საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ სინირლიოღლუ საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო, რადგან ეს „ოცნების" ლეგიტიმაციას ნიშნავს, ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა" და ხაზგასმით ამბობენ, რომ მმართველ პარტიას ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან უკვე მიღებული აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერისა და გენმდივნის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს.
საყურადღებოა, რომ პრემიერთან შეხვედრამდე ეუთო-ს გენმდივანი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა. ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის არჩევნების, ისე მუნიციპალიტეტების ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში 22 აპრილს ჩამოფრინდა. ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ეუთო-ს მხრიდან საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. ეუთოს გენმდივანმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან.
რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს პრემიერისა და გენმდივნის შეხვედრას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ ჩიტაძე აცხადებს, რომ ეუთო-ს გენმდივანი საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო და აფასებს სინირლიოღლუსა და კობახიძის შეხვედრას: „არ უნდა ჩამოსულიყო ეუთო-ს გენმდივანი საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რეგიონული ტურნე. მითუმეტეს, რომ არსებობს ოდირის დასკვნა 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა, რადგან ვიზიტი შედგა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარი შეეხო სწორედ ამ არჩევნებს, წესით, გენმდივნის მხრიდან უნდა ყოფილიყო მოთხოვნა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
ეუთო პასუხისმგებელია ორ ძირითად მიმართულებაზე - კონფლიქტების დარეგულირებაზე და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე - ამიტომაც უნდა იყოს უფრო მომთხოვნი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ. მე ასე ვფიქრობ."-დასძნა ჩიტაძემ
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ აღნიშნული ვიზიტი ცხადყოფს, რომ ეუთო ხელისუფლების ლეგიტიმაციას ცნობს: „ეს ვიზიტი ნიშნავს, რომ ეუთო, რომელმაც არაორაზროვანი დასკვნა დადო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცნობს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პირებს, ვინც „დიფ სთეითის" დაკვეთით მოქმედებს, რომ ეუთო-ს არავითარი კითხვები არ აქვს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრები, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა ამ ყველაფრის მკაფიო დადასტურებაა. ახლა კი ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, ეს მათი საქმეა."
დასავლეთის პოზიციები „ოცნების" მიმართ რბილდება?
კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ეუთო-ს გენმდივნის ვიზიტი დასავლეთის დამოკიდებულებაზე, ჩიტაძე გვპასუხობს: „არა. რაც შეეხება ეუთო-ს სიგნალს, ვფიქრობ, ეს არ იმოქმედებს დასავლეთის პოზიციებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეუთო 50-ზე მეტი სახელმწიფოსგან შედგება და მათი უმრავლესობა არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად. შესაბამისად, არც ხელისუფლებას თვლიან ლეგიტიმურად. აქედან გამომდინარე, ეუთო-ს გენმდივანი შეიძლება ჩამოვიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთის პოლიტიკა მმართველი პარტიის მიმართ შემსუბუქდება.
საერთო ჯამში, გადაწყვეტილებები ეუთო-ში კონსენსუსით მიიღება. ის, რომ გენმდივანი ეწვია საქართველოს და შეხვდა პრემიერს, არ ნიშნავს, რომ ეუთო რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარების შესახებ."
ჩიტაძის თქმით, ხელისუფლება ამ ვიზიტს სათავისოდ გამოიყენებს: „რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. „ქართული ოცნების" ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ ეუთო-ს გენმდივნის ჩამოსვლა ლეგიტიმაციის დადასტურებაა. ისინი ამ გზით ცდილობენ საკუთარი ამომრჩევლისა და მხარდამჭერების წინაშე გაამართლებონ თავი. ასე რომ, მაქსიმალურად ეცდებიან დაამტკიცონ, თითქოს გენმდივანი აღიარებს არჩევნების შედეგებს, რაც რეალობას არ შეესაბამება."
ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს: „რაც შეეხება ეუთო-ს მესიჯს, დასავლეთის პოზიციები საქართველოს ხელისუფლების მიმართ შესაძლოა დარბილდეს მხოლოდ მაშინ, როცა მათი პატრონები, ანუ დიპ სტეიტი, ამის საჭიროებას დაინახავს. ეს ის ძალებია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თავისუფლების მოყვარე ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი და საქართველო. ეუთო-ს გენმდივნის ვიზიტიც ემსახურება იმას, რომ ამ სტრუქტურებზე დამოკიდებულმა ხელისუფლებებმა დაინახონ - საქართველოში ყველაფერი წესითა და რიგით ჩატარდა 2024 წლის 26 ოქტომბერს."
პოლიტიკური შეფასებები
ოპოზიციის ნაწილი ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტით უკმაყოფილოები არიან და ხაზგასმით ამბობენ, რომ „ როგორც ჩანს, ამ ადამიანს არ ესმის საქართველში არსებული მძიმე მდგომარეობა".
ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ასე აფასებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი
მისივე თქმით, საერთაშორისო ინსტიტუციიის ყველა წარმოამდგენელი უნდა იყოს ადეკვატური,
„როდესაც ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები ყოველდღიურად ნადგურდება და იზღუდება, ამ დროს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუციის ყველა წარმომადგენელი უნდა იყოს ადეკვატური შექმნილ გარემოში. ეს, მათ შორის, მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით"-განაცხადა ირაკლი ფალენიშვილმა
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ აღნიშნული ვიზიტი რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაზე მცდელობები, უბრალოდ, ჩამოშლილია. ხაზგასმით ამბობენ, რომ მმართველ პარტიას ლეგიტიმაცია ხალხისგან აქვს მინიჭებული.
„რადიკალი ოპოზიციონერებისთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთოდ ეს აბსურდი, რაშიც ცდილობდნენ რომ გაეხვიათ როგორც ქართულო საზოგადოება, ისე მსოფლიო თანამეგობრობა, არის ჩამოშლილი და საერთოდ არაფრად არ ღირს მცდელობა, ლეგიტიმაციის პრობლემები შეექმნათ ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯია და არა ერთი, როდესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან ჩვენი ქვეყნის მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები. აქ აბსოლუტურად ყველაფერია ამით ნათქვამი."-განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა
მათიკაშვილი აფასებს ოპოზიციის განცახდებებს, და ამბობს რომ ისინი „ისტერიკაში" არიან: „რაც შეეხება ოპოზიციას - სრულ ისტერიკაში არიან ცალკეული ოპოზიციონერები, მათი მხარდამჭერები და დავალებების მიმცემები ქვეყნის ფარგლებს გარედან. სრული ისტერიკა აქვთ გამართული"-დასძინა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე