მარიამ ვეკუა
(26.04.2025)

თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში ტელეფონის გამოყენებით, სახლიდან გასვლის გარეშე - ეს იდეა პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის, რომელმაც ამის შესახებ 25 აპრილს პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ბურჭლაძის ცნობით, მისი ახალი ინიციატივა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აიტაცა, თუმცა ჯერჯერობით ოპოზიცია ამაზე ღიად არ საუბრობს.

ანალიტიკოსი გია აბაშიზე, ხაზგასმით ამბობს, რომ ბურჭულაძის ინიციატივა არარეალურია.

„ბრიყვული ინიციატივაა პაატა ბურჭულაძისა და რადიკალური ოპოზიციის ერთად შეთანხმებით. აქ იბადება შეკითხვები, რომლებიც უფრო კომედიურ ჟანრში გადადის - ვისაც არ აქვს მობილური ტელეფონები, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას?

„მეორე შეკითხვა - „ქართული ოცნების" ასი ათასობით მხარდამჭერი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მიიღებს მონაწილეობას ამ ფსევდო არჩევნებში, მათი ხმები არ ჩაითვლება, ხომ?

„შეკითხვების კასკადი გრძელდება იმ ტოტალურ სისულელესთან, რაც წარმოაჩინა პოლიტიკოსმა პაატა ბურჭულაძემ. რატომ გადაწყვიტა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ პუტინთან მომღერალი გაეხადათ მთავარ სპიკერად?

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ტელეფონით ტექნოლოგიურ კრეატიულობაში სრულ კატასტროფაზე. ვინ დაითვლის ამ ხმებს? კიდევ ერთი შეკითხვაა - ვინ შეაჯამებს საარჩევნო ოქმებს, თუ ცესკოს არ ენდობიან? რამე ტრაგიკომედიური ალტერნატივა უნდა შექმნან?

„მე კიდევ შევთავაზებდი ასე სარკასტულად: ბარემ მიიწვიონ რუსთაველზე ან დიდ ქალაქებში ხალხი და ე.წ. მანდატების და ფერადი ფურცლების დახმარებით ჩაატარონ არჩევნები.

„შეკითხვები ბევრია, პასუხები კი რადიკალებისგან არ არის. ამ ინიციატივაზეც უკან დაიხევენ", -განაცხადა აბაშიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინსიტრი, პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ამ გეგმას შესაძლოა პოზიტიური ეფექტი ჰქონდეს ხალხის მობილიზაციის თვალსაზრისით. თუმცა ნაკლებად პრაგმატული ჰგონია ამ ინიციატივის განხორციელება.

„ეს ინიციატივა ნაკლებად რეალისტური მგონია, მაგრამ, თავისთავად, კარგი მობილიზაციური ინსტრუმენტი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. საზოგადოებას სჭირდება მობილიზაციური თემები, როგორც მნიშვნელოვანი თარიღების შემთხვევაშია - 9 აპრილი, 26 მაისი და ა.შ.

„ასე რომ, ეს ინიციატივაც მობილიზაციური მნიშვნელობის ელემენტი იქნება. თუმცა, პირადად მე მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება არ დაიბნეს - ვიღაცას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა, ვიღაც ბოიკოტს უცხადებს.

„თუმცა ადგილობრივი არჩევნები არის ბოლო შანსი (უახლოეს 3 წელიწადში სხვა შანსი არ იქნება) დავამარცხოთ „ქართული ოცნება" მის მოედანზე.

„კალენდარზე ჩანიშნული არჩევნები - ეს არის დე ფაქტო არჩევნები. ხელისუფლება გყავს დე ფაქტო, როგორც კომუნისტები იყვნენ დე ფაქტო და გამსახურდიამ დაამარცხა ისინი მათ მოედანზე, ისევე, როგორც ივანიშვილმა დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა" თავისივე მოედანზე.

„ადგილობრივი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი ღონისძიებები, თუ კარგად იქნება გათვლილი, საზოგადოების მობილიზაციას ხელს შეუწყობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რა თქვა ბურჭულაძემ

პაატა ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას" არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს. შესაბამისად, ოქტომბრის ნაცვლად, არჩევნები სექტემბერში უნდა ჩატარდეს, ხოლო არჩევნები, მისივე თქმით, ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს - გულისხმობს სალომე ზურაბიშვილს.

„ეს აზრი გუშინწინ საღამოს წარმოიშვა, გუშინვე დავდე ჩემს „ფეისბუქზე" და უკვე 800 გაზიარება აქვს. ძალიან ბევრი მოწონება აქვს და ხალხმა აიტაცა ეს აზრი. ჩვენ მთავრობას რომ ვთხოვთ, დაგვინიშნე ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაგვინიშნოს? - ის არ არის ლეგიტიმური. აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. უფლებაც არ აქვს, რომ დანიშნოს არჩევნები, დამიჯერეთ. ვკითხეთ, ვინც ერკვევა კონსტიტუციაში და მათ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ, ხალხს. დღეს მათ კანონი არ ეკუთვნით, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური. გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, როგორც ამერიკელები და ევროპელები ამბობენ, და ეს არის სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, იგი უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„გახარიასაც შევხვდი, პირადად ბატონ გიორგის, მამუკა ხაზარაძესაც, 4 ნომერსაც, 5 ნომერსაც, ყველას შევხვდი. გახარიამ ერთი რამ თქვა, რომ შეიძლება მე მონაწილეობა ვერ მივიღო გარკვეული მიზეზების გამო ამაში, მაგრამ თუ დაინიშნა არჩევნები სექტემბერში, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობასო", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე აზრით, არჩევნების ტელეფონით ჩატარების შემთხვევაში გაყალბება და პირადი ინფორმაციის გასაჯაროება ვერ მოხდება. გარდა ამისა, პროცესში უპრობლემოდ ჩაერთვებიან ემიგრანტებიც.

„შევეცდები აგიხსნათ: გაქვს ტელეფონი, ამ ტელეფონით ფიქსირდები ამომრჩეველთა სიაში. როცა მოვა არჩევნები, არჩევნების დროს ჩაირთვება ფანჯარა, სადაც შეგყავს შენი პერსონალური მონაცემები და აჭერ რომელ პარტიას გინდა მიცე ხმა. სახლიდან გამოუსვლელად შეიძლება ჩატარდეს ეს არჩევნები. რაც მთავარია, ასობით ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

„ტელეფონით გაყალბების შანსი აბსოლუტურად არ არის. იქნება სპეციალური საიტი, რომელიც შემოწმდება საზღვარგარეთიდან. მივიღებთ დასტურს, რომ იქნება 100%-იანი გარანტია. რაც მთავარია, ტელეფონი არ გაჟონავს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

შედგება ოპოზიციური ერთობა ამ იდეის გარშემო?

გია აბაშიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ახალი გაერთიანება ამ იდეის გარშემო ოპოზიციისთვის მორიგი ფიასკო იქნება.

„რამდენჯერ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია? თავად აღიარებენ, რომ წინა გაერთიანებები არაეფექტური იყო. ახლა კიდევ ახალი გაერთიანება იქნება სრული ნონსენსი. ამ ინიციატივის გარშემო ნაწილი იტყვის, რომ მხარს უჭერს, ნაწილი განზე გადგება - გაიყოფიან ისევ. რასაკვირველია, პრაქტიკულად მოაზროვნე პოლიტიკოსები ოპოზიციურ ველზე მოემზადებიან ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელსაც ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და არა ფსევდო სატელეფონო აპლიკაციები. პაატა ბურჭულაძის წამოწევა ოპოზიციურ მედიაში იმაზე მეტყველებს, რომ მათ სხვა რესურსი არ აქვთ."-

ზაქარეიშვილი კი აღნიშნავს,, რომ ამ ინიციატიავს ოპოზიცია „მხარს არ აუბამს".

„არ მგონია ოპოზიციამ მხარი აუბას ამ ინიციატივას, უფრო საზოგადოება აუბამს მხარს. ოპოზიციაში ეჭვი მეპარება მოხდეს ამის გააზრება. თავისთავად კარგი პიარ კამპანიაა, მაგრამ აქედან არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დადგება, არც პოლიტიკური, გარდა პიარ-კამპანიისა.

„გამსახურდიას დროსაც იყო ძალები, რომლებიც კომუნისტებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას არ ემხრობოდნენ - კონგრესი შეიქმნა. მე იქ ვიყავი, სიმართლე გითხრათ, უფრო ამ მიმართულებით ვიყავი ჩართული, მაგრამ ვის ახსოვს ახლა ეს კონგრესი? ასეთი რაღაც მოხდება ამ შემთხვევაშიც", - განაცხად ზაქრეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე