"ქართული ოცნება" მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ექვსთვიან მუშაობას აჯამებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, პარლამენტი 89 დეპუტატით სრულიად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ბოიკოტმა კი თავად ოპოზიცია დააზიანა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის 25 ნოემბერს, "ქართულმა ოცნებამ" 11-ე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნო. გასული წლის 26 ოქტომბრის არჩვენების შედეგად კი, 150 კაციან პარლამენტში "ოცნებამ" 89 მანდატი მიიღო, დანარჩენი 61 ადგილი ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას ეკუთვნოდა ამ შედეგებით, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში არიან.
5 თებერვალს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს - "ენმ-დან, "ძლიერი საქართველოდან" და "კოალიცია ცვლილებებიდან", მათ ცესკო-ში სიებიც ჩახსნეს, ხოლო "გახარია საქართველოსთვის" სადეპუტატო მანდატებზე არც უარს ამბობს და არც საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება, პარტიას 12 მანდატი აქვს.
"ოცნების" სიით შევიდა "ხალხის ძალაც", რომლებიც არჩევნების მერე ისევ გამოეყო. მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში გადადიან. ამასთან, დეპუტატებმა ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა 5 თებერვალს განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს, დატოვონ უმრავლესობა და ოპოზიციის სტატუსით გააგრძელონ მუშაობა.
როგორ იმუშავა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია რომ არაა წარმოდგენილი, ეს ნაკლია, თუმცა, პარლამენტი "მასზე დაკისრებულ ფუნქციას ასრულებს".
"პარლამენტმა იმუშავა ისე, როგორც იმუშავა. გასაგებია, სადაც არაა წარმოდგენილი ოპოზიცია და არ მიდის დებატები, ეს პარლამენტისთვის ნაკლია, მაგრამ, ეს თავად ოპოზიციის ბრალიცაა, რომელმაც შესვლაზე უარი განაცხადადა, პასუხისგებლობის წილი მასზეც მოდის, თუ რატომაა პარლამენტი ნაკლული შემადგენლობით.
"პაპუაშვილს შეიძლება დაეთანხმო იმაში, რომ პარლამენტი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს, ანუ კანონებს იღებს, საკანონმდებლო საქმიანობებს ახორციელებს და მთავრობაზე ზედამხედვებობას ახდენს, რამდენადაც შესაძლებელია ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში.
ინტერპელაციის წესი შეიცვალა - აღმასრულებელი ხელისუფლების მოსმენების პროცედურა. ასე, რომ მუშაობს პარლამენტი და მუშაობს მთავრობაც, რომელთა შორის არაა გადაულახავი წინააღმდეგობები, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ, ან სახელისუფლებო კრიზისს შექმნიდა, როგორც ოპოზნენტებს სურთ წარმოაჩინონ.
"არის მეორე საკითხი - ამ პარლამენტის მიმართ პრეტენზია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ. ეს შეიძლება პრობლემა იყოს, მაგრამ არც ისეთი, რომ ამან "ქართული ოცნება" აიძულოს რაღაც რადიკალური ცვლილებები შეიტანონ თავიანთ საშინაო პოლიტიკაში. ის კანონებიც, რაც პარლამენტმა მიიღო, გარკვეულწილად მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა გარე ჩარევებისგან მაქსიმალურად დაეცვათ. ამ კანონებს არ მიიღებდნენ, რომ არა ის ცნობილი მოვლენები, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე ვიხილეთ.
"გარდა იმისა, რომ პარლამენტმა კანონები გარკვეული პროცესების პრევენციის მიზნით მიიღო, ალბათ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას განსაზღვრავს, რადგან, ჩემი აზრით, ამ კუთხით ბევრი რამაა მოსაგვარებელი",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, არალეგიტიმურია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც.
"ჩემი და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილებაც არალეგიტიმურია დაწყებული პარლამენტის წვერთა უფლებამოსილების ცნობიდან.
ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა რა კანონებიც მიიღო, ერთი, რომ ყველა ეს ცვლილება არაკონსტიტუციური და არაკანონიერია პარლამენტის არალეგიტიმურობის გამო, მაგრამ შინაარსობრივად თუ შევაფასებთ, ეს კანონები არანაირად არ ჯდება იმ სტანდარტებში, რომლებსაც მირებული კანონი უნდა აკმაყოფილებდეს.
"მიღებული კანონების არსი შეიძლება მოკლედ ასე ჩამოვაყალიბოთ - ახალი შეზღუდვების დაწესება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. არსებული შეზღუდვების და სანქციების გამკაცრება, ახალი სანქციების დაკისრება, აი ამ მიმართულებით იმუშავა პარლამენტმა და ამ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწტყვეტილებებიდან რაიმე სასარგებლო გადაწყვეტილებას უბრალოდ ვერ ვიხსენებ",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მივა თუ არა 2028 წლამდე პარლამენტი 89 დეპუტატით
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს საკითხი დამოკიდებულია, როგორც შიდა, ისე საგარეო ფატქორებზე.
"ამ რაოდების პარლამენტს არ შეუძლია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ორგანული კანონების მიღება და გარკვეული ფუნქციების შესრულება, ეს მინუსია, მაგრამ რას ვიზამთ? "ქართულმა ოცნებამ" ამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო და ოპოზიცია პარლამენტში წარმოდგენილი რომც ყოფილიყო, მკვეთრი დაპირისპირების პირობებში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მაინც ვერ დააინიცირებდნენ, მაგრამ ის, რომ ფაქტიურად ერთი პარტიაა წარმოდგენილი, ეს გარკვეულწილად პრობლემებს ქმნის.
"რაც შეეხება საკითხს - შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" ამ პარლამენტით მივიდეს 2028 წლის არჩევნებამდე, ეს დამოკიდებულია, როგორც შიდა, ისე საგარეო ფატქორებზე. თუ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, ოპოზიციის წინააღმდეგობა ჩარჩოებში მოაქცია და მან განვითარება ვერ მიიღო, შესაბამისად, არანაირი მოტივაცია არ იქნება ახალი არჩევნების ჩატარების.
"ასევე, თუ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა გადატვირთა, დაალაგა და მათგან ლეგიტიმაცია მიიღო, ესეც უკვე ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მას არ შეუქმნის იმის აუცილებლობას, რომ ახალი არჩევნები ჩაატაროს. ამიტომაც, ჩემი აზრით, ახლა "ქართული ოცნება" გარდამავალ ეტაპზეა, ფაქტიურად მისი ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე უფრო რთულ ეტაპს გადის, ეს საკითხები მომდევნო თვეების მანძილზე უნდა გადაწყდეს, ანუ დიდწილად "ქართული ოცნების" საგარეო ლეგიტიმაციის საკითხი.
"შესაბამისად, თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, მაშინ ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა მოიხსნება, მაგრამ თუ დადებითად არ გადაწყდა, არ გამოვრიცხავ "ქართულმა ოცნებამ" განიხლოს ახალი არჩევნების დანიშვნა მაშინ, როდესაც ის ყველაზე უფრო ოპტიმალურად და საჭიროდ ჩათვლის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კეთდება განცხადებები, რომ არჩევნები 2028 წლამდე არ ჩატარდება.
"ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად აკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ გვიწევდა და გვიწევს მანევრირებაო. მათი მმართველობის პერიოდს თუ დავაკვირდებით, მართლაც უწევდათ მანევრირება, რომ სერიოზული ქარტეხილები აეცილებინათ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდეს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს "რეზონანსთან" არ ჰგონია, რომ პარლამენტმა ამ მოცემულობით 2028 წლის არჩევნებამდე მიაღწიოს.
"არა მგონია, რომ მიაღწიოს 2028 წლამდე. რაც შეეხება იმას, თუ რისი მიღება არ შეუძლიათ, კონსტიტუციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანენ, ვერ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება სამი მეხუთედის უმრავლესობა (90 ხმა), თუმცა აქაც ერთი გამოსავალი იპოვეს, როცა, თუ არ ვცდები, იუსტიციის საბჭოს წევრის დანიშვნა დასჭირდათ, სადაც სამი მეხუთედის უმრავლესობა იყო საჭირო, კანონში შეიტანეს ცვლილება და ეს რაოდენობა ქვემოთ ჩამოსწიეს და უბრალო უმრავლესობა დატოვეს. ანალოგიურად საარჩევნო კოდექსში მსგავსი ცვლილება და ა.შ.
"ეს პარლამენტი სრულად ვერ განახორციელებს თავის უფლებამოსილებას, ვერ მიიღებს ვერცერთ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება სამი მეხუთედის, ან უფრო მაღალი უმრავლესობა",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ "რეზონანსთან".
როგორ აჯამებს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ექვსთვიან მუშაობას
პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელი წერილით პარლამენტის ექვსთვიან მუშაობას აჯამებს, რომელიც თავებადაა წარმოდგენილი, მისი თქმით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი დაკისრებულ მოვალეობას სრულად ახორციელებს, ოპოზიციის ბოიკოტით კი თავად ოპოზიცია დაზიანდა.
პაპუაშვილის სიტყვებით: "საქართველომ კი, როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, განვლილ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს, რაც მნიშვნელოვანია კარგად შევაჯამოთ და გავიაზროთ. ზოგიერთების მოკლე მეხსიერებას სჩვევია ისტორიის გადაწერა და საკუთარ დღის წესრიგზე მორგება, რის საშუალებასაც, ბუნებრივია, არ მივცემთ".
პაპუაშვილი წერს, რომ "გასული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რეფერენდუმად მონათლა" , საქართველოს ხელისუფლებამ "ეს გამოწვევა მიიღო". აღნიშნავს, რომ სხვა წინა არჩევნებისგან უპრეცედენტო და განსხვავებული იყო "უცხოეთის ღია და პირდაპირი ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და ხალხის ნებაზე დაუფარავი ზემოქმედება".
მისი თქმით, გარდა პირდაპირი აგიტაციისა და მოწოდებისა, "არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა პირდაპირი მინიშნებები და მუქარა, რომ არჩევნების არასასურველ რეზულტატს მოჰყვებოდა სათანადო სადამსჯელო შედეგები, სანქციები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაც. დიპლომატიურ წარმომადგენლებთან უნისონში, მთელი რიგი ოდიოზური ფიგურები სხვადასხვა დედაქალაქების პარლამენტებიდან ბევრად ხისტად და დაჟინებით ზემოქმედებდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესზე, რასაც ოპოზიციის კუთვნილი მედია სრულიად ევროპულ პოზიციად გვისაღებდა".
მისი შეფასებით, საარჩევნო პროცესში "ამგვარმა ჩარევამ და რადიკალიზაციამ წარმოშვა სრულიად პოლარიზებული გარემო".
წერს, რომ 27 ოქტომბრამდე ქვეყანაში არ გაჩენილა არცერთი პრეტენზია ცესკო-ს საქმიანობის და ახალი, ელექტრონული მთვლელი მანქანების საშუალებით არჩევნების ჩატარების მიმართ. ყველა დამკვირვებელი, წარმომადგენლობა და თვით ოპოზიციაც სრული სისავსით დადებითად აფასებდა გაწეულ სამუშაოს. „სათამაშო მოედნის" მიმართ თვით 26 ოქტომბრის ჩათვლით რაიმე სერიოზული პრეტენზია არ გამოთქმულა.
"26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად ხმათა 38% მოაგროვა, რაც სარეფერენდუმო პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. თითქოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ოპოზიციას უნდა გახარებოდა, სამომავლო საქმიანობის კარგ ბაზისად ექცია და კონსტიტუციურ ჩარჩოებში საქმიანობის გასაგრძელებელ მოტივაციად ქცეულიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხოელ პატრონებს მხოლოდ ერთი შედეგი აძლევდა ხელს - ხელისუფლების ცვლილება.
"დემოკრატიის განვითარება და წინგადადგმული ნაბიჯი ლიტონი ტერმინი გამოდგა. ამიტომ გვახსოვს, არჩევნებიდან ორ დღეში მიღებული მითითებები, იპოვეთ და მოაგროვეთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები. და ასევე გვახსოვს სასოწარკვეთილი ოპოზიციის განწირული მცდელობები, ხან ციური 300 ათასი ზედმეტი ხმა ეპოვათ და ხან „გაჟონვის" მითი გამოეგონებინათ.
"ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელით პირდაპირ უბიძგეს ბოიკოტის გამოცხადებისა და დაუმორჩილებლობისაკენ. დაიწყო შანტაჟის მორიგი რაუნდი, არაღიარებით ვაჭრობა, რომლის მსგავსიც 2020 წლის არჩევნებზეც ვნახეთ. შანტაჟის გამოყენებაზე უარი მაშინაც არ თქვეს, როდესაც დაინახეს - ხალხი არჩევნების შედეგს არ აპროტესტებს, დემონსტრაციები არ იკრიბება, გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პარლამენტი კი წარმატებით შეიკრიბა და სხდომებიც გაიხსნა.
"ჩვენ დავინახეთ უცხოური შანტაჟის გაგრძელების მკაფიო სცენარი - ოპოზიციის მხარდაჭერა, დიპლომატიური წარმომადგენლობების დუმილი, ბოიკოტი, დისტანცირება, კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების მორყევა და ისეთი ჩუმი კრიზისის შექმნა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ტყუილთან კომპრომისის საჭიროებას წარმოშობდა",- წერს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილში ეხება 28 ნოემბრის მოვლენებს, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ პერიოდს, სადაც დასძენს, რომ
"არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულად ჰქონდა ანთებული. საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს უდიდესი ძალისხმევის გაღება მოუწიათ რუსთაველის გამზირზე წესრიგის, უსაფრთხოებისა და პარლამენტის სასახლის შტურმისგან დასაცავად. ამ შეტაკებებში არაერთი დემონსტრანტი და სამართალდამცავი დაშავდა".
მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა უდიდესი ძალისხმევა გასწია უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც ჯერ ისევ აწყდება წინააღმდეგობას. "მან დახურა USAID-ი, როგორც ამერიკული გრძელვადიანი ინტერესების დამაზიანებელი ინსტიტუცია. დაიწყო ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები".
მისი შეფასებით, "სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ".
"არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არამხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ:
▪"ქართული ოცნება" ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს;
▪უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს;
▪ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს;
▪ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია;
▪ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, "ქართული ოცნებაა",- დასძენს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება" სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.
"უახლოესი მიზანი კი ცხადია ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვებაა. გლობალური „დიფსთეითი", რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სახელმწიფოებსა და კორპორაციებზე, საკუთარი ინტერესების გატარებას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გავლენათა კოორდინაციით ახერხებს. ქართული ოპოზიცია, სამწუხაროდ, ამ უცხო გლობალური ინტერესის ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილ, ქართულ, მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა.
"ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით",- წერს შალვა პაპუაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე