უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე პოზიციების დაახლოება კვლავ ვერ ხერხდება, 23 აპრილს მინისტრების დონეზე ლონდონში დადგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაუქმდა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. მანამდე, ცნობილი გახდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვიდპუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და ყირიმის აღიარებას და არანაირ კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის.
დასავლურ მედიიის ცნობით, სწორედ ტრამპის ეს დოკუმენტი იქნებოდა განხილული 23 აპრილს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი მიიღებდნენ მონაწილეობას.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ლონდონში ასევე ჩავიდოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, თუმცა, მათი ვიზიტი გაუქმდა. ცნობილია, რომ სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში აპირებს ჩასვლას. ინფორმაციას კრემლში ადასტურებენ.
ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ანალიტიკოსთა შეფასებით, პუტინს დღეს ამ მოცემულობით ომის დასრულება არ აწყობს და თუ მაინცდამაინც დათანხმდა და სანაცვლოდ რამე მიიღო, ის ამაზე არ გაჩერდება, ან უკრაინას შეუტევს განმეორებით, ან ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებს შეუქმნის საფრთხეს, ეს კი უკრაინისა და ევროპის ქვყნების ინტერესებს და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება.
"სწრაფად შეთანხმება არ გამოდის"
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს არ შეამცირებს, ამ მოცემულობით, სამშვიდობო შეთანხმება არ გამოვა.
"სწრაფი შეთანხმება არ გამოდის, აქ იმდენად განსხვავებული ქვეყნები მონაწილეობენ და იმდენად განსხავებული პოზიციები აქვთ, რომ ეს ასე მარტივად არ გამოვა. ჯერ არაა მომწიფებული შეთანხმება, ლონდონის შეხვედრა ალბათ ამიტომაც გადაიდო, ამას მხარეების შემზადება სჭირდება.
"თუ რუსეთი ამ თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს არ შეამცირებს, ეს ხელშეკრულება არ გამოვა. გუშინ ერთ-ერთმა დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა, რომ რუსეთი თითქოს თანახმაა რაღაცეებზე უარი თქვას - მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე თანახმაა, ნატოზე - არა. თითქოს რაღაც შეარბილა, მაგრამ ეს არ კმარა, რადგან სამაგიეროდ უნდა ამერიკამ ყირიმი და ოთხი რეგიონი აღიაროს, რაც უკრაინისთვის და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
"პუტინი რუსეთის შიდა ზეწოლას ვერ გრძნობს, ამიტომ შეუძლია ომი გააგრძელოს. ძალიან ბევრი რამ აშშ-ზეა დამოკიდებული, რადგან ზეწოლა მხოლოდ უკრაინაზე კი არ უნდა მოახდინოს, არამედ რუსეთზეც, რადგან სხვანაირად ეს არ გამოდის. ტრამპის ადმინისტრაცია კი რუსეთზე ზეწოლას არ ახდენს, ახდენს მხოლოდ მსხვერპლზე და ასე ცალმხრივად რა გამოვა, არ ვიცი.
"არავითარი გარანტიები არაა და განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი და გაურკვეველია, ევროპული ძალები რომ იქნებიან, მერე რა ხდება და უკრაინას როგორ დაიცავენ, ეს დღემდე გაურკვეველია და მემგონი, ამ და სხვა ბევრი საკითხების გამო გადაიდო ეს შეხვედრა, რუსეთი მთლად წინააღმდეგია ევროპული ძალების უკრაინაში განლაგების",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან".
"ალბათ შემოდგომამდე ასე გაგრძელდება"
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დღეს რაიმე სახის შეთანხმების პერსპექტივა არ არსებობს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა პუტინს ომის დასრულება არ აწყობს, უკრაინა კი პუტინის გეგმებს არც განიხილავს.
"სამწუხაროდ ჩემი პროგნოზი კვლავ გამართლდა, ალბათ შემოდგომამდე სიტუაცია ასე გაგრძელდება. რუსეთი კვლავ ცდილობს, რომ საბრძოლო მოქმედებები გააგრძელოს და მას ომის დასრულება არ აწყობს. ცდილობენ არ დათმონ ის ტემპი, რომელიც ტაქტიკურ დონეზე ხელში ჩაიგდეს, მათთვის ამის შეჩერება წამგებიანი ვარიანტია, რადგან პუტინს საკუთარ ხალხთან თავისი ვალდებულებები აქვს.
"პუტინი ამბობდა, რომ ოთხი რეგიონი რუსეთის კონსტიტუციის ქვეშ მოაქცია და ოთხივე რეგიონი არაა სრულად ოკუპირებული. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი თუნდაც სამშვიდობო შეთანხმება, ან ზავის დადება, ეს ფაქტიურად კაპიტულაციას ნიშნავს.
ისე გამოვა, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე ვერცერთი ოპერატიულ-სტრატეგიული დონის მიზნები და ამოცანები ვერ შეასრულა, ეს საკმაოდ გამოკვეთილად ჩანს კიდეც და პუტინისგან ყოველგვარი ასეთი ტიპის ქმედება პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია.
"ამ ეტაპზე ფრონტის ხაზის გაყინვა პუტინს ვერაფერს სარგებელს ვერ მოუტანს. თუ ის ფრონტს ამ დონეზე გაყინავს 1350კმ-ის არეალში, ფაქტიურად გამოვა, რომ მისი სამხედრო ავანტიურა ჩავარდნილია და დროის გაყვანა უფრო აწყობს.
ამასთან, პუტინმა ქვეყანაში ომის ეკონომიკა ააწყო, მაგრამ თუ უკრაინაში ომი შეჩერდა, გადაიტანს თუნდაც ნატოს მიმართულებით, ანუ საფრთხე შეუქმნას ბალტიისპირეთს, პოლონეთს, ფინეთს, ყველა შემთხვევაში მას ომის წარმოება აწყობს და გამონახავს რამეს.
"პუტინმა სამი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა, ყირიმს მიიჩნევს რომ ეს რუსეთის შიდა ტერიტორიაა და ამასთან 4 რეგიონს ითხოვს, ასევე ითხოვს უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ნატოს წევრობა დაივიწყოს, შემდეგი მოთხოვნაა უკრაინის დემილიტარიზაცია - უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა 100 ათასი ადამიანი გახდეს და განიარაღდეს. რა თქმა უნდა ეს გეგმა არარეალისტურია, უკრაინა არც აპირებს უკან გადადგას ნაბიჯი, მითუმეტეს, რომ სამი წელია სისხლს ღვრიან"- განაცხადა მაისაიამ.
მისი თქმით, პუტინმა თამასა ასწია და საკუთარი პოლიტიკის ტყვე აღმოჩნდა. მისი თქმით, თუ ჰიპოთეტურად უკრაინისგან 4 რეგიონი მიიღო, ის ამაზე არ გაჩერდება, პაუზის შემდეგ ახალი ძალებით გრძელვადიანად განმეორებით შეუტევს უკრაინას, ეს კი არც ევროპის და არც უკრაინის გეგმებში არ შედის.
"ორივე მხარეს სამობილიზაციო რესურსები ფაქტიურად ეწურებათ, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალები კარგად არიან მობილიზებულები და ადაპტირებულები თანამედროვე საომარი მოქმედებების ხელოვნებას, ისინი წინ წავიდნენ ნატოს წევრი ქვეყნებთან შედარებთაც კი.
უკრაინელებს შეტევითი პოტენციალი ჯერ გამოკვეთილი არ აქვთ, რუსები ნელი ნაბიჯებით მიდიან წინ, რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, დივიზიის წინ წაწევის ნორმა არის 20 კმ დღეში, ამ დროს ვხედავთ, რომ უკრაინაში მოქმედი ჯგუფების წინ წაწევა არ აღემატება 200-300 მეტრს. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია როგორ მდგომარეობაშია რუსეთის არმია უკრაინასთან მიმართებაში.
"პუტინმა ისე ასწია თამასა, რომლის ჩამოგდება მას უკვე აღარ ძალუძს, ამიტომ ის საკუთარი პოლიტიკის ტყვე აღმოჩნდა. ზელენსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავად მოსახლეობაც არავითარ შემთხვევაში არ წავლენ პუტინისეულ გეგმაზე, მაგრამ თუ ჰიპოტეტურად ეს ოთხი რეგიონი გადაიფორმა, შეიძლება დროებით გააფორმოს ზავი და ცოტა ხანში ისევ გაიმეოროს ქართული მაგალითი და შეეცდება ჰიბრიდული ომის მეშვეობით გააფართოვოს ოკუპირებული ადგილები.
"ამასთან, შეიძლება პუტინი სერიოზულად მოემზადოს უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეორე გრძელვადიანი ომის კამპანიისთვის, რათა უფრო წარმატებულად განახორციელოს მიზნები. ლონდინის სამიტიც ალბათ ამიტომაც არ შედგა, ყველას თავისი წითელი ხაზებით იყო წარმოდგენილი, რისი შეთანხმებაც ახლა გამორიცხულია.
"ამასთან, რუსეთში პუტინის პოზიციაც საკმაოდ მყიფეა, ეს პრიგოჟინის ოპერაციამაც თავის დროზე აჩვენა და თუ ის ამ ომს ისე დაამთავრებს, რომ საკუთარ გეგმებს არ შეასრულებს, არაა გამორიცხული, რომ მას დაუპირისპირდნენ კლანის წევრები",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
ვის რა გეგმა აქვს და რატომ გადაიდო ლონდონის სამიტი
ბრიტანული მხარის ცნობით, შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, აღარ შედგება და გადაიდო.მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ ის მედიისთვის დახურული იქნება.
გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ 23 აპრილისთვის დაგეგმილ შეხვედრას აღარ დაესწრებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მის ნაცვლად ლონდონში კიტ კელოგი ჩავიდოდა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ დაესწრებოდნენ.
"ფაინენშელ თაიმსი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. მათივე ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე "პრეტენზიებზე" უარის თქმა შეუძლია.
"ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა სამი წლის წინ ომის დაწყვებიდან გააკეთა, რომ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად", - წერს გამოცემა.
პუტინის სიტყვებმა იქამდე მიიყვანეს, რომ აშშ-მა "მშვიდობიანი დარეგულირების" წინადადება წარმოადგინა, რომლის ცალკეული დეტალები მედიაში მოხვდა.
ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც გამოცემას ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას - მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა.
"ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს",-განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
"ფრანსინფოსთან" საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში თავიანთი „წითელი ხაზები" წარუდგინეს. მისი თქმით, 23 აპრილს ლონდონში გასამართი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის იქნებოდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოეხატათ თავიანთი მოლოდინები და „წითელი ხაზები".
„ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაღელვებს, ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შუამავლის როლის შესრულება, ჩვენ მათ ვაცნობთ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას, თუ რას არ დავთმობთ", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლონდონის სამიტის გაუქმებამდე.
"დეილი ტელეგრაფი" წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა შვიდპუნქტიანია: 1. დაუყოვნებლივი ზავი; 2. უკრაინასა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყება; 3. უკრაინის უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუმცა შესაძლებლობა, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანდეს; მეოთხე და მეხუთე პუნქტები მოიცავს ტერიტორიებს, კერძოდ, აშშ დე იურე აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მხარეები გაყინავენ ფრონტის ხაზს. დოკუმენტი არ ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ოლქების რუსეთის ტერიტორიად ფორმალურ აღიარებას, თუმცა მოიცავს ამ ტერიტორებზე რუსეთის კონტროლის ფაქტობრივ აღიარებს. უკრაინის ტერიტორიის ნაწილი (ხესრონის ოლქში) უნდა დაუბრუნდეს კიევს, ხოლო აშშ გააკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. 6. უკრაინა ხელს მოაწერს შეთანხმებას აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესახებ; 7. აშშ და რუსეთი შეძლებენ ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარებას სანქციების სრულად გაუქმებისა და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დაწყების პირობებში.
„დეილი ტელეგრაფის" ცნობით, გეგმა არ შეიცავს არანაირ კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, მათ შორის, არ არის ნახსენები ე.წ. მსურველთა კოალიციის დახმარების საკითხიც. ცნობისთვის, ამ კოალიციის წევრი ევროპული სახელმწიფოები მზადყოფნას გამოთქვამენ, უკრაინაში სამშვიდობო ძალები გააგზავნონ.
გამოცემა წერს, რომ კიევს გაუჭირდება ამერიკული წინადადების მიღება, რადგანაც ის გულისხმობს ტერიტორიულ დანაკარგებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმის გარეშე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე