მთავარი არხი საბოლოოდ დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" და თავად არხში მომუშავე ჟურნალისტები ავრცელებენ. თანამშრომლებს უკვე ოფიციალურად განუცხადეს, რომ არხი მაუწყებლობას 1 მაისიდან შეწყვეტს. სოციალურ ქსელში ჟურნალისტების განცხადებებიც ვრცელდება, რომლებიც არხს საბოლოოდ ემშვიდობებიან.
„დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა. ჩემი და მთავარი არხის თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა," - დაწერა სოციალურ ქსელში მთავარი არხის ჟურნალისტმა თათია წოწონავამ.
მივყვეთ ქრონოლოგიურად: სატელევიზიო მაუწყებლობა 15 თებერვლის დილიდან შეჩერდა, თუმცა, სოციალური ქსელები აქტიურად ფუნქციონირებდა. არხის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიზეზი, თუ რატომაც არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა, მისი თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ შექმნილი ფინანსური კრიზისი იყო.
2024 წლის იანვარში კი გავრცელდა ოფიციალური განცხადება, სადაც „მთავარმა არხმა" ოქუაშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ „გეგმაზომიერად მიჰყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას", ხოლო დახურვას, მათივე თქმით, „ეტაპობრივად ახორციელებს".
იანვრის ბოლოს არხის მაუწყებლობა შეწყდა საზღვარგარეთისა და ასევე რეგიონების სატელიტური მომხმარებლებისთვის. არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ „ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება".
ამის საპასუხოდ ზაზა ოქუაშვილმა გაბუნიას ბრალდებებს „კომიკური" უწოდა და ხაზგასმით თქვა, რომ სურს, „მთავარი არხმა" შეფერხების გარეშე განაგრძოს მაუწყებლობა. ასევე დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არაფერი აქვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე