ნატალია ჯვარიძე
(28.04.2025)

ყირიმის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსულ ტერიტორიებად აღიარება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებელი პირობაა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის საკუთრებად საერთაშორისო აღიარება აუცილებელია", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, კიევის ყველა ვალდებულება უნდა იყოს იურიდიულად უზრუნველყოფილი, ჰქონდეს აღსრულების მექანიზმები და იყოს უვადო. ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი.

„გამოვდივართ იქიდან, რომ კიევის ნატოში არ გაწევრიანება, მისი ნეიტრალური და არაალიანსური სტატუსის დადასტურება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის 1990 წლის დეკლარაციის შესაბამისად, უკრაინის კრიზისის საბოლოო მოგვარების ორი საფუძვლიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება.

მეორე არის კიევში 2014 წლის თებერვლის პუტჩის შედეგად ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმის მმართველობის შედეგების დაძლევა, მათ შორის მისი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ყველაფერი რუსულის - ენის, მედიის, კულტურის, ტრადიციების, კანონიკური მართლმადიდებლობის - საკანონმდებლო და ფიზიკური განადგურებას", - აღნიშნა ლავროვმა.

სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის განცხადებებიდან ნათელია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის გეგმა არარეალისტურია.

„მე ვფიქრობ, რომ რეალურად რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა. ის მაქსიმალურად ცდილობს, შეთანხმება არ შედგეს. მას კარგად ესმის, რომ ისეთი მოთხოვნები უნდა დააყენოს, რომელსაც უკრაინა ვერ შეასრულებს და ვერცერთ შემთხვევაში თავზე არ აიღებს, რადგან ეს მშვიდობა კი არა, არამედ კაპიტულაცია იქნება, რასაც ისინი ითხოვენ.

შესაბამისად, ამის მერე რუსეთი დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ აი, მე მშვიდობა მსურს, თუმცა უკრაინას არ უნდა. ეს არის ძველი, საბჭოური მიდგომა - მოითხოვე მასქიმუმი, რათა მიიღო სასურველი, რეალური შედეგი, მაგრამ თუ ამას ვერ მიიღებ, შემდეგ იტყვი, მე მინდოდა, მაგრამ მეორე მხარეს არა. ეს არის ბურთის მოწინააღმდგის მოედანზე გადატანის მცდელობა, რადგან პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ.

მე არ ვფქრობ, რომ დონალდ ტრამპის შეთანხმება რეალისტურია. ამ შემთხვევაში ის, რასაც ამბობს არის იმაზე ხაზგასმა, რომ ვითომ მას რამე გამოუვა ამ საქმიდან. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული განცხადებებიდან ნათელია, ტრამპისეული ხედვა არარეალისტურია. უბრალოდ მას სურვილი აქვს, რომ თავისი ინიციატივით გავიდეს მოლაპარაკება ბოლოში", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე