გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და რუსეთის მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო.
ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობების შესახებ წინადადებები, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წარადგენს, ძალიან შორს მიმავალია და რომ წამყვანი პრინციპი სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს.
„უკრაინას ამის მიღწევა დამოუკიდებლად, პრაქტიკულად ერთი წლის წინ კაპიტულაციის გზით შეეძლო", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას მაშინაც კი, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შეწყდება და რომ ეს მკაფიოდ იყო გათვალისწინებული კოალიციურ შეთანხმებაში.
„თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და სხვათა შორის, მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო", - აღნიშნა პისტორიუსმა.
მისი თქმით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება. „საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება, საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს მშვიდობას ევროპაში", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, თავისუფლად განახორციელებს სამხედრო ოპერაციას მოლდოვაში, ასევე, საფრთხის წინაშე საქართველოც დგას.
„ბორის პისტორიუსი სავარაუდოდ, გულისხმობდა იმას, რომ რუსეთის უკრაინაში გამარჯვების შემთხევევაში პირდაპირი სამხედრო თავდასხმა მოლდოვასა და საქართველოს ემუქრება.
ყოველ შემთხვევაში რუსეთმა შეძლო საქართველოში ჰიბრიდული ომის მეშვეობით რუსული მარიონეტული პოლიტიკის გამყარება, მაგრამ მოლდოვაში მათ შეუძლიათ პირდაპირ სამხედრო აგრესია გამოიყენონ. თუ მათ უკრაინის სულ მცირე ნაწილის დაკავებაც მოახერხეს.
თუ რუსებმა ნიკოლაევისა და ოდესის მიმართულებაზეც შეძლეს გასვლა, ანუ თუ ეს ორი დიდი საზღვაო ქალაქი დაიპყრეს, იქიდან პირდაპირ გამავალი გზაა დნესტპირსპირეთზე, რომელიც ფაქტობრივად, მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. ოდესიდან მოლდოვამდე სულ რაღაც 100 კილომეტრია. თავის დროზე მე თვითონ მიმგზავრია ამ გზაზე და ვიცი.
ასე რომ, თუ უკრაინის ტერიტორიას რუსეთი დაიპყრობს, სულ თავისუფლად შეეძლება მოლდოვაში სამხედრო ოპერაციების წარმოება. ამას გულისხმობდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას.
რაც შეეხება საქართველოს, აქაც განიხილება სამხედრო მოქმედებები, უბრალოდ მათ შეძლეს ჰიბრიდული ომის წარმოება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
საგარეო ურთიერთობათა ექსპერტის, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, შემდეგ რუსეთი ეცდება თავისი ძველი იმპერიის ან სხვა ნაწილების მიტაცემას, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა.
„ზოგადად, გერმანიის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება საფრთხეების შესახებ, რეალურია. თუ რუსეთს ნება მიეცა, რომ ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართალზე დაფუძვნებული წესრიგი, რომელიც აქამდე იყო და ასევე, ძალისმიერი პიზიციით საზღვრების შეცლა - მიიერთ-მოიერთოს ტერიოტორიები და 21-ე საუკუნეში ანექსია მოახდინოს, ბუნებრივია რუსეთი ამაზე არ გაჩერდება.
შემდეგ ის მოინდონებს თავისი ყოფილი იმპერიის ნაწილების ან სხვა ნაწილების მიტაცებას, როგორც საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა. ასეთ ვითარებაში ისეთი ქვეყნებია მოწყვლადი, როგორიცაა მოლდვა და საქართველო, რომლებიც არც ნატოში და არც ევროკავშირში არიან. სავარაუდოდ, ამაზეა საუბარი, თუმცა გამორიცხული არაა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირში იყვნენ, განხორციელდეს ჰიბრიდული ან სხვა სახის შეტევები. ალბათ ეს საფრთხეები იგულისხმება განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე