მარიამ ვეკუა
(24.04.2025)

„რონდელის ფონდის" ოფისში ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ, რომელიც საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის ნაწილის პასუხი შეხვედრაზე დემონტრაციული უარი იყო. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მსგავსი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან ალოგიკურია.

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ „თავისი სიმართლე დასამტკიცებლად" ყველა შანსი უნდა გამოიყენოს.

„ოპოზიციის ამოცანაა, ესაუბროს ყველას და დაარწმუნოს თავის სიმართლეში, მიუხედავად იმისა, ვინ არის ან რას წარმოადგენს თანამოსაუბრე, პარტნიორი. არ მიმაჩნია სწორად, რომ ეუთო-ს გენერალურ მდივანს ეუბნები უარს შეხვედრაზე. რა არის ამით მიღწევადი? ამით გენმდივანი გადადგება, პოზიციას შეიცვლის თუ რა იქნება? რანაირი შემტევი მებრძოლი ხარ? არ მესმის, როდესაც ასეთ ქმედებებს ლოგიკა არ აქვს, მაშინ პრობლემა ბუნებრივად ჩნდება ხოლმე. ეს პრობლემა გაჩნდა ეუთო-ს გენმდივანის იგნორირებითაც - მათი მხრიდან, ვინც უარი განაცხადა. ან ოპოზიციამ რა მოიგო? ან იმ პარტიამ? ან პროტესტს როგორ წაადგება?" - განაცხადა ძაბირაძემ.

პეტრე მამრაძეც ფიქრობს, რომ როცა პრესტიჟული ორგანიზაციის წარმომადგენელი და მით უმეტეს გენმდივანი ჩამოდის, უნდა შეხვდე.

„როცა თვითონ გენმდივანი ჩამოდის საქართველოში, და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ ოპოზიცია არიან (რასაც მე უარვყოფ), უარს აცხადებენ მასთან შეხვედრაზე - და ეს უარის მიზეზიც ფორმალურია, რომ არჩევნები გაყალბდა და საქართველოში არალეგიტიმური ხელისუფლებაა - მაშინ, თუ ვინმე უცხოელს შეხვდა ხელისუფლება, ესე იგი, აღიარა ის. ბუნებრივია, ეს უარიც პროტესტია. თუმცა, სინამდვილეში ეს არის სრული, კატასტროფული მარცხის გამოვლინება. იგივე გენმდივანი და სხვები იტყვიან: თქვენ ლაპარაკობთ გაყალბებაზე, თუმცა დღემდე ვერ მოიტანეთ მტკიცებულება," - განაცხადა მამრაძემ.

ცნობისთვის, ფერიდუნ სინირლიოღლუმ შეხვედრა გამართა „გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან, ასევე „ლელოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან.

შეხვედრაში არ მონაწილეობდა „კოალიცია ცვლილებისთვის". მათ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ უარი თქვეს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.

როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტპატიმრებზე. თუმცა ოფიციალური განცხადება გენმდივანს ჯერ არ გაუკეთებია.

ოპოზიციაში ისევ ვერ თანხმდებიან

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები „ჩვეულ რეჟიმში" „ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობას არ განაგრძობენ, დელეგაციები მაინც ჩამოვლენ, რადგან ეს მათი ვალდებულებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ფართო მასშტაბით, დემოკრატიული მსოფლიო პრაქტიკულად ჩვეული რეჟიმით არ არის დაკავშირებული საქართველოში არსებულ ხელისუფლებასთან, დელეგაციები იქნება, რადგან არსებობს ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ შორის - ეუთო-ში. საქართველოს, როგორც წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება, ასევე ეუთო-საც აქვს ვალდებულება, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის თუ დემოკრატიის საკითხები, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია," - განაცხადა გივი წერეთელმა, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები მხოლოდ რეჟიმის ლეგიტიმაციას ემსახურება. სწორედ ამ მიზეზით ხსნის „კოალიცია ცვლილებისთვის" შეხვედრებზე არმონაწილეობას.

„შეხვედრები, რომლებიც არ ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას და ხმამაღლა არ საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არის, ხელს უწყობს მხოლოდ „ქართული ოცნების" ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას. ამიტომ, ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ვხვდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში," - ამბობს „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.

მმართველ პარტიაში კი ოპოზიციის გენმდივანთან შეხვედრაში „აზრს ვერ ხედავენ", რადგან ამბობენ, რომ ოპოზიციონერები იმას იტყვიან, „რასაც გარედან დაავალებენ".

„არ ვიცი, ამ რადიკალებთან შეხვედრას რამდენად აქვს აზრი, თუმცა ეს მაღალი დონის შეხვედრები ჩვეულებრივ პროცესში იმართება," - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ. გარედან ეტყვიან, რომ ასე უნდა გააკეთონ და აკეთებენ. ეტყვიან - გააჟღერეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებთ - და ისინი ამას აჟღერებენ. შემდეგ ეტყვიან, რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა, და ისინი მონაწილეობას მიიღებენ. მათ საკუთარი პრინციპები არ გააჩნიათ," - დასძინა კალაძემ.

ლეგიტიმაცია თუ ვალდებულება?

ოპოზიციის ნაწილი გენმდივნის ჩამოსვლას საქართველში თავიდანვე უკმაყოფილოდ შეხვდა, მთავარი არგუმენტი კი რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობთ ახსნეს, როგორც ზემოთ „კოალიცია ცვლილებებისთვის" მტავარი არგუმენტი ეს იყო.

ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ეუთო-ს გენმდივნის ჩამოსვლა საქართველოში ხელისუფლების პირდაპირი ლეგიტიმაციაა. მეორე ნაწილი კი ამ პოზიციას არ იზიარებს.

„ეუთო-ს მისია არ არის ლეგიტიმაციის მინიჭება. ის არასდროს ამბობს, ვაღიაროთ ან არ ვაღიაროთ ვინმე. თუმცა, ის, რომ ამ ბულინგის ფონზე ჩამოვიდა - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე - პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ხედავენ: ხელისუფლების პოზიცია მყარია და ბულინგსაც არ შეუშინდა. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს არის რეალური ხელისუფლება. მით უმეტეს, ეუთო-ს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არჩევნები გაყალბებული არ იყო," - განაცხადა მამრაძემ.

გააკეთებს თუ არა სინირლიოღლუ მკაფიო განცხადებას პოლიტპატიმრებზე და მიმდინარე პროტესტზე? მამრაძე გვპასუხობს - „არა".

„არა, არ გააკეთებს აქცენტს. არცერთი ორგანიზაცია არ არის ისეთი, რომელიც აღიარებს პოლიტპატიმრებს. მე ვეკითხები ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს თბილისში, რომლებიც ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან: რა ხდება? ვინმეს რომ ფიზიკური დაზიანება ჰქონდეს, ხომ ყველას ექნებოდა ინფორმაცია? აი, საწყალი ანდრო ჭიჭინაძე - რომ ამბობენ. რატომ? რამე დაუზიანეს?" - განაცხადა მამრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ მთავარი მესიჯები პოლიტპატიმრებზე ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა.

„რაც შეეხება მკაფიო მესიჯებს პოლიტპატიმრებზე და პროტესტზე - ეს სწორედ ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი შეხვედრის დეტალები, თუმცა ვიცი, რა თხოვნა უნდა ყოფილიყო გენმდივანთან - ეს მნიშვნელოვანია."

ძაბირაძე ასევე აღნიშნავს, რომ ეუთო-ს გენმდივნის ჩამოსვლას ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ეს არავითარ ლეგიტიმაციასთან არ არის დაკავშირებული და არც ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს ლეგიტიმაციას. ასეთ ხალხთან სხვა ტიპის მიდგომებია საჭირო."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე