თამთა ჩაჩანიძე
(22.04.2025)

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენმდივანი ფერიდუნ სირინრიოღლუ ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშილს, რის შემდეგაც ერთობლივი საჯარო განცხადებებიც გაკეთდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სინირლიოღლუ შეხვდება საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა ვითარებას.

მმართველი პარტიის შეფასებით, ასეთი ვიზიტები „ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას". როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, „მართალია, მცირე რესურსით, მაგრამ მოლოდინი კიდევ არსებობს, რომ ოპოზიციას „დიფ სთეითის", ამჟამად ბრიუსელის მხრიდან, კიდევ ექნება დახმარება".

ვიზიტი ოპოზიციაში უკმაყოფილებას იწვევს, მათი შეფასებით, „ოცნებას" აქვს მცდელობა, რომ ეუთოს გენმდივნის ვიზიტი „მის რაღაც ტიპის აღიარებად წარმოაჩინოს", თუმცა „ძლიერი საქრათველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, „ეუთოს მანდატი ყველა წევრ სახელმწიფოსთან მუშაობას წარმოადგენს მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის რეჟიმი მართავს მას".

ამის გარდა, ოპოზიცია იმითაც უკმაყოფილოა, რომ ვიზიტის ფარგლებში უკვე გაკეთებულ საჯარო განცხადებებში ეუთოს გენმდივანს არ უხსენებია ადამიანის უფლებების დარღვევები, პროდასავლური კურსიდან გადახვევა, ან პოლიტპატიმრების საკითხი.

ანალიტიკოსები ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ ვიზიტს, ევროპის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება მოჰყვეს. ასევე არ გამორიცხავენ, რომ საჯარო განცხადებების გარდა, კულუარული საუბრები ყოფილიყო, სადაც შენიშვნები იქნებოდა მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

ოფიციალური განცხადებები

ეუთო-ს გემნდივანის თქმით, ეუთო მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ყველა ქვეყანას. როგორც ფერიდუნ სირინრიოღლუმ მაკა ბოჭრიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან".

„სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია", - განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მიუღებელია, ზოგიერთი აქტორის მხრიდან ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები.

„საქართველო პატივს სცემს ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები.

„საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის ეუთო-სა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც.

„ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთო-სადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირ-ის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოდირ-ის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა

მისივე თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და „ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად".

გარდა ამისა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს საჭიროდ მიაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.

რა მნიშვნელობისაა ეუთოს გენმდივნის ვიზიტი

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ვიზიტის პირდაპირ დაკავშირება „ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან არასწორია.

„ლეგიტიმაცია ურიდიული ნორმა არაა, პოლიტიკური საკითხია. „ქართული ოცნების" არალეგიტიმურობა განსაზღვრულია არა იმდენად არჩევნების ცუდად ჩატარებით, არამედ იმით, რომ ცუდად ჩატარების მერე, საერთოდ კიდევ უფრო მკვეთრად ანტიდასავლური პოლიტიკა აირჩია - დასავლეთი, ევროკავშირი და ლიბერალური ღირებულებები გამოცხადებულია მტრად და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო შეთქმულებად.

„ბუნებრივია, ასეთ ხელისუფლებასთან არ იქნება ისეთი ურთიერთობა, როგორიც იყო თუნდაც მანამდე იმავე ხელისუფლებასთან. არ იქნება ბევრი რამის აღიარება და ამ ვითარებაში, არ ნიშნავს, რომ (საქართველოს ხელისუფლება) საერთოდ მიუკარებელი და კეთროვანი იქნება, მით უმეტეს, როდესაც წინ თვითმმართველობის არჩევნებია და პოლიტიკური პროცესები კიდევ არაა დასრულებული - პროტესტია. დააკვირდებიან როგორ რეაგირებენ ამ პროტესტზე და ჩემი აზრით, შემოდგომისთვის, განსაკუთრებით თვითთმართველობის არჩევნების შემდეგ, საბოლოოდ ჩამოყალიბდება დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან.

„ცხადია, ევროპა დიპლომატიურ ურთიერთობას არ გაწყვეტს. რაღაც ასეთი თავაზიანი ვიზიტები და რაღაცეებზე შეთანხმემა თუ შესაძლებელია, იქნება, თუმცა, ეს იქნება ისეთივე ტიპის ურთიერთობა, რომელიც ევროპას და ევროკავშირს სხვა ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებთან აქვს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების აღიარებას ნიშნავს, თუმცა ეუთოს მხრიდან ეს პრობლემა არასდროს ჰქონია „ოცნებას".

„ეს რა თქმა უნდა აღიარებას ნიშნავს. ეუთოსა და არჩევნებზე მისი სადამკვირვებლო მისიის მხრიდან არასოდეს არ თქმულა, რომ არ აღიარებენ პარლამენტს, ხელისუფლებას და არჩევნებს. მათი დასკვნა ყველას შეუძლია შეადაროს სააკაშვილის დროინდელი არჩევნების დასკვნებს, ეს გაცილებით უფრო რბილია და ნაკლებ შენიშნვას შეიცავს. 2008 წელს ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ აშკარად გაყალბებულიაო.

„საერთოდაც, ჩემთვის არცკი დასმულა კითხვა - ეუთო ცნობს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

შესაძლო კულუარული საუბრები

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ კულუარული საუბრები ყოფილიყო, რა დროსაც ეუთოს მხრიდან გამოითქმებოდა წუხილი სხვადასხვა პრობლემებზე.

„ინსაიდერული ინფორმაცია არ მაქვს, შიგნით რა ხდება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გარედან დაკვირვებით, ცხადია, ეუთო-ს და ევროპის წარმომადგენელი კვლავ დასვამდა იმ რეფორმების საკითხს და წუხილს გამოთქვამდა, რომ საქართველო ევროპაზე ორიენტირებული აღარაა.

„ფორმალურად მაინც კანდიდატის სტატუსი და უვიზო რეჟიმი გვაქვს და სხვა ქვეყანასთან შედარებით, ამ პრივილეგიებით ვსარგებლობთ. ეს ყველაფერი რომ საფრთხის ქვეშ დგება, რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკი იქნებოდა. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას არც უვიზო რეჟიმის დათმობა არ აწყობს და არც ის, რომ ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა სრულიად შეწყდეს, ამან მისთვის შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიღოს. თუმცა, მას ასევე კატეგორიულად არ სურს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი და ამაზე ყოველგვარი შენიშვნა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ მტრობად აღიქმება.

„ასეთ დროს არ ვიცი საერთოდ რაზე უნდა ილაპარაკონ და რაზე შეთანხმდნენ. ევროპას დასათმობი არაფერიო აქვს. ბოლო-ბოლო, თუ ჩვენ ევროპიზაციის გზას არ დავადგებით, გაგვანებებს თავს, დაგვიწესებენ სანქციებს და ვიქნებით ასე. ალბათ ამ თემებზე იქნებოდა ლაპარაკი, თავის პოზიციებს გაუზიარებდნენ და თუ რაიმეს დამთმობია ხელისუფლება, ამას ჩვენ დავინახავთ ძალიან მალე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა საუბრები ყოფილიყო იმაზე, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე. ანალიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს შენიშვნებს ადამიანის უფლებების მხრივ.

„შეიძლება საუბარი ყოფილიყო იმაზე, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მომავალში მოქმედებას, მათ შორის მუნიციპალური არჩევნები როგორ იქნება ჩატარებული. ეუთოს სურვილია, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყოს, რომ არავის არ ჰქონდეს პრეტენზიები. შეიძლება იყოს შენიშვნები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, შენიშვნებისთვის ადგილი ყოველთვის არის და ასეთი ნორმალური საუბარი შეიძლებოდა ყოფილიყო", - განაცხადა მამრაძემ.

ვიზიტის შესაძლო შედეგები

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის თქმით, ამ ვიზიტს რა შედეგი მოჰყვება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება.

„არ ვიცი ამ ვიზიტს რა მოჰყვება, გააჩნია როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. ევროკავშირი და ევროპა როგორ მოიქცევა, ამათ შემთხვევაში, შემიძლია ძალიან ზუსტად დავდო პროგნოზი, მაგრამ ესენი როგორ მოიქცევიან და ბიძინა ივანიშვილს რა მოეჩვენება, ამის თქმა რთულია. ეს დამოკიდებულია რას გადაწყვეტენ ივანიშვილი და მისი გუნდი. თუ გადაწყვეტენ, რომ ბოლომდე მიაწვნენ დისტანცირებას, რა თქმა უნდა, კარგად ვერ დასრულდება სიტუაცია.

„ქართული ოცნების" პროპაგანდა რას იტყვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო ევროსაბჭოს წევრია და საპარლამენტო ასამბლეიდან გამოიქცა. ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას, „ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს ლეგიტიმაციის პრობლემა სერიოზულად უდგათ. ამ თვალსაზრისით რაღაც წარმატება სჭირდებათ, თუმცა ისეც არაა, რომ საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ. დიპლომატიური ურთიერთობა და რაღაც დონეზე კავშირები ცენტრალური აფრიკის კაციჭამია დიქტატორ ბოკასასთან ჰქონდათ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ოპოზიციონერებს ჭამდა. მაგათთან ჰქონდათ ურთიერთობა და როგორმე ამათთანაც ექნებათ. „ქართულმა ოვცნებამ" რამდენიც არ უნდა თქვას, რომ აი, გვაღიარეს და ა.შ., ეს არაფერს არ ნიშნავს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზიტისგან დიდს არაფერს ელის იმ მხრივ, რომ ამ ვიზიტს შეიძლება აღიარება მოჰყვეს.

„ამ მხრივ დიდს არაფერს ველი, რადგან ვიცით ევროპარლამენტის ნაწილის, ევროპის საბჭოს პოზიცია როგორია. ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებამ. ბალტიის ქვეყნების პოზიციაც რომ ვიცი, ამ მხრივ მე არ ველი ცვლილებას. თან ბულინგის ქვეშ აქცევენ მათ, ვინც ბედავს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან.

„საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ურთიერთობის პრობლემა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ რეგიონის მეზობელ ქვეყნებს, ვგულისხმობ რუსეთს, საიდანაც მინიმალურად შემცირებულია რისკი და ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან სწორი გეზია აღმოსავლეთ და სამხრეთთან ურთიერთობა. გვახსოვს კობახიძის ვიზიტი ემირატებში, ცენტრალურ აზიაში და ა.შ. ეს ძალიან საჭიროა. როგორც წამყვანი ეკონომისტები ამბობენ, თუ გინდა მსოფლიოში კრედიტის მოპოვება, აღმოსავლეთსა და სამხრეთში უნდა წახვიდე, ევროპასა და ამერიკაში ვერაფერს მოიპოვებო.

„თუ ეუთო-ს გენმდივანი ოპოზიციას არ ხვდება, ეს იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ თავად ოპიზიციამ თვითონ არ მოითხოვა შეხვედრა. ამათ რომ მოეთხოვათ შეხვედრა და ამაზე უარი ეთქვათ, ეს საჯარო გახდებოდა", - განაცხადა მამრაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე