სააღდგომოდ, მიცვალებულთა ხსოვნის დღეს, მავთულხლართების მიღმა დარჩენილი საფლავების პატრონებს ოკუპაციის მძიმე შედეგმა წელსაც შეახსენა თავი. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დე ფაქტო ადმინისტრაციების მხრიდან უსაფრთხო დერეფნის გახსნა კვლავ პრობლემად რჩება და აღდგომის დღეებში სასაფლაოზე მოქალაქეების დაკავების საფრთხე მუდმივადაა, თუმცა, როგორც „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, აღდგომის დღეებში განსაკუთრებით ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ვითარება კიდევ უფრო შეამსუბუქა და ვისაც არ ჰქონდა ნებართვა და საშვი ის ხალხიც კი შეუშვა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდში იხსნება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უფლება ეძლევათ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები მოინახულონ, აიღონ პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისით. თუმცა გადაადგილების უფლება ყველას არ აქვს, რადგან სპეციალური საშვებია საჭირო, რომელიც, გავრცელებული ცნობით, ნელი ტემპით გაიცემა.
ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით ენგურის ხიდის გამშვები პუნქტს რაც შეეხება, ზაქარეიშვილის თქმით, გალის რაიონში შესვლა შედარებით იოლია: „ვინ შევა აღდგომას გალში, რომ თავისი ახლობრილის საფლავი მოინახულოს, თუ არა გალელი. ამიტომ მათ, როგორც წესი, იციან როგორ გადავიდნენ და შევიდნენ, წინასწარ რაღაც გარკვეულ თადარიგს იჭერენ".
გალის რაიონის სოფელ გაგიდის მკვიდრი თამარ ოყუჯავა, რომელიც ამჟამად სტუდენტია და თბილისში სწავლობს, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენგურის გამშვები პუნქტი უპრობლემოდ გადაკვეთა გასული კვირის ბოლოს და არც მისი გადასვლის მომენტში არ დაფიქსირებულა ამ მხრივ რაიმე ინციდენტი, თუმცა, მისი თქმით, საკმაოდ ხშირადაა შემთხვევები, როცა ადამიანებს პრობლემები ექმნებათ გადასვლასთან დაკავშირებით.
„თითოეული დღესასწაული ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს მშობლიურ მხარეს ვსტუმრობ ხოლმე. საბედნიეროდ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოვახერხე აფხაზეთში ჩასვლა. ენგურის ხიდი კვირის ბოლოს გადავკვეთე.
„არის მომენტები, როცა მნიშვნელოვან თარიღების დროს ენგურის გამშვები პუნქტი იკეტება, შესაბამისად, ხალხი ვერ ახერხებს გადასვლას, თუმცა ახლა მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, ამიტომ თავისუფლად, ყოველგვარი ზედმეტი პრობლემის გარეშე მოვახერხე გადასვლა აფხაზეთში.
„კვირას ოჯახთან ერთად გავედი სასაფლაოზე, ბებია-ბაბუების საფლავები მოვინახულეთ. ახლა უკვე თბილისში ვარ, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ ჩემს სახლში ისევ დავბრუნდები.
„როგორც ვახსენე, საკმაოდ ხშირადაა შემთხვევები, როდესაც ენგურის ხიდზე გადასვლისას ადამიანებს პრობლემები ექმნებათ და არ უშვებენ, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტი ჩემი გადასვლის მომენტში არ დამინახავს", - განაცხადა „რეზონანსთან" თამარ ოყუჯავამ.
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი ანონიმურობის დაცვით კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ წელსაც ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა და გალელებს დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით პრობლემა ისევ შეექმნათ. თუმცა უპრობლემოდ შეძლეს გადასვლა მათ, ვისაც ბინადრობის მოწმობა აქვს. ასეთი კი გალის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივებს მიმოსვლა კატეგორიულად აქვთ აკრძალული, ოჯახის წევრებისა და საფლავების მონახულება წელსაც ბევრმა ვერ შეძლო.
„მას შემდეგ, რაც ადგილობრივი სკოლები რუსულად გადაკეთდა, გალი მოსახლეობის თითქმის ნახევარმა დატოვა. ამ კატეგორიის მოქალაქეებს ე.წ. ბინადრობის დოკუმენტების ვადაც გაუვიდათ, ამიტომ უკან დაბრუნება ბევრმა ვერ მოახერხა. ახლა ერთადერთი გამოსავალი „,მოწვევაა" - ე.წ. სტუმრის სტატუსით ჩასვლა, რაც თითო ადამიანს 150 ლარამდე უჯდება. თუმცა, სადღესასწაულო პერიოდში ეს შესაძლებლობაც მოუსპეს ხალხს და მიმოსვლა აკრძალეს.
„ვინც ადგილზე ვცხოვრობთ, მათ გადაადგილება აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე არ გვეზღუდება. ოჯახის წევრების საფლავებიც მოვინახულეთ და მეზობლებისა და ახლობლების საფლავებსაც მივხედეთ.
„წინა წლებისგან განსხვავებით, სასაფლაოებზე ჭირისუფლის სიმცირე იგრძნობოდა. მე პირადად ასეთი შემთხვევა იშვიათად მახსოვს. ამ დროს, 2002 წელს დავბრუნდი ნაბაკევში და დღემდე არ მიმიტოვებია. ყველგან სიცარიელეა, წლიდან წლამდე მცირდება ადგილობრივი მოქალაქეების რაოდენობა. ეს პროცესი 7-8 წლის წინ დაიწყო, როცა სკოლები რუსულად გადააკეთეს. მას შემდეგ ყოველწლიურად იკლებს ხალხი, წელს „მოწვევითაც" ვერ შეძლეს ჩამოსვლა, ამ შეღავათიც ვერ ისარგებლეს.
ალბათ მაისიდან ისევ იმოქმედებს „მოწვევა", ფინანსურად ხელსაყრელია აფხაზური ადმინისტრაციისთვის, ამიტომ აწყობთ. უფრო ზაფხულობით ჩამოდიან, თხილის სეზონზე. სადღესასწაულოდ ეს, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, ვერც ახლა და ვერც საახალწლოდ", - უთხრა ,,რეზონანსს" ნაბაკევის მკვიდრმა.
რატომ აღარაა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფება ძველებურად მკაცრი
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონი უფრო ჩაკეტილია ხოლმე და ყოველთვის პრობლემა იყო საფლავებზე გასვლა, თუმცა ახლა ვითარება ამ მხრივ შემსუბუქდა.
„ამ მხრივ ცხინვალი უფრო ჩაკეტილია ხოლმე, ვიდრე აფხაზეთი. როგორც წესი, „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე ადამიანები დაუშვეს ყოველი თვის 20 რიცხვიდან და ვისაც ნებართვა აქვს, უშვებენ, რომ იმოძრაონ, მაგრამ აღდგომის დღეებში ახლა ცხინვალმა ვითარება კიდევ უფრო შეამსუბუქა და ვისაც არ ჰქონდა ნებართვა და საშვი, ის ხალხიც კი შეუშვეს.
„რამდენად გამოიყენა ეს ხალხმა და იყო თუ არა რაიმე ტიპის შეზრუდვები, ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა, მაგრამ ფაქტია, გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვისაც მე ვიცნობ, ის ადამიანები შევიდნენ ნებართვის გარეშე ახალგორში და მოინახულეს თავიანთი მშობლების საფლავები. აფხაზეთის მხარეს არაა პრობლემები, ყოველთვის უშვებენ ხოლმე.
„ახლა ქართულ მხარესთან აშკარად ურთიერთიბების დალაგების პერიოდი აქვს რუსეთს და გარკვეული დირექტივები აქვს სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით - რომ არ დაძაბონ ვითარება. ეს ჰუმანიტარული საკითხებია, აქ პოლიტიკა არაა და დროებით ე.წ. საზღვარი რაღაც თარიღში იხსნება და იკეტება ხოლმე. ყველამ ჩათვალა, რომ ამას გართულება და განვითარება არ ექნება და იფიქრეს - ჯანდაბას, შემოვიდნენო.
„ადრე უბრალოდ არ უშვებდნენ, განსაკუთრებით ცხინვალში. გალის რაიონში შესვლა მაინც იოლია და ბუნებრივია, გალელები შედიან. ვინ შევა აღდგომას გალში, რომ თავისი ახლობრილის საფლავი მოინახულოს, თუ არა გალელი, ამიტომ მათ, როგორც წესი, იციან როგორ გადავიდნენ და შევიდნენ, წინასწარ რაღაც გარკვეულ თადარიგს იჭერენ.
„გალის რაიონში შესვლა პრობლემა არაა უკვე დიდი ხანია და ცხინვალში ყოველთვის პრობლემები იყო, მაგრამ ახლა, წელს სიტუაცია შედარებით მსუბუქი იყო და მე მაინც მგონია, რომ მოსკოვიდან დირექტივები მიიღეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე