საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან არ წყდება, ეს კი საზოგადოებას აძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ საფრთხე თანდათან რეალური ხდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეცერების გამკაცრება იგეგმება, ამით ბრიუსელს ვიზალიბერალიზაციის დროებით,ან სრულიად გაუქმების პროცედურა უადვილდება.
ვიზალიბერალიზაციის გაუქმების, ან შეჩერების პრეცედენტები ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ საფრთხე შესაძლოა რეალური იყოს.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა 2019 წლის მაისში დაფიქსირდა. ნიდერლანდებმა ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება მოითხოვა, რადგან ალბანეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, ამასთან გაიზარდა კრიმინალური დანაშაულები. ალბანეთს უვიზო მიმოსვლა 9 თვეში ისევ აღუდგინეს პირობების შესრულების შემდეგ.
მეორე შემთხვევა იყო 2022 წელს, ევროკომისიის დასკვნას ვანუატუსთვის უვიზო რეჟიმის დროებითი გაუქმება მოჰყვა, საქმე ეხებოდა ე.წ. ოქროს პასპორტებს, რომლებსაც ვანუატუს ხელისუფლება თანხის გადახდის, ან ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში გასცემდა. ეს ევროკომისიამ შიდა უსაფრთხოების მიმართ რისკად და საფრთხედ მიიჩნია. ვანუატუს უვიზო მიმოსვლა დღემდე გაუქმებული აქვს.
რეალური საფრთხე, თუ ხელოვნურად აგორებული თემა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეალური საფრთხე გარკვეულწილად არსებობს, რადგან არის პრეცედენტები, როდესაც ვიზლაიბერალზიაცია ან შეუჩეერეს დოებით, ან გაუუქმეს.
"გარკვეული საფრთხე არსებობს, რადგან არსებობს პრეცედენტები, როცა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი გაუუქმეს, ან შეუჩერეს რამდენიმე სახელმწიფოს, მაგალითად, ალბანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის ნატო-ს წევრია და საქართველოს შემთხვევაში შიში უსაფუძვლო არაა, აქ უარესია, ავტორიტარული რეჟიმია და დემოკრატიის მიმართულებით უკუსვლა გვაქვს.
"ალბანეთს უვიზო მიმოსვლა აღუდგინეს და დღეს მოქმედებს, ეს დროებითი იყო, აქ შესაძლოა აღდგენის სურვილიც არ გამოთქვან. შესაძლოა დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას ეს იზოლაცია ერჩივნოს კიდეც. საფრთხე რეალურად არსებობს რამდენიმე სცენარით, თავად ევროკავშირშიც არ არიან ერთიან აზრზე, ნაწილი ფიქრობს, რომ მოქალაქეებსაც უნდა შეეზღუდოთ უვიზო მიმოსვლა, რადგან ისინი ირჩევენ ამ ხელისუფლებას",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რადგანაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდა, "ოცნებაც" არ გამორიცხავს, საქართველოც შეიძლება მოხვდეს იმ სიაში, რომლებსაც შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.
„ქართულმა ოცნებამ" ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე აქტიურად ალაპარაკდა თავად ევროკავშირი და მისი ხელმძღვანელობა. ასევე მას მერე, რაც ინფორმირებულმა პირებმა, მაგალითად „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკიმ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერების მაგიდაზე დევს ვარიანტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის სისრულეში მოყვანას.
"მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გამარტივდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი, ანუ აღარ სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსი და გადაწყვეტილების მისაღებად 15 ქვეყნის თანხმობაც საკმარისია, რასაკვირველია „ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ შესაძლოა საქართველოც მოხვდეს იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც პოტენციურად შეიძლება შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი.
ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა- ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ა.შ.
"როგორც ჩანს, ხელისუფლება ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს მოხდეს და პრევენციულ ზომებს იღებს, რათა რაღაცანაირად ფსიქოლოგიურად შეამზადონ საზოგადოება. გამორიცხული არაა, რომ ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ მიიღონ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, „ოცნება" ამ მიმართულებით რაღაცნაირად თავს იზღვევს და აჟღერებს იმ მესიჯებს, რასაც ჰქვია უსამართლო გადაწყვეტილება, თუკი ასე მოხდა და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო სვლა ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
რა მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში მძლავრი საპროტესტო ტალღა წამოვა შეცვლილი ტაქტიკით.
"საპროტესტო ტალღის გააქტიურება მოჰყვება, მერე უკვე ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იქნება. "ქართული ოცნება" ამიტომაც ემზადება და აგორებს პროპაგანდას, რომ არჩევანი გააკეთეთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და უვიზო მიმოსვლას შორისო.
ახლა ეს პროპაგანდა მუშაობს და ნიადაგს წინასწარ ამზადებენ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს პრობლემა უფრო მეტ ადამიანს შეეხება, ბევრ ემიგრანტს დაბრუნება მოუწევს და ა.შ. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოება იმაზე უნდა იმუშაოს, რომ "ოცნების" პროპაგანდამ არ იმუშაოს.
"საპროტესტო გამოსვლები იქნება და შესაძლოა მხოლოდ რუსთაველი არ იყოს, საპროტესტო ტაქტიკა შეიცვალოს და გამოვიდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე. ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციას, საზოგადოებას უნდა აუხსნან განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სამთავრობო ტელევიზიები მუშაობენ, იქ უნდა იაქტიურონ და სამწუხაროდ ჯერ ამ მხრივ ოპოზიციის გააქტიურებას ვერ ვხედავ",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ თუ ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მოქალაქეების უკმაყოფილება „ოცნებისადმი" გაიზარდოს. თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა ამან მოსახლეობის რაღაც ნაწილში ევროსკეპტიკური განწყობები გაზარდოს.
„დავესესხები ყველასთვის ცნობილ რიკარდ იოზვიაკს, რომელსაც ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა ანონიმურად უთხრა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ზოგიერთ ქვეყანაში ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნებაო. რა თქმა უნდა, თუკი ეს მოხდა, ძალიან ბევრი მოქალაქისთვის, რომლებიც სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით, სერიოზული დისკომფორტი იქნება. მათ შორის არიან ხელისუფლების მომხრეები, რომლებიც რასაკვირველია, ამით ბედნიერი არ იქნებიან.
"არ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი აუცილებლად საპროტესტო აქციაზე გამვლენ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათ „ოცნების" მიმართ კითხვები გაუჩნდებათ და შესაძლოა რაღაც შინაგანი პროტესტის განცდაც დარჩეთ, რადგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თავის უარყოფით შედეგებს აჩვენებს - ვეღარ შეძლებენ ევროპაში თავისუფლად წასვლას, მოუწევთ საელჩოებში რიგებში დგომა, ფულების გადახდა ა.შ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ამაზეა გათვლილი.
"ვერ ვიტყვი, რომ ევროპას აუცილებლად გადაწყვეტილი აქვს, საქართველოს შეუწყვიტოს ვიზალიბერალიზაცია. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს და შესაძლოა ამან მოსახლეობის რაღაც ნაწილში ევროსკეპტიკური განწყობები გაზარდოს.
ყოველშემთხვევაში არის იქ მოსაზრება, ამ ზომის მიღებით შეიძლება ოპოზიციას რაღაცნაირად დახმარება გაუწიონ იმისათვის, რომ მეტი ადამიანის მობილიზება მოახდინონ „ოცნების" წინააღმდეგ. ისინიც ხომ აკვირდებიან რა სიტუაციაა აქ? ხედავენ, რომ ეს საპროტესტო მუხტი რაღაც პოლიტიკურ ცვლილებების საფუძველს ვერ ქმნის და როგორც ჩანს, ვიღაცეები ცდილობენ ისეთი ზემოქმედება მოახდინონ საქართველოში, რომელიც ხელისუფლების პოზიციებს შეასუსტებს, ეს ჩემი ვარაუდია. მე არ გამორიცხავ, რომ თუ ეს გადაწყვეტლება ევროკავშირმა მაინც მიიღო, საპროტესტო აქციაში მონაწილეთა რიცხვმა მოიმატოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები
"როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და იმისგან თავისუფლება, რომ აქ ვინმემ დავალება მოგვცეს და ქართველებს თითები გვიტკაცუნოს, ეს შანტაჟის მცდელობაა - რაც არ უნდა თითი გვიქნიონ და გვაშანტაჟონ, ყოველთვის კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ!" - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ კითხვას, ელოდება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ან გაუქმებას.
გორდულაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრს ვალდებულებებს ასრულებს და „მყარად დგომითა და ღირსებით ყველაფერს იზამს, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია".
„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შესძლო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს. ამისთვის არსებობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, „ასოცირების შეთანხმება", სადაც გაწერილია მთელი რიგი დირექტივები, რითაც საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს. ამ კუთხით მუშაობა ყოველდღიურად მიდის - იქნება ეს პარლამენტში თუ მთავრობაში.
„ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ! არავის მოვუწოდებთ, რომ თითი დაგვიქნიონ, რაღაცით დაგვემუქრონ და დაგვაშანტაჟონ. არ შეიძლება თავისუფალი გადადგილება ქართველი ხალხის შანტაჟის საფუძველი გახდეს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ„ქართული ოცნების" მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
„ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ. ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული.
ეს კამპანია დაწყებულია სწორედ სააღდგომოდ. ეს არ მოდის ბრიუსელიდან და არცერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანი არის სწორედ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ, არა! ეს არის მათი მიზანი, რაც მოჰყვება მათ ქმედებებს.
"ყოველდღიურად ხან ლანძღავენ ევროპის რომელიმე დედაქალაქს, აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან, ეს არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიიღეს. მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა.
რუსეთის მიზანია, საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იზოლაციაში, ვიზალიბერალიზაციის გარეშე იქნება.
„ასევე, მცდელობა არის, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან. არავის სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პირებისა, როცა ინდივიდუალური სანქციები არის გამოცხადებული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე