ნაცმოძრაობამ მეხუთე პრეზიდენტის „წინააღმდეგობის პლატფორმა" დემონსტრაციულად დატოვა. მიზეზად ასახელებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სიახლეს ვერ სთავაზობს. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას თქმით, პლატფორმაში ყველაზე დიდი დისტანცია სწორედ ენმ-ს წევრებსა და ზურაბიშილს შორის იყო - მიზეზი მიხეილ სააკაშვილის არშეწყალებაა.
სალომე ზურაბიშვილი კი კვლავ თარიღებზე აკეთებს აქცენტს და ამჯერად 26 მაისის ღონისძიებას აანონსებს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. მისი თქმით, ამ დღესთან დაკავშირებით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში სპეციალური კომიტეტი შეიქმნება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისის ღონისძიებები წელს რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა მყიფე გამოდგა და არაა გამორიცხული, რომ სხვა პარტიემბაც უარი თქვან მასში ყოფნაზე, რისი მიზეზიც ზურაბიშვილის ამბიციურობაა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ძალიან მყიფე კოორდინაცია-კოალიცია დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან სალომე ზურაბიშვილი ტოტალურად არაადეკვატური პოლიტიკოსია, ქედმაღალია, საკმაოდ ამბიციური განცხადებები აქვს-ხოლმე. ამჯერადაც თავისი თავი ოპოზიციის კოორდინატორად გამოაცხადა. ბუნებრივია, ამას კეთილგანწყობით არ შეხვდებოდნენ ის ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებსაც პოლიტიკურ ცხოვრებაში გაცილებით მეტი სტაჟი აქვთ.
„ხელახლა რაღაც 26 მაისის პლატფორმის გამოცხადება, ამ და სხვა თარიღების ასე დაანონსება, რომ თითქოს რაღაც მოხდება და შეიცვლება, ამით კიდევ უფრო სასაცილო ხდება, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ოპოზიციის რადიკალური ფრთა სასოწარკვეთილად ცდილობს, რომ რაღაც ალტერნატიული სახელისუფლებო სტრუქტურები წარმოაჩინოს.
„პაატა ბურჭულაძე კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ ხელახალი არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოაცხადოს სექტემბერშიო. ამ არაადეკვატურობას და ტოტალურ სიბრიყვეს რომ უყურებს თუნდაც ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, ხომ ხვდება, რომ არ შეიძლება ამ მატყუარებისა და დეზინფორმატორების სუპერ ამპიციურების ნდობა, შესაბამისად, შედეგიც ესაა.
„რაც შეეხება ნაცმოძრაობას, მან თავადაც ნახა, რომ ბიოლო საპარლამენტო არჩევნებზე მას ის პროცენტი არ ჰქონდა, რაც სურდა და რისი მოლოდინიც გააჩნდა. ოპოზიციურ ფლანგზე სხვა პარტიები დაწინაურდნენ. ახლა ნაცმოძრაობის გარეშე დარჩენილი დროებითი ერთობა შეიძლება კიდევ უფრო დაიმსხვრეს და დაიშალოს, რადგან ნაცრადიკალებს ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არა აქვთ, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. დიდი ალბათობით, მათი ნაწილი მუნიციპალურ არჩევნებზე გავა და ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება, რომ ეს ალტერნატიული პლატფორმები მორიგი წყლის ნაყვაა, რაც დიდი დარტყმა იქნება რადიკალური ოპოზიციონერებისთვის.
„ახლოვდება მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები და თუ სურთ, რომ პოლიტიკურ ველზე დაწინაურდნენ, მაშინ უნდა იფიქრონ, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ და წინ და უკან არ ირბინონ გაჟონა-გაჟონა, გაყალბდა-გაყალბდას ძალიხილით", - უთხრა გია აბაშიძემ „რეზონანსს".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძეც თანხმდება, რომ ჯერჯერობით ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა.
„სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა. თინა ბოკუჩავამ ახსნა, რა იყო მიზეზი პლატფორმის დატოვების. ნაცმოძრაობას მაინც თავისი მხარდამჭერები ჰყავს. რაც შეეხება თავად წინააღმდეგობის პლატოფრმას, თარიღებზე ორიენტირება და თუნდაც 26 მაისის აქციის ორგანიზება, ბუნებრივია საკმარისი არ იქნება, ორიენტირება უნდა იყოს ყოველდღიურ საქმიანობაზე",- განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე. რამდენად შეიძლება კიდევ დატოვოს რომელიმე პარტიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმა", ჩიტაძემ გვითხრა: „ყველაფერი შეიძლება, თუ იქ ერთობა არ იქნება, შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნას. თუნდაც 31 მარტს იმაზე იყო უთანხმოება მიხეილ სააკაშვილის პლაკატი რატომ არისო, თითქოს მთავარი პრობლემა ეგ იყოს",- განაცხადა ჩიტაძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ერთობა ვერ შედგა, ანალიტიკოსმა გვიპასუხა:
„იმიტომ, რომ უთანხმოებაა, იქაც თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო აქტიური ანტიქოცია, კონკურენციაა ოპოზიციის შიგნით. რაღაცნაირად უნდა მოილაპარაკონ, ან რაღაც საბჭო შექმნან ლიდერების მონაწილოებით. მხოლოდ განცხადებები და თარიღებზე ორიენტირება საკმარისი არაა", - თქვა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი მიზანია, დაიგეგმოს "საზოგადოების და არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი". მისი თქმით, მაშინ, როცა დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის „არალეგიტიმური ხელისუფლების" გამო, უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა - რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც ყოველთვის ვზეიმობთ.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი, საზოგადოების და არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე, ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების წარმომადგენლები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ენმ-ს თავმჯდომარემ იმ მიზეზებზე ისაუბრა „პალიტრანიუსთან", რის გამოც პარტიამ ზურაბიშვილის პლატფორმა დატოვა.
„31 მარტის აქციაზე, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებდით. ყველაზე დიდი დისტანცია ნაციონალურ მოძრაობასა და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთმა პროევროპულმა პრეზიდენტმა არ შეიწყალა მეორე. სალომე ზურაბიშვილს ამის არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ეს იყო პირად გემოვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება", - განაცხადა ბოკუჩავამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე