
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მომავალი კვირა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრაპის წინასაარჩევნო ერთ-ერთი მთავარი დაპირება კონფლიქტის მალე დასრულების შესახებ კვლავ შეუსრულებელია. 30 აპრილს ტრამპი პრეზიდენტობის 100 დღეს შეაჯამებს და როგორც ანალიტიკოსები წერენ, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ დღეს რაიმე ხელშესახები მიღწევით შეხვდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მისი ნდობის რეიტინგი რეკორდულადაა დაცემული.
ბოლო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტი და ტრამპის ადმინისტრაცია პერიოდულად იმუქრება, რომ თუ უკრაინა-რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება, მოლაპარაკებების პროცესიდან საერთოდ გავლენ. მედიაში გავრცელებული ტრამპისეული შვიდპუნქტიანი გეგმა უკრაინისთვის კატეგორიულად მიიღებელი აღმოჩნდა და როგორც განცხადებებიდან ჩანს, არც რუსეთისთვისაა ბოლომდე მისაღები. ბოლო დღეებში ვატიკანის შეხვედრებმა და კრემლის შეცვლილმა რიტორიკამ კი პროცესი გარკვეულწილად ბუნდოვანიც გახადა.
ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი" წერს, რომ ტრამპის 7-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ზავს, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, ნატოში გაწევრებაზე უკრაინის უარს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დე-იურედ აღიარებას აშშ-ის მხრიდან, ფრონტის ხაზის გაყინვას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის კონტროლს, უკრაინისა და აშშ-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და აშშ-რუსეთის ახალ ეკონომიკურ კავშირებს შეერთებული შტატების სანქციების სრულად გაუქმებით.
გეგმა არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების არანაირ მკაფიო გარანტიებს.
ამის პარალელურად, დონალდ ტრამპი მხარეებზე ზეწოლას აგრძელებს და ამ კონტექსტში იგი გასულ კვირას პირველად დაემუქრა რუსეთს.
ტრამპის მუქარა
მედიაში შვიდპუნქტიანი გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, 24 აპრილს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. განსაკუთრებული სამიზნე კიევი გახდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ზუსტად ამის შემდეგ აკეთებს ტრამპი მუქარანარევ განცხადებას პუტინის მისამართით.
„ბოლო დღეების განმავლობაში პუტინს არანაირი მიზეზი არ ჰქონია, სამოქალაქო პირებზე, ქალაქებსა და დასახლებებზე დარტყმის. ეს მე მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, მას (პუტინს) ომის შეჩერება არ სურს. ის მიბიძგებს, რომ სხვანაირად უნდა მოვექცეთ „საბანკო გზებითა" თუ „მეორადი სანქციების" მეშვეობით. ბევრი ადამიანი იხოცება", - განაცხადა ტრამპმა.
ამის პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიც გააკრიტიკა.
„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „უოლ სტრიტ ჯორნალის" პირველ გვერდზე იკვეხნის, რომ უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ მხრივ, რომ ყირიმი დაკარგული იქნა წლების წინ ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს და განხილვის საგანი არც არის.
„არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ, თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? ზელენსკის მსგავსი წამქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინის მდგომარეობა მძიმეა - მას შეუძლია მიიღოს მშვიდობა, ან შეიძლება იბრძოლოს კიდევ სამი წელი, სანამ მთელ ქვეყანას არ დაკარგავს", - განაცხადა ტრამპმა
კრემლის შეცვლილი რიტორიკა - რა მოხდა კურსკში
რუსეთის ოფიციალირი პირები დროდადრო მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდნენ, სანამ კურსკის ოლქი ბოლომდე არ გათავისუფლდებოდა უკრაინული ძალებისგან. 26 აპრილს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა მას „უკრაინელი ნეონაცისტებისგან კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასრულების შესახებ" ანგარიში ჩააბარა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს კრემლში საუბარი, რომ რუსეთი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ კურსკის ოლქიდან უკრაინული ნაწილების გამოდევნის შესახებ რუსეთის ოფიციალურ ცნობას უკრაინის გენშტაბი უარყოფს და აცხადებს, რომ ეს არის „პროპაგანდისტული მახე და სასურველის სინამდვილედ გასაღები სურვილი", რადგან კურსკში საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა.
თავად რუსებიც აღიარებენ, რომ კურსკის ტერიტორიაზე უკრაინული ნაწილები ისევ რჩებიან. 27 აპრილს რუსული მედია წერს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მოვალეობის შემსრულებელმა, პუტინს მოახსენა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო ჯგუფებს ანადგურებენ". რუსეთის სამთავრობო პირველმა არხმა კი გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ 26 აპრილს რუსეთის არმიამ კურსკის დასახლება - სოფელი გორნალი გაათავისუფლა.
„ამ ეტაპზე ჩვენ გორნალის დასახლებაზე კონტროლი დავუბრუნეთ, ისინი დასახლების ქუჩებში გამაგრდნენ, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვასუფთავებთ გორნალის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ტყის მასივებს. უახლოეს მომავალში, მტრის ყველა გაფანტული ჯგუფი და ცალკეული ჯარისკაცი განადგურდება", - განაცხადა ბრიგადის მოვალეობის შემსრულებელმა რუსულ მედიასთან.
კრემლი კი რიტორიკას ცვლის, პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე აწარმოოს.
„ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს", - აღნიშნა პესკოვმა.
პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრა კრემლში 25 აპრილს გამართეს. მას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
ვატიკანის შეხვედრა
ზელენსკი და ტრამპი 26 აპრილს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირისპირ შეხვედრა ოვალურ კაბინეტში 28 თებერვლის კამათის შემდეგ.
საუბარი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და როგორც „სქაი ნიუსი" წერს, პრეზიდენტები პაპის დაკრძალვის ცერემონიალის დასრულების შემდეგ საუბრის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ტრამპი დაკრძალვის ცერემონიის დასრულებისთანავე გაემგზავრა რომიდან.
თეთრმა სახლმა პრეზიდენტების საუბარს „ძალიან პროდუქტიული დისკუსია" უწოდა, ხოლო ზელენსკიმ - „ძალიან სიმბოლური". მისი თქმით, „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრეს". ზელენსკი რომში ასევე სხვა დასავლელ ლიდერებსაც შეხვდა და ესაუბრა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის თქმით კი, ტრამპმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ მას განუცხადა, რომ მხარეები კონფლიქტის მოგვარებასთან „საკმაოდ ახლოს" არიან. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებიდან არ გავიდოდა.
„მე ვკითხე მას, თუ როგორ მიდიოდა სამშვიდობო პროცესი. ვთხოვე ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ პროცესი გაგრძელებულიყო და აშშ არ გასულიყო (მოლაპარაკებებიდან, როგორც შუამავალი). მან პირობა დადო და თქვა, რომ საკმაოდ ახლოს ვართ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან ის ახლახან შეხვდა ზელენსკის. რა თქმა უნდა, მე მას მეტი არ ვკითხე იმის შესახებ, თუ რა მოიტანა ამ შეხვედრამ", - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მოგვიანებით ტრამპმა სოცქსელში დაწერა, რომ გავრცელებული ცნობები „ყირიმისა და სხვა უკრაინული ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნაზე აბსურდულია" და სიმართლეს არ შეესაბამება. ტრამპი ამით გამოეხმაურა „ნიუ იორკ თაიმსში" თეთრი სახლის მთავარი კორესპონდენტის პიტერ ბეიკერის სტატიას, სადაც ბეიკერმა 26 აპრილს დაწერა, რომ პრეზიდენტის ასი დღის შემაჯამებელი მოქმედებები „მოსკოვის სასაგრებლოდაა".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



