თამთა ჩაჩანიძე
(28.04.2025)

"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ექსპრემიერი და პარტიის ყოფილი თამჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნდეს "უახლოეს პერიოდში თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ". პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ღარიბაშვილს ყველა კრიტერიუმი უწყობს ხელს, რომ პოლიტიკაში იყოს.

"მაღალი დონის სპეციალისტი, თავისი საკითხების ექსპერტია. შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში ვიხილოთ",- განაცხადა ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი კი კვლავ ვაკანტურია და მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ყრილობა დიდი ალბათობით შაბათს გაიმართება, კანდიდატურაზე კი "ოცნება" "გარკვეულ მოსაზრებაზე თითქმის შეთანხმებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ ღარიბაშვილმა თავმჯდომარეობის პოსტი და პარტია 25 აპრილს დატოვა, მან სპეციალური ბრიფინგი გამართა, რა დროსაც თქვა, რომ ის პოლიტიკიდანაც მიდის.

სად ვიხილავთ ღარიბაშვილს

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ამობს, ნაკლებსავარაუდოა, რომ ღარიბაშვილი ისევ "ოცნებაში" ვიხილოთ, რადგან ჩანს, რომ პარტიის დღევანდელ ბირთვთან არასახარბიელო ურთიერთობა აქვს. ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე მთლად უარი თქვას, ან თუ დაბრუნდა, იყოს "ოცნების" სატელიტი.

"არ მგონია ისევ "ოცნებაში" ვიხილოთ, რადგან ღარიბაშვილი ისე წავიდა, რომ მისთვის მადლობა არც კობახიძეს არ გადაუხდია, პრესკონფერენცია მარტომ ჩაატარა და ამასთანავე, ღარიბაშვილის ბევრი კადრი გაათავისუფლეს. მაშინ რა აზრი ჰქონდა წასვლას, თუ ისევ "ოცნებაში" დაბრუნდება?!

"არაა გამორიცხული, რომ იმის იმიტაციას ახდენდნენ, რომ თითქოს მართლა ნაწყენები არიან, რადგან მერე რომ ოპოზიციაში გადავიდეს, არ იყო მითქმა-მოთქმა და არ ჰქონდეთ ისეთივე ეჭვი, როგორც "ხალხის ძალაზეა". შეიძლება ივანიშვილს ერჩივნოს, რომ ღარიბაშვილისნაირი იყოს ოპოზიციაში, ვიდრე პროდასავლური ძალები.

"საერთო ჯამში, მაინც მგონია, რომ არ დაბრუნდება. ღარიბაშვილის მიზანი იქნება, ის ქონება, რომელიც მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას დააგროვა, შეინარჩუნოს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეც არ გამორიცხავს ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა როგორც გვენეტაძე"რეზონანსთან" აცხადებს, ეს შესაძლოა მას შემდეგ იყოს, რაც "ნაცმოძრაობა" არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

"ვოლსკიმ თქვა, გარკვეული დროის შემდეგო და ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის დამთავრდება საგამოძიებო კომისიის მუშაობა და შემდეგ, კომისიის მუშაობის საფუძველზე, ალბათ პროკურატურა გამოძიებას ჩაატარებს. მჯერა, რომ ახალი "ნიურბერგის" პროცესის მოწმეები გავხდებით, სადაც დანაშაულებრივი ორგანიზაცია - "ნაციონალური მოძრაობა" კანონგარეშედ გამოცხადდება, ანუ მისი ლიდერები და თავად პარტია არჩევნებში მონაწილოებას ვერასოდეს ვერ მიიღებენ, ამის შემდეგ, არაფერი არაა გამორიცხული, რომ პოლიტიკური პროცესები განვითარდეს ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ვითარდება",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

კითხვაზე, ღარიბაშვილს, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ, ვიხილავთ ახალი პარტის ლიდერად, თუ ისევ "ქართულ ოცნებაში", გვენეტაძე არც ერთ ვარიანტს გამორიცხავს და არც მეორეს.

"არც ერთს გამოვრიცხავ და არც მეორეს. ეს დამოკიდებულია მას შემდეგ პროცესებზე, რაც "ნაციონალური მოძრაობა", მისი ნარჩენები და განშტოებები პოლიტიკაში აღარ იქნებიან",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".

რას ამბობენ "ოცნებაში"

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ქართული ოცნების" თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.

„ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც. დღესაც კიდევ ერთხელ, დავადასტურებთ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არამარტო ღირსეული ადამიანი, ქართველი და მეოჯახეა, არამედ მაღალი დონის სპეციალისტი და თავისი საკითხების ექსპერტია. შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში ვიხილოთ. სულ მალე იქნება ყრილობა და, რა საკვირველია იქ შესაბამის განცხადებებს მოისმენთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის ინფორმაციითვე, პარტიის ყრილობა „დიდი ალბათობით, შაბათს გაიმართება". რაც შეეხება პარტიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ვოლსკის თქმით, გუნდი ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებულია.

„ჯერჯერობით თარიღთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. შაბათი - ზოგადად მოსაზრებაა. ალბათ, სწორი იქნება დროულად ჩატარდეს. რასაკვირველია, პოლიტსაბჭოს ახალი წევრიც დაგვჭირდება. პარტიის ხელმძღვანელიც და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებული ვართ და დაველოდოთ იმ დღეს, როცა ეს კომპეტენტური ადამიანის მიერ კომპეტენტური პლატფორმიდან გაჟღერდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე