მარიამ ვეკუა
(29.04.2025)

ევროკავშირმა შეიძლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, გადახედოს საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და „გაყინოს" კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისგან ჯერჯეობით თავს იკავებს. ამის პარალელურად კი ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან კონტაქტების აღდგენასაც განიხილავს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.

29 აპრილს „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში მარტა კოსმა ბევრ საინტერესო კითხვას პასუხი გასცა. მისი თქმით, ევროკავშირი „ფრთხილობს" და არ სურს საქართველოს „დაკარგვა". ამის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელმა „კარგად იცის რა არის გასაკეთებელი ურთიერთობის გასაუმჯობესლებლად", თუმცა „პრობლემებს ემალება და თვალს არ უსწორებს".

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს განცხადებები მიუთითებს, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ მნიშნელოვანი აზრთა სხვადასხვაობაა საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხზე. კოსის ინტერვიუ კი შესაძლებელია აღვიქვათ, როგორც ერთგვარი მინიშნება და მოწოდება „ქართული ოცნებისათვის" ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ნაბიჯების გადასადგმელად.

რა თქვა ევროკომისარმა

„ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ", - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.

„შეიძლება ვთქვათ, რომ უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) - შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი, ასე რომ, შეიძლება, ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ამის შესაძლებლობები არსებობს, თუმცა ამ ვითარებაში ძალიან ვფრთხილობთ", - განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, ბრიუსელმა სცადა სანქციების დაწესება, თუმცა ეს არ გამოვიდა, რადგან წევრ ქვეყნებს შორის არ იყო ერთსულოვნება: „დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს და არ გამოგვივიდა, მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები."

განსაკუთრებით საინტერესო იყო ჟურნალისტის კითხვა, განიხილავს თუ არა ევროკავშირი „ოცნებასთან" მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას.

„ყველაზე მარტივია - არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია - 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე", - განაცხადა კოსმა.

მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე - „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში?" - კოსმა განაცხადა:

„ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ. შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება", - განაცხადა ევროკომისარმა.

კოსმა ისიც თქვა, რომ, „ქართული ოცნებისადმი" კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ევროკავშირისთვის მიუღებელია საქართველოს „დაკარგვა".

„ვერ მივიღებ, რომ შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს", - თქვა მარტა კოსმა.

„ოცნების" რეაქცია

საინტერესო იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პასუხი კოსის განცხადებაზე.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველო არსად იკარგება - არის იქ, სადაც ვართ და ვართ ნაწილი, თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციისა, მათ შორის იმ ევროპისა, რომელიც თანამედროვე გაგებით არსებობს თავისი დემოკრატიით და ადამიანის უფლებების დაცვით. ამ ყველაფრის თანაშემოქმედია ქართველი ხალხი ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკიდან დაწყებული.

„რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელში ძალიან კარგად იციან, რა დამოკიდებულება, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ. ამიტომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი - უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ მოხდეს საქართველოში ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება, არჩევნებში ჩარევა, რასაც, სამწუხაროდ, ვხედავდით. ზუსტად ამის მიმართ აქვს ქართველ ხალხს საკუთარი პრეტენზიები. ამიტომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ველოდებით შესაბამის ნაბიჯებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავარი გზავნილები და მინიშნებები

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კოსის განცხადებებში რამდენიმე ასპექტს გამოყოფს, რომლებიც, მისი შეფასებით, განსაკუთრებით საყურადღებოა.

„არაფერი იმალება კოსის სიტყვებში. ორი მომენტია: პირველ რიგში, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ხალხს უფრო დააზარალებს და ეს არ შეიძლება იყოს სასურველი - არ იქნება კარგი და, პრინციპში, საზოგადოების განწყობასაც უფრო ევროპულს ვერ გახდის. ამიტომ ეს სწორი შენიშვნაა, რომ ეს ხალხს დააზარალებს და სიფრთხილე და ფრთხილი პოლიტიკის გატარებაა ამ ვითარებაში საჭირო.

„თუმცა, კანდიდატის სტატუსს რომ გაგვიყინავენ, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ - ეს სრულიად გასაგები იქნება. ისეთი ქვეყანა, ისეთი ღირებულებების მატარებელი ხელისუფლებით, რომლის ხელშიცაა დღეს საქართველო, ნამდვილად არ შეიძლება ევროკავშირის წევრი იყოს. ასეთ ქვეყანას იქ არავინ მიიღებს, რადგან ერთი ადამიანის ახირებებზეა ყველაფერი დამოკიდებული და შეუძლებელია, ასეთ ქვეყანას ევროინტეგრაციაში წინსვლა ჰქონდეს.

„საინტერესოა ერთი მომენტიც: რატომღაც ხელისუფლების მომხრეებს გაუხარდათ, და ჩემი აზრით, სულ ტყუილად. პირიქით - უნდა დაფიქრებულიყვნენ. მე არასდროს ვიზიარებდი აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგენლობა არ უნდა ელაპარაკოს. მე ვფიქრობ, უნდა ელაპარაკონ და კარგად უნდა ჰკითხონ და ათქმევინონ, რა უნდა ამ ხალხს, რას ითხოვენ და ამის მიხედვით იმოქმედონ.

„ჩვენც ვნახავთ, რა სურთ რეალურად. თორემ, ისინი რომ არ ელაპარაკებიან, ესენი თავიანთ მომხრეებს შეთქმულების თეორიებს უყვებიან - „იმედი ", „პოს ტვ" რაღაც ზღაპრებს გადასცემენ. ამიტომ ამ კონტაქტებს მე მივესალმები. იქნებ გავიგოთ, რას ეძახის „ოცნება", მაგალითად, სუვერენიტეტის ხელყოფას", - განაცხადა ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო პოზიცია, აღიაროს თუ არა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია, თუმცა მათ არ სურთ „ხიდების დაწვა" მმართველ პარტიასთან.

„კოსის განცხადებაში აშკარად იკითხება, რომ ევროკავშირს, მიუხედავად ყველაფრისა - მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მიუღებელია ის, რაც ხდება საქართველოში (ვგულისხმობ იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს მმართველი პარტია) - მაინც არ სურს „ქართულ ოცნებასთან", როგორც მმართველ პარტიასთან, ხიდების დაწვა. ამაზე მიუთითებს კოსის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ არ გამორიცხავენ მაღალი დონის კონტაქტების აღდგენას, თუმცა ეს დაიწყება დაბალი დონის კონტაქტებიდან.

„მე მაინც მგონია, რომ - როგორც არაერთი ევროპელი ექსპერტი აღნიშნავს - ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია იმაზე, აღიარონ თუ არა 2024 წლის არჩევნები ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად. მე შემიძლია არაერთი წყაროს მოყვანა: ევროპაში ამაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებებია, მიუხედავად იმ საჯარო განცხადებებისა და რეზოლუციებისა, რაც ჩვენ ვიხილეთ.

„ამიტომ, რომ შევაჯამოთ - ეს განცხადება, რაც კოსმა გააკეთა, არის ერთგვარი სიგნალი „ოცნებისთვის", რომ ჩვენ, ევროპაში, არ გვინდა თქვენთან ხიდები დავწვათ და მოდით, თქვენც გადმოდგით შესაფერისი ნაბიჯი, რომ შევძლოთ ურთიერთობების აღდგენა", - ამბობს ანჯაფარიძე.

კითხვაზე, რითია გამოწვეული კოსის მიერ გამოყენებული სიტყვები „ამ ვითარებაში ფრთხილი პოლიტიკა" ანჯაფარიძე გვპასუხობს:

„ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ჩამოუყალიბებელი პოზიციით, არამედ იმ გეოპოლიტიკური კონიუნქტურით, რაც ყალიბდება რეგიონში. ევროპას არ სურს, რომ საქართველო მოხვდეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ძალიან დიდია შეშფოთება, რომ რუსეთი აძლიერებს თავის გავლენებს საქართველოში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს - ეს მეორე საკითხია, თუმცა ევროპაში ასეთი აღქმები ნამდვილად არსებობს.

„როგორც კოსმა განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა საქართველო დავკარგოთ" და ეს არის პასუხი ყველაფერზე - ანუ, ევროპას არ უნდა ხელი გაუშვას საქართველოს, მის ამჟამინდელ ხელისუფლებასთანაც კი. მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ამიტომაც ფრთხილობენ და არ იღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ

ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს ხელისუფლების მოლოდინებსა და ევროკაშირის მოთხოვნების მნშვნელობაზე, ხაზგასმით ამბობს, რომ ამ ეტაპზე „ოცნებაში" ევროკაშირის მოთხოვნებთან კომპრომისის ნიშნები არ ჩანს, კონკრეტული პროგნოზების გაკეთებისგან კი თავს იკავებს.

„საქართველოს ხელისუფლება ელოდება, უპირველეს ყოვლისა, რომ ევროკავშირმა მოახდინოს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმაცია, ეს ერთი. მეორე - ელოდება, რომ თანდათანობით მოხდეს კონტაქტების აღდგენა. მესამე - სანქციების შერბილება ან მოხსნა, და, როგორც იტყვიან, ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება.

„თუმცა არ დაგვავიწყდეს ევროკავშირის მოთხოვნები და მოლოდინები - საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, რომ ევროკავშირის მხრიდან მოხდეს ის, რაც მე თქვენ მოგახსენეთ. რაზე იქნება მზად „ოცნება", რა კომპრომისებზე - ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რამდენად მზად არის კომპრომისული ნაბიჯებისთვის. ყოველ შემთხვევაში, კომპრომისული ნაბიჯების გადადგმის მზაობა ამ ეტაპზე „ოცნებას" არ აქვს, ასე ჩანს. თუ ვინმე ელოდება, რომ „ოცნება" უკან გაიწვევს იმ ცნობილ კანონებს, არ მგონია რომ ეს მოხდეს", -განაცხადა ანჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ თუ გვსურს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დათბეს ურთიერთობა, „ოცნებამ" უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები.

„საქართველოს ხელისუფლებამ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, პირველ რიგში, უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და მეორე - შეწყვიტოს ამ აგრესიული კანონების მიღება და უკან წაიღოს. ეს არის პირველი ნაბიჯი. ამის შემდეგ, შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნებზე იფიქროს, მაგრამ ჯერ ესაა მთავარი. ნორმალიზება ამ საკანონმდებლო ჩარჩოს ფონზე აბსოლუტურად შეუძლებელია", - განაცახდა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე