მმართველი პარტია აცხადებს, რომ მზადაა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან "სუფთა ფურცლიდან დაიწყოს" ურთიერთობა და სტრატეგიული პარტინორობა, განაცხადა პარასკევს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. უნდა ითქვას, რომ ამ შინაარსის განცხადებას "ქართულ ოცნებაში" პერიოდულად აკეთებენ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ნოემბერში პრეზიდენტად მოვიდა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ შინაარსის განცხადებების გაკეთება საჭიროა, რადგან ოპოზიცია მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ "ოცნებამ" ამერიკასთან ურთიერთობა ვერ დაალაგა.
"განცხადების გაკეთება საჭიროა, რადგან ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მტრობენ და მას ზოგჯერ ოპიზიციას უწოდებენ-ხოლმე, სულ სპეკულირებენ იმაზე, რომ, აი, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მოვიდა, ამერიკასთან ურთიერთობა ვერ დალაგდა და არც დალაგდება. ეს განცხადება კი ნიშნავს, რომ მზად ვართ, გვინდა ეს ურთიერთობა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არავითარი პრობლემა არაა. აგერ ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესანიშნავი ვიზიტი იყო, საქმიანი, ესაა კონკრეტული და არა ის, რომ განცხადებები კეთდებოდა და ამის გარდა არაფერი.
"მეორეს მხრივ, იქ, ტრამპის ადმინისტრაციაში ამოცანებია გადასაწყვეტი, ეს ვიცი და ამერიკელ კოლეგებთან ურთიერთობა მაქვს. მეტად რთული პერიოდია, საქართველო ნამდვილად არაა ისეთი მასშატბური ქვეყანა და შეიძლება ეს კარგიცაა, რომ მასთან ურთიერთობა ახლა პრიორიტეტების რიგში იყოს. იქ ცხადია სულ სხვა პირიორიტეტებია.
"ამერიკელ ცნობილ ავტორებს ვციტირებ, ჯერ კიდევ 20 წლის წინ რომ დაიწყეს ამაზე წერა, იმ ნეგატიური სელექციის ფონზე, რაც ორივე - წარმომადგენელთა პალატაში და სენატში ხდებოდა, ბევრი რამ არ უნდა გვიკვირდეს. ეს ის კონგრესი არაა, რომელიც 90-იან წლებში იყო. მაგალითად სენატორი ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რომლის განცხადებები უფრო ბოდვას ჰგავს, ვიდრე სენატორის განცხადებას, ამბობს, რომ თურმე საქართველო იმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის მიერ. რუსეთს აღარ ახსენებს, რადგან ტრამპი პუტინთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. ანდაც სენატორი რიში, რომელმაც სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის, რასაც ჩვენი მთავრობა ამბობდა, რომ გამჭვირვალეობა გვინდაო, აშშ-ს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელსაც გამჭვირვალეობა არ უნდათ. ისმის კითხვა, აქ რატომ არ აწყობთ გამჭვირვალეობა? ეს მომენტები არის და ის მოსაზრება, რომ აშშ და ევროკავშირი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის კერაა, ეს კარგა ხანია ასე აღარაა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ "რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ამ შინაარსის განცხადებები იმ ჭორების გასაფანტად სჭირდებათ, რომელიც ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს მოჰყვა, სადაც „დავითაშვილს ყური აუწიეს".
"მე მგონი, რომ დავითაშვილმა არ ჩამოიტანა აშშ-დან სახარბიელო ინფორმაცია. რაღაც ჭორები ვრცელდება და ეს განცხადება კი კეთდება იმ ჭორების გასაფანტად, რომ დავითაშვილს ამერიკაში ყური აუწიეს. "ქართული ოცნება" განცხადებას აკეთებს მხოლოდ თავისი ამომრჩევნებისთვის. ღმერთმა დაიფაროს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე "ოცნებამ" გაიმარჯვოს და ხელისუფლება მიითვისოს, მაგრამ ამის მერე ჩვენ ვნახავთ როგორ შეიცვლება მათი რიტორიკა, მერე სამი წელი არჩევნები არ იქნება და მგონია სულ სხვანაირ პოლიტიკას დაიწყებენ, მაგრამ ვიდრე ამისთვის არ მიუღწევიათ, მათ ურჩევნიათ არ დაკარგონ თავის ამომრჩევლის ხმები, სადაც ჯერ კიდევ არიან ისინი, ვისაც სჯერათ, რომ "ოცნება" ევროპაში მიდის და ამერიკას არ ეკამათება. არჩევნების მერე, იქით დაბრალებას დაიწყებენ, რომ მათი ბრალია და ჩვენს შორის არაფერია, რად გვინდა ასეთი ამერიკა და ასეთი ევროპა. არჩევნებამდე კი მაქსიმალურად მოითმენენ.
„ტრამპს საქართველოსთვის არ სცალია. „ქართული ოცნების" ბედი მხოლოდ ქართველი ხალხის ხელშია, არც ამერიკაში და არც ბრიუსელში არაფერი არ შეუძლიათ. ამერიკა და ევროკავშირი შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებას დაეხმაროს, რათა გავისტუმროთ „ქართული ოცნება" , რუსეთმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს, რათა ვერ გავისტუმროთ. რაც არ უნდა მოახერხოს ან ვერ მოახერხოს ტრამპმა, სააბოლოო ჯამში, ეს გაივლის საქართველოს მოქალაქეებზე და ამომრჩეველზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გონივრულები, ადეკვატურები და საქართველოში არსებულ სიტუაციას სწორად ვაფასებდეთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ ბევრჯერ აჩვენა, რომ ის რეგიონში აშშ-ის „ყველაზე სანდო პარტნიორია".
„ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა. ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორიც ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ტკბილ სიტყვას გვეუბნებოდნენ, თითქოს სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, მაგრამ საქმეზე ამერიკული დაფინანსებით ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ხდებოდა ზუსტად იმ თაღლითური სქემებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ გვქონდეს ახალი ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა. რა შეგვიძლია, რომ საქართველომ შევთავაზოთ აშშ-ის, მგონი, ეს დროთა განმავლობაში ვაჩვენეთ. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორად რეგიონში. გადახედონ წარსულს, იფიქრონ მომავალზე, დაფიქრდნენ და ყველამ გაანალიზოს, ვართ თუ არა ჩვენ აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „ხდება თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყება სანქციების მოხსნით", პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „რაც თვითნებური და უსამართლოა, ბუნებაში არ უნდა არსებობდეს".
„რაც შეეხება ე.წ. სანქციებს, ის თავისთავად აპრიორია, უსამართლო, თვითნებური და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის თანაბარი ურთიერთობების გაგებას, არამედ ადამიანის უფლებების ელემენტარულ გაგებასაც კი. ამიტომ, ეს წინაპირობა კი არ არის, არამედ თავისთავადობაა, რომ ის, რაც არის თვითნებური და უსამართლო, ბუნებაში არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ში ახალი ელჩის კანდიდატურას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ელჩობის კანდიდატს [პარტია] არათუ განხილავს, დასახელებულიც ჰყავს და პროცედურები მიდის. ვინაობას ვერ გეტყვით".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე