მარიამ ვეკუა
(23.04.2025)

 

პარლამენტში 23 აპრილს ახალი საკანონმდებლო პროექტი დაინიცირდა, დაგეგმილი ცვლილებებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ზომები მკაცრდება: წვრილმანი ხულიგნობა, საზღვრის უკანონოდ გადმოკევთა, სახელმწიფო-პოლიტიკური პირების მიმართ შეურაცხყოფა, იმ დანაშაულებების ნაწილია, რაც საქართველოში შემოსვლის 3 წლმადე აკრძლავას ან ფულად ჯარიმებს გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ცვლილება 18 კანონში შედის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა.

საყურადღებოა, რომ 3-წლამდე სახელმწიფოში შემოსვლის აკრძალვის ზომა უცხოელის მიმართ იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ, თუ ის შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს.

ცნობისთვის; საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლა კანონმდბელობაში გამოყენებული არასდროს ყოფილა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, სახდელის ორი ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შემოდის. აღნიშნული სახდელები უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიყენება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, უცხოელის მიერ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე, 173-ე, 173/16-ე და 174/1-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში, ფულად სანქციასთან ერთად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ, ცალკეული სამართალდარღვევებისთვის ფულადი სანქციები იზრდება. კერძოდ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით.

მოქმედი კანონით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით კი, განსხვავებული სანქციები განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის.

უფრო კონკრეტულად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1 წელზე მეტ ხანს - 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის.

ამასთან, სანქციის სახით 100 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა, მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისათვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე