ნატალია ჯვარიძე
(23.04.2025)

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯომარე უკვე შერჩეულია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ამ პოსტზე თამარ ზოდელავა დაინიშნა. დაჩქარებული წესით მიღებული პროექტის მიხედვით, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება. კანონის ამოქმედებისთანავე, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.

„ალბათ, იხელმძღვანელებენ, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, ისე ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით. გრანტების გაცემის დროს მთავარია ეფექტური პროგრამული და ფინანსური მონიტორინგი, რათა გაცემულმა გრანტმა მოიტანოს ის შედეგი, რისთვისაც გაიცა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თამარ ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„ის 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებსა და პოზიციებზე, ასევე, იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.

თამარ ზოდელავამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა. იგი, აგრეთვე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტმა 20 თებერვალს დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება.

კანონის ამოქმედებისთანავე, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს. მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით, ათი პირი დასაქმდება.

ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ ააგოროს კამპანია, თითქოს ეს სააგენტო ხელისუფლებისადმი ლოალურობით განწყობილ ორგანიზაციებს აფინანსებს.

„გრანტების გაცემის სხვადასხვა პროცედურა არსებობს. მე დონორ ორგანიზაციებში თითქმის 15 წელზე მეტი ვიმუშავე და ვიცი, რომ ყველა დონორს გრანტების გაცემის თავისი რაღაც სპეციფიკური პროცედურა აქვს და მკაფიოდ არის გაწერილი, რაზე შეიძლება დაფინანსდეს გრანტები და რაზე არა, რომელი ორგანიზაციები არიან ისეთები, რომლებსაც არ შეიძლება გრანტები მიეცეს, მაგალითად, პოლიტიკური პარტიებს, კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციებს და ა.შ.

ეს ახალი სააგენტო რა პროცედურებს შეიმუშავებს გრანტების გაცემისთვის, ვერ გეტყვით. ალბათ იხელმძღვანელებენ, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, ისე ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით.

გრანტების გაცემის დროს მთავარია ეფექტური პროგრამული და ფინანსური მონიტორინგი, რათა გაცემულმა გრანტმა მოიტანოს ის შედეგი, რისთვისაც გაიცა. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოსავალი პუნქტი.

ვის დააფინანსებენ და რა პროექტებს, ამას ჩვენ ვნახავთ მაშინ, როცა სააგენტო სავარაუდოდ, რაღაც საჯარო განაცხადს გააკეთებს, ვებ-გვერდს შექმნის, სადაც გაწერილი იქნება ეს პროცედურები და ამ სააგენტოს მანდატი, კონკრეტულად რა პროექტები დაფინანსდება და რა არა. გარკვეული პერიოდი უნდა დაველოდოთ.

როცა ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება, ამის შემდეგ შევაფასოთ, როგორ იმუშავებს სააგენტო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სააგენტოს წინააღმდეგ აგორდეს გარკვეული კამპანია ცნობილი ოპოზიციური ჯგუფებიდან და დაადანაშაულონ, ვითომ ისინი დააფინანსებენ მხოლოდ ხელისუფლებისადმი ერთგულებით და ლოიალურობით გამორჩეულ ორგანიზაციებს. ეს ჩემი ვარაუდია და ამას ვნახავთ სააგენტოს მუშაობის პროცესში", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე