამინისტროს სტრუქტურის პროექტი და ინფორმაცია რეორგანოზაციის შესახებ.
„სამსახურებრივი სარგებლობისთვის გიზიარებთ, სამინისტროს სტრუქტურის პროექტს, რომელიც დამტკიცდება შესაბამისი პროცედურების დასრულების და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ," - წერია წერილში.
„ნაცოპოზიციური პარტიები რასაც იტყვიან, ყველაფერი პირიქითაა, მათი ხანმოკლე ტყუილების არავის სჯერა, ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში, როდესაც პირველი პირი მიდის, რეორგანიზაციას აცხადებს და ამაში საგანგაშო არაფერია. მაკა ბოჭორიშვილი რასაც აკეთებს, ესაა კადრების გადანაწილება, იგივე გააკეთა მარკო რუბიომ, იგივე გააკეთა ევროკავშირის საგარეო უწყებაში კაია კალასმა და ა.შ.
„ეს მტკივნეულია ნაცებისთვის, რამეთუ ისინი დღემდე არიან ჩაბუდებულნი საქართველოს სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში პირველ, მეორე, თუ მესამე პირებად და საბოტაჟს უწევენ სახელმწიფო ინტერესებს ნაცსექტის სასარგებლოდ. ეს ნამდვილად აღსაკვეთია.
„თუ დონალდ ტრამპმა და მარკო რუბიომ გამოაცხადეს, რომ ტოტალური წმენდა აქვთ დიპლომატიურ სამსახურში, რა გასაკვირია, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ღირსეულმა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს? დიპლომატი დიპლომატია, მაგრამ პოლიტიკური დღის წესრიგვის გამავრცელებელი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ოპოზციური, თუ მმართველი პარტიის მხრიდან, ის უნდა აღიკვეთოს. დიპლომატი თუ ხარ, სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურო, თუ პარტიულ ინტერესებს ემსახურები, ეს უკვე უმძიმესი დარღვევაა საგარეო სამინისტროში მყოფთათვის.
„საბა ბუაძე და გრიგოლ გეგელია არიან, რუსეთში ფულისმკეთებელი მამუკა ხაზარაძის მონები, მეტი სხვა კომენტარი არ მაქვს. ამ მთავრობაში რომელი მინისტროც ჩაატარებს რეორგანიზაციას, მივესალმები, რადგან მათ ხალხი ენდობა, მმართველი პარტიის ამომრჩეველი კი უმრავლესობაა", - განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
რას ამბობს ოპოზიცია
„ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში იგეგმება - საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან - გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. გაკვეთილი კი ისაა, რაც ჩერჩილმა დიდი ხნის წინ თქვა, „ნიანგთან ზავი მხოლოდ იმაზე გამოდის, ბოლოს შეგჭამს თუ არა", - განაცხადა „ძლიერი საქართველოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, რომელიც ყოფილი დიპლომატია.
„გასაოცარი იყო ჩემთვის დუმილი, რომლითაც დიპლომატიური სამსახური ხვდებოდა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას, რომელიც აშკარად და დაუფარავად მიდის უკვე წლებია. განსაკუთრებით დამაყრუებელი იყო მათი სიჩუმე, როდესაც პირველ ჯერზე, აგენტების რუსული კანონის ინიცირება მოხდა. სიჩუმე, როდესაც კანონი მიიღეს.
„ვაფასებ ყველას, ვინც 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის განაცხადზე საპასუხოდ სწორი ნაბიჯი გადადგა, ქვეყნის ერთგული დარჩა და გააპროტესტა ევროპული მომავლის გაუქმება. მაგრამ დიდხანს თუ გაჩუმდები, ნიანგი უბრალოდ მოგვიანებით შეგჭამს. წესით გაკვეთილია ყველასთვის, ვინც ხედავს, რომ რუსეთის მსახურებას აიძულებენ და დღემდე ჩუმადაა", - თქვა სამადაშვილმა.
„ლელო - ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით კი ამ ქმედებით, „ქართულმა ოცნებამ" დეკლარირებულად განაცხადა, რომ „ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს და შესაბამისად, აღარ იმსახურებს დირექტორატის დონის სტრუქტურულ ერთეულს სამინისტროში".
„მსურს საზოგადოებას გავაცნო საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გუშინ ღამით გახდა ცნობილი. "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს! ამ მოქმედებით, ბოროტმოქმედმა რეჟიმმა უკვე ფორმალურად, დეკლარირებულად განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს ამ საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს, და შესაბამისად, აღარ იმსახურებს დირექტორატის დონის სტრუქტურულ ერთეულს სამინისტროში.
„ეს ფაქტი არის ევროპული გზის ოფიციალურად და დეკლარირებულად გაჩერება. არავითარი მზადება და არავითარი 2030 წელს სადმე შესვლა, ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია. "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებას კურირებდა და მართავდა "სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" - "ქოცებმა" ჯერ ეს უმაღლესი სტრუქტურა გააუქმეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში "ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი" შექმნეს და ახლა უკვე ამასაც აუქმებენ, რაც ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი დიდი კრახი და ერთ დროს უმნიშვნელოვანესი სამინისტროს მოსპობის მცდელობაა!
„ევროპული დირექტორატის" გაუქმებასთან ერთად, „ქართული ოცნება", მისი თვითგამოცხადებული მინისტრის ხელით, პოლიტიკურ წმენდას იწყებს სამინისტროში! სამინისტროდან ათავისუფლებენ 250 ადამიანს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება შემდგომი წმენდა და სამინისტროს თანამშრომლების 30-40% შემცირება. საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 წლის განმავლობაში პირველად ტარდება ამ მასშტაბის რეორგანიზაცია. ე. წ. მინისტრის მიერ წამოწყებული რეორგანიზაცია, სინამდვილეში პოლიტიკური რეპრესიებია.
„სამინისტროდან ათავისუფლებენ ასობით თანამშრომელს ვინც ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ამ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაიცვეს საკუთარი სამშობლო, ეროვნული ინტერესი, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ხალხის მიერ ისტორიულად დეკლარირებული საგარეო კურსი - სწორედ ხელმოწერის პასუხად, ბოროტმოქმედი რეჟიმის ვასალმა, ბოჭორიშვილმა, გამოაცხადა ბართლომეს ღამე.
„ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ღიად ჩადგა მტრის ინტერესების გატარების სამსახურში, რომლის დროსაც საქართველომ დაკარგა ყველაზე მეტი სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე მეტი დაფინანსება, ყველაზე მეტი მოკავშირე, და ყველა ის შანსი და შესაძლებლობა, რაც ჩვენს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს ისტორიულად ჰქონდა.
„საგარეო სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის პარლამენტში, თავდაცვის სამინისტროში და სხვა, უკვე გათავისუფლებულია ჯამში 900-ზე მეტი კეთილსინდისიერი, პატრიოტი საჯარო მოხელე.
„მინდა თითოეულმა პირმა, ვისაც დღეს რუსული რეჟიმის რეპრესია შეეხო იცოდეს, რომ სულ მალე ეს რეჟიმი დამარცხდება, ხოლო მათი ცოდნა, კომპეტენცია და პატრიოტული შემართება, ჩვენს ქვეყანას მუდამ დასჭირდება. ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუყოვნებლივ დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს!"- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე