ნატალია ჯვარიძე
(26.04.2025)

ირაკლი ღარიბაშილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიის წესდებიდან გამომდინარე, გენმდივანი და პარალელურად დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეითავსებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საბოლოოდ ამ თანამდებობაზე პრემიერი ირაკლი კობახიძე დაინიშნება და „ქართული ოცნება" ამით დაუბრუნდება მმართველობის ძველ მოდელს, როდესაც მთავრობის მეთაური პარალელურად პარტიის ლიდერიც იყო.

ამასთან, ანალიტიკოსები ყველაზე ნაკლებად ელიან „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პარტიის თავმჯდომარედ.

„მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი, მთელი რიგი მიზეზების გამო, ამ თანამდებობას დაუბრუნდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ გამორიცხული არაა ირაკლი კობახიძემ შეითავსოს ეს თანამდებობა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

„დღეს „ქართული ოცნება" საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და, ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ" ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და, ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.

„ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და, ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ 2024 წლის პირველ თებერვალს აირჩიეს. ის ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი - ჯერ 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, მეორედ კი - 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე.

„ქართული ოცნების" წესდების თანახმად, პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელსაც პარტიის ყრილობა ირჩევს. თანამდებობრივად ის შედის პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში, არის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და წარმართავს მის მუშაობას.

პარტიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილების ვადის გასვლის, გადადგომის ან პარტიის წევრობის შეწყვეტის მომენტიდან. პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პარტიის გენერალური მდივანი. შესაბამისად, ახალ თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი „ოცნების" გენმდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე იქნება.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამდებობა

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის შეფასებით, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მმართველ პარტიაში არცერთი პარტიული თანამდებობა მნიშვვნელოვანი აღარაა.

„საერთოდ, იმ პერსპექტივიდან და მმართველობის იმ მოდელიდან, რომელიც გვაქვს, არც ერთი პოსტი არ არის მნიშვნელოვანი და არც უმიშვნელო. ჩვენთან ნებისმიერ პოსტს მნიშვნელობას პირადად ბიძინა ივანიშვილი ანიჭებს. სხვათა შორის ეს მარტო ამ ხელისუფლების დროს არ ხდება. მახსოვს, წინა ხელისუფლებაში გიგა ბოკერია იყო პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც რეალურად უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს ცოტა ისეთ ქვეყნებში, სადაც ჯერ ინსტიტუციურად არ არის მყარი, ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა ვიღაცას დიდი თანამდებობა არ ეკავოს, მაგრამ გავლენა გაცილებით მეტი ჰქონდეს, ან პირიქით - დიდი პოსტი ეკავოს და საერთოდ არაფერი გავლენა ჰქონდეს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ღარიბაშვილის გადაყვანა პრემიერ-მინისტრობიდან პარტიის თავმჯდომარეობაზე, პრაქტიკულად, ხელისუფლებიდან მისი ჩამოცილება იყო", - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თანამდებობის მნიშვნელობის გარდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმ პერსონაზე, რომელიც დაინიშნება.

„მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ კონკრეტულად როგორი პოლიტიკური ფიგურა იკავებს მას. გააჩნია ამ ფიგურას რა ამბიციები და მიზნები აქვს, რამდენად ქარიზმატული და მისაღებია საზოგადოებისთვის და ა.შ. თორემ პარტიის თავმჯდომარედ თავისუფლად შეიძლება შეირჩეს აბსოლუტურად უფერული პერსონა, რომელსაც საზოგადოებაში და პოლიტიკურ გუნდში არავითარი გავლენა არ აქვს და უბრალოდ ფორმალური პარტიის თავმჯდომარე იქნება. ასე რომ, ეს დამოკიდებულია პერსონაზე, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს", - თქვა ანჯაფარიძემ.

დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პარტიის სათავეში

დავით ზურაბიშვილი თითქმის გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიკავოს პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი.

„აბსოლუტურად გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილმა ჩაანაცვლოს ღარიბაშვილი. ყველამ ვიცით, რომ არაფორმალურად გადაწყვეტილების მიმღები ის არის, თუმცა ამაზე მეტად არ შემოვა. ახლა ის ცდილობს ირაკლი კობახიძის მეშვეობით რაც შეიძლება მეტი ავტორიტეტის, ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინოს, გააქროს ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან ამ კანონენებით და აკრძალვებით. მოკლედ, ყველა წინააღმდეგობების კერები გააქროს, რადგან ამის მერე თუ რაღაც ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა გამოჩნდება ევროკავშირთან და აშშ-თან, ირაკლი კობახიძეს ძალიან მარტივად გაწირავს და შესაძლოა ამისთვის დასჭირდეს ფიგურები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები და კობახიძის გუნდთან ასოცირებულები, რომ აშშ-სა და ევროპისთვის მისაღები იყოს.

„ასე რომ, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და ასეთი ტიპის კადრები ალბათ, რეზერვში ჰყავს გადაყვანილი. საფეხბურთო ენით რომ ვთქვათ, სათადარიგო შემადგენლობაში არიან და ძირითადში კობახიძე ჰყავს გამოყვანილი. თუმცა, შეიძლება ეს შეიცვალოს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას ზაალ ანჯაფარიძეც ნაკლებად განიხილავს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, კანდიდატის შერჩევის პროცესი დაწყებულია.

„მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი, მთელი რიგი მიზეზების გამო, თანამდებობას დაუბრუნდეს და იმან ჩაანაცვლოს ღარიბაშვილი. ივანიშვილი იმიტომ დაინიშნა პარტიის საპატიო თავმჯომარედ, თანაც გაფართოებული ფუნქციებით, რომ მისთვის, ვფიქრობ, ეს სტატუსი არის უფრო კომფორტული, ვიდრე პარტიის ყოველდღიური რუტინა და ამ ორანიზაციული თუ სხვა საქმიანობების გაძღოლა. ამიტომაც მე ნაკლებად მოველი, რომ ის პარტიის თავმჯდომარედ მოგვევლინოს. თუმცა, საქმე ისაა, რომ იმ ტურბულენტურ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც დღეს საქართველოშია - მთელი რიგი გამოწვევები და შიდა დინებები - ბოლომდე რაღაცის აბსოლუტურად გამორიცხვა არ შეიძლება. მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ის დაბრუნდეს, ჩემი აზრით, ძალიან დაბალია.

„ჩემი აზრით, პოლიტსაბჭო შეთანხმდება, ვინ დაიკავებს ამ პოსტს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ალბათ, ყველაზე მთავარი იქნება. შესაძლოა შეარჩიონ ისეთი პიროვნება, რომელსაც ბოლომდე ენდობიან. ჩემი გადმოსახედიდან, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ისეთი პიროვნება, რომელიც ლოიალურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვთქვათ „ოცნებისა" და მისი პოლიტიკის მიმართ, თუმცა საზოგადოებაშიც აქვს დადებითი იმიჯი, სოციალური კაპიტალი, ანუ მისი ბიოგრაფია არაა დამძიმებული რაღაც საჩოთირო ფაქტებით და ა.შ. ეს ადამიანი უნდა იყოს მისაღები ფართო საზოგადოებისთვის და არ ჩნდებოდეს მის მიმართ უხერხული კითხვები. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი კანდიდატურის შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვინ ჩაანაცვლებს ღარიბაშვილს

დავით ზურაბიშვილს ყველაზე რეალურ კანდიდატად პრემიერი ირაკლი კობახიძე მიაჩნია, რომელიც ორივე თანამდებობას შეითავსებს.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ირაკლი კობახიძეს და მის კადრებს გააბაროს მთლიანად ძალაუფლების სტრუქტურები. რატომ გადაწყვიტა - მეორე თემაა და თავისთავად საინტერესო, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას რომ მიღებული აქვს, ცხადია, რადგან ივანიშვილის გარემოცვიდან ასე მარტივად, თავისი ნებით არ მიდიან. თუ წახვალ და პარტიას დატოვებ ისე, რომ ამაზე ივანიშვილის დასტური არ იქნება, ეს ნიშნავს მის წინააღმდეგ გალაშქრებას. ღარიბაშვილი რომ ამის გამკეთებელი არ იყო, ეს ყველამ ვიცით.

„სავარაუდოდ, ამ თანამდებობას ირაკლი კობახიძე შეითავსებს. ეს უფრო მეტად მოსალოდნელია, რადგან თუ ეს ტრენდია, რომ მისი ძალაუფლება ძლიერდება, ალბათ, მმართველი პარტიის თავმჯდომარეც ის გახდება. მითუმეტეს, ჩვენ გვაქვს ასეთი პრეცედენტი - ჯერ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ორი თანამდებობა ეკავა, კვირიკაშვილის შემხვევაშიც ასე იყო. პირველად იყო, როცა კობახიძე დაინიშნა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე სხვა იყო და პრემიერი - სხვა. მანამდე სულ ერთი და იგივე პირი იყო ხოლმე. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება კობახიძე დაინიშნოს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძეც ასევე ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად მოსალოდნელია ირაკლი კობახიძის დანიშვნა.

„ვფიქრობ, გამორიცხული არაა ირაკლი კობახიძემ დაიკავოს ეს მეორე თანამდებობაც, რადგან ის არის პრემიერი და თუ ის „ქართული ოცნების" თავმჯდომარეობასაც შეითავსებს, მგონი ეს ფორმლურად იქნება მიღებული. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ეს ლოგიკურიც იქნებოდა, მაგრამ რამდენად შეძლებს, რომ სათანადო დრო დაუთმოს, როგორც პარტიულ, ისე ადმინისტრაციულ მუშაობას, მეორე საკითხია. თუმცაღა ასეთი ვარიანტი გამორიცხული ბოლომდე არაა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე