
24 აპრილი, რუსეთის მძლავრი იერიში კიევზე ტრამპის განცხადების შემდეგ - აშშ უკრაინის პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს. ამჯერად დაპირისპირების ეპიცენტრი ყირიმია. როგორც დასავლური გამოცმეები წერენ, აშშ უკრაინისგან ითხოვს, რომ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს, ოფიციალური კიევი კი უარზეა.
ამის პარალელურად, უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, უპილოტო და სარაკეტო თავდასხმები უკრაინის დედაქალაქის მასშტაბით 13 ლოკაციაზე განხორციელდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა.
საყურადღებოა, რომ მასშტაბური შეტევა რუსეთმა ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანებაში ადანაშაულებს.
"უკრაინის მდგომარეობა მძიმეა - მას შეუძლია მშვიდობა, ან შეიძლება იბრძოლოს კიდევ სამი წელი, სანამ მთელ ქვეყანას დაკარგავს."
„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, „უოლ სტრიტ ჯორნალის" პირველ გვერდზე იკვეხნის, რომ უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ მხრივ, რომ ყირიმი დაკარგული იქნა წლების წინ ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს და განხილვის საგანი არც არის.
„არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? ზელენსკის მსგავსი წამქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინის მდგომარეობა მძიმეა - მას შეუძლია მიიღოს მშვიდობა, ან შეიძლება იბრძოლოს კიდევ სამი წელი, სანამ მთელ ქვეყანას არ დაკარგავს," - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათ საღამოს, რის შემდეგაც რუსეთმა კიევზე მასობრივი იერიში მიიტანა.
შეგახსენებთ, ყირიმი უკრაინის ნახევარკუნძულია, რომელიც რუსეთმა 2014 წელს ფაქტობრივად წინააღმდეგობის გარეშე დაიპყრო.
სამწლიანი ომის დასასრულებლად, დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას შესთავაზა რუსეთის მიერ ყირიმის კონტროლის აღიარება - ინფორმაცია სიენენს დეტალების მცოდნე ოფიციალურმა პირებმა გაუმხილეს.
დასავლური მედიები წერენ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის კონტროლის აღიარების ნებისმიერი ნაბიჯი ნიშნავს აშშ-ის მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შეცვლას. გარდა ამისა, შესაძლებელია დაარღვიოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კონსენსუსი, რომ საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით.
უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის საპასუხოდ სოციალურ ქსელში დაწერა:
„უკრაინა ყოველთვის თავის კონსტიტუციასთან შესაბამისად იმოქმედებს და დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ თავის ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად იმოქმედებს".
„სიტუაცია ტრაგიკულია"
კიევში სირენების ხმა დილის 5 საათიდან ექვსი საათის განმავლობაში ისმოდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ თქვა, რომ ინჟინრები, მაშველები და მაშველი ძაღლები ახლაც ეძებენ ადამიანებს, რომლებიც სავარაუდოდ სვიატოშინის რაიონში დარტყმების შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევების ქვეშ არიან ჩარჩენილი.
„არსებობს ინფორმაცია ორი ბავშვის შესახებ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ ვერ იპოვეს", - თქვა კლიმენკომ და დასძინა, რომ სიტუაცია „ტრაგიკულია".
ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდა.
კლიმენკომ ხაზგასმით თქვა, რომ სამიზნე ქვეყნის რვა რეგიონი იყო. მან გამოიყენა სიტყვები - „მასიური კომბინირებული რუსული თავდასხმა", რომელმაც მოიცვა კიევი, ჟიტომირი, დნიპრო, ხარკოვი, პოლტავა, ხმელნიცკი, სუმი და ზაპორიჟჟია.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე „შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა ტიპის დრონი-იმიტატორებით, - ინფორმაციას უკრანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ, ახლა უკრაინის ჯერია"
აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან რუსეთთან შეთანხმებას ფაქტობრივად მიაღწია.
„ვფიქრობ, რუსეთი მზად არის. ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა შეთანხმებას ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ფავორიტი არ ჰყავს და მხოლოდ ომის დასრულება სურს.
„იმედი მაქვს, შეთანხმებას ორივე მხარე დათანხმდება. როგორც იცით, ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ და საქმე ბევრი ადამიანის ბედს ეხება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საუდის არაბეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შესაძლებელია, მაგრამ ალბათ - არა".
„ვფიქრობ, მას საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ მალე შევხვდები", - უპასუხა დონალდ ტრამპმა.
ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო რთულია"-დასძნა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი 13-16 მაისს არის დაგეგმილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



