თამთა ჩაჩანიძე
(30.04.2025)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია, თუმცა ეს არის ე.წ. უხეში დათვლებით. უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის შეფასებით, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს.

დარახველიძემ, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

სამი კომიტეტის გაერთიანებულმა სხდომამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

"რომ შემოდიან, ცდილობენ მერე ევროპაში გავიდნენ. საქართველო გამოიყენონ, როგორც შუამავალი ქვეყანა. სხვათა შორის, ჩამოდიან თავიანთი მანქანებით, ქირაობენ ბინებს. შენგენის ქვეყნებთან კი გვაქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ საქართველოს მოქალაქე უნდა იყო და ესენი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მათი მიზანია, რომ აქ შემოვიდნენ, გაჩერდნენ, ზოგი ხელს აწერს და ისე იღებს მოქალაქეობას",- აცხადებს "რეზონანსთან" დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე, არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით.

რომელი ქვეყნებიდან შემოდიან არალეგალები და რა იზიდავთ მათ საქართველოში

დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ძირითადად ახლა შემოდიან ინდოეთიდან, აფრიკის, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებიდან.

"ეს ხალხი ძირითადად ინდოეთიდან შემოდის. ინდოელებს არ აქვთ უვიზოდ შემოსვლის უფლება და ძირიადად ეგენი არიან, თუმცა არის სპეციალური სასწავლო ვიზა, ამით შემოდიან, მერე რჩებიან, ძირითადად სამედიცინო სასწავლებლებში სწავლობენ. არიან ასევე აფრიკის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით გაიზარდა სირიიდან და არაბული ქვეყნებიდან. ესაა, რაც ჩვენ მონაცემი გვავს, თორემ ზუსტ მონაცემებზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უნდა ვკითხოთ. ჩვენ გვაქვს ის მონაცემები, რაც უბრალო დაკვირვების შედეგადაა.

"რუსებისთვის ღიაა ვიზა, თავისუფლად შემოდიან, ადრე დაკეტილი იყო საზღვარი არ უშვებდნენ, ახლა არის, დღეს უკვე შეიცვალა სიტუაცია და ურთიერთობები. ძალიან ბევრი მოდის უკვე ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახები, უზბეკები, მათგან ძალიან ბევრი ტაქსისტებად მუშაობენ.

"შემდეგ რომ შემოდიან, ცდილობენ მერე ევროპაში გავიდნენ. საქართველო გამოიყენონ, როგორც შუამავალი ქვეყანა. სხვათა შორის, ჩამოდიან თავიანთი მანქანებით, ქირაობენ ბინებს. შენგენის ქვეყნებთან კი გვაქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ საქართველოს მოქალაქე უნდა იყო და ესენი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მათი მიზანია, რომ აქ შემოვიდნენ, გაჩერდნენ, ზოგი ხელს აწერს და ისე იღებს მოქალაქეობას, შეთანხმებით კორუფცია ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა სულაბერიძემ.

დემოგრაფმა უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ახალი მექანიზმი ინერგება და რომლითაც უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა ქვეყანაში შემოშვების გარეშე, სახელმწიფო საზღვარზე მოხდება.

„თავშესაფარი რომ მისცე, მოთხოვნები სხვადასხვაა - თანხა რამდენი აქვს დანაზოგი, ვისგან აქვს მოწვევა და ვბევრი რამ და ჩვენთან ამ მოთხოვნებს რა პრინციპებს ჩაუდებენ, ვერ გეტყვით",- განაცხადა სულაბერიძემ "რეზონანსთან".

არალეგალების რაოდენობა "უხეში დათვლებით"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება.

„მათ [მიგრანტებს] სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასოც რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს - მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია - შეიძლება მეტიც იყოს. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს", - განაცხადა დარახველიძემ.

რას ითვალისწინებს უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებული ახალი მექანიზმი

უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში ახალი მექანიზმი ინერგება, რომლის ამოქმედების შედეგად, რიგ შემთხვევებში, უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე - საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოხდება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გათვალისწინებით, განცხადება საზღვრის პროცედურით ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში განიხილება: - თუ არსებობს განცხადების დაუშვებლად ცნობის ან დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები; თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის; თუ პირი გაძევებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო.

განცხადების საზღვარზე განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა 28 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით, საჭირო იქნება სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაბამისი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„განსაკუთრებით პრობლემა უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა. როდესაც უკრაინის გარკვეული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, მათ შორის პენიტენციური დაწესებულებები იყო. დაიწყო ციხეებიდან გარკვეული რაოდენობის პატიმრების გათავისუფლება. ეს ადამიანები პირდაპირ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოვიდნენ. მათ მხოლოდ ციხიდან გათავისუფლების დოკუმენტი ჰქონდათ. რუსეთი მათ უკან არ იბრუნებდა და ეს ადამიანები ნეიტრალურ ზონაში დარჩნენ.

უსაფრთხოების სამსახურს გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, რომ ქვეყანაში მათი შემოშვება გარკვეული საფრთხის შემცველი იყო.ეს ადამიანები საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდნენ და ჩვენ არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნდა. თუ უკან დაბრუნდებოდნენ, ომში ჩართვა მოუწევდათ.

"საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მოითხოვს, რომ ადამიანები თავშესაფრის ეფექტური სისტემით უზრუნველვყოთ. ამიტომ საქართველოს ამ პირების ქვეყანაში შემოშვება მოუწია. რა თქმა უნდა, დაწესდა კონტროლი მათ გადაადგილებასა და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ქურდობისთვის ნასამართლევი პირები არ იყვნენ - მათ საკმაოდ რთული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.

"მაშინ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს დავუსვით კითხვა, თუ რა უნდა გვექნა და ასეთ დროს რა იყო გამოსავალი. მათი მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ქვეყნებს აქვს პრაქტიკა საზღვარზე საკითხის განხილვის ისე, რომ პირი ქვეყანაში არ დაუშვას, თუმცა უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირობებით", - განაცხადა დარახველიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე