
მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია - რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად განიხილავენ სავარაუდო კანიდატებს. დაიბრუნებენ თუ არა იტალიელები პაპობას, თუ მსოფლიოს პირველი აფრიკელი პაპი ეყოლება? ეს ის კითხვებია, რომელსაც პასუხი მომდევნო კვირებში, კონკლავის შეკრების შემდეგ გაეცემა.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, აღდგომის შემდგომ ორშაბათს გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ მალე მოიწვევა კონკლავი კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის ასარჩევად.
მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი პაპის დაკრძალვიდან ორიდან სამ კვირაში დაიწყება, როდესაც კარდინალები ვატიკანის სიქსტის კაპელაში შეიკრიბებიან. თეორიულად, პაპი შეიძლება ნებიმისერი კათოლიკედ მონათლული მამაკაცი გახდეს, თუმცა, ბოლო 700 წლის განმავლობაში, პაპი ყოველთვის კარდინალთა რიგებიდან ირჩევა.
წინასწარ გამარჯვებულის განსაზღვრა იოლი არ არის. თუმცა ექსპერტებმა უკვე დაიწყეს თავისი ვარაუდების გამოთქმა.
ცნობისთვის, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. ახალი პაპის ასარჩევად კი კანდიდატმა ხმების 2/3, ანუ სულ მცირე 90 ხმა უნდა მიიღოს.
ქვემოთ მოცემულია ცნობები კათოლიკური სამყაროს რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურაზე, რომელთა სახელებიც, სავარაუდოდ, ხშირად გაჟღერდება მომდევნო კვირებში, სტატია დასავლური გამოცემა „პოლიტიკოს" წყაროებს ეყრდნობა.
იტალიური დაბრუნება
აქამდე 266 პაპიდან 217 იტალიელი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 იტალიელი არ ყოფილა.
იტალიელი კარდინალი პიეტრო პაროლინი, 70 წლის, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი და 2013 წლიდან, ფრანცისკეს მარჯვენა ხელი იყო. ის ხშირად მოიხსენიება, როგორც პაპის მემკვიდრე.
ვენეტოს რეგიონის მკვიდრი პაროლინი ფრანცისკეს მრჩეველთა ახლო წრეს მიეკუთვნება, ხელმძღვანელობდა მის რეფორმებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ვატიკანის დიპლომატიაში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო წმინდა საყდარსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების აღდგენასა და პეკინთან ერთად ჩინელი ეპისკოპოსების დანიშვნის შესახებ შეთანხმების გაფორმებაში.
ზომიერი, ზოგისთვის პროგრესულად მოაზრებული პაროლინი პაპის ავადმყოფობის დროს ლოცვის ხელმძღვანელი გახდა.
თუმცა, ზოგიერთი წყაროს შეფასებით, პაროლინი ზოგჯერ ზედმეტად ბიუროკრატად მიიჩნევა და მოკლებულია ფრანცისკეს ქარიზმას.
კარდინალთა პოზიციების მიმოხილვაში, რომელიც კონსერვატორი ჟურნალისტების ედვარდ პენტინისა და დაიან მონტანიას მიერ არის შედგენილი, პაროლინი დახასიათებულია, როგორც „დახვეწილი" პროგრესული, რომელსაც შეუძლია ფრანცისკეს რადიკალიზმის ძირითადი მიმართულებების შენარჩუნება.
პაპობის კიდევ ერთი იტალიელი კანდიდატია კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა ლომბარდიიდან, რომელიც ამჟამად იერუსალიმის ლათინური პატრიარქია. წმინდა მიწაზე ცხოვრების 30-წლიანმა გამოცდილებამ, ებრაულ ენის ცოდნამ და „ჰამასთან" აუცილებელი კონტაქტის აღიარებამ მას ახლო აღმოსავლეთში ავტორიტეტი შესძინა, რაც შესაძლოა მის უპირატესობად იქცეს.
საინტერეოსა, რომ კონსერვატორები მას მიმართ მტრულად განწყობილნი არ არიან. გარდა ამისა, როგორვ „პოლიტიკო" წერს, ის პაპობისთვის შედარებით ახალგაზრდად ითვლება, რაც, შესაძლოა, კარდინალთა ნაწილისთვის პრობლემად იქცეს.
არაევროპელი კანდიდატები
ფრანცისკე პირველი არაევროპელი პაპი იყო VIII საუკუნის სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ და პირველი პაპი ამერიკიდან.
თუ კარდინალთა კოლეგია კვლავ არაევროპელს აირჩევს, ფილიპინელი კარდინალი ლუის ტეგლე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მანილას ყოფილი არქიეპისკოპოსი იზიარებს ფრანცისკეს სოციალურ სამართლიანობაზე და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაზე ორიენტირებულ ხედვას.
კათოლიკურ ეკლესიას ასევე აქვს შანსი, ისტორიაში პირველად აირჩიოს აფრიკელი პაპი - განელი კარდინალი პიტერ ტურქსონი, რომელიც 2013 წლის კონკლავში ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა და ახლა კვლავ განიხილება პაპობის რეალურ კანდიდატად.
76 წლის ტურქსონი პაპმა ბენედიქტემ დანიშნა სამართლიანობისა და მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელად. მისი არჩევა ისტორიული მოვლენა იქნება, თუმცა მისი წარსული განცხადებები შეიძლება ხელის შემშლელი გახდეს. 2013 წლის ინტერვიუში მან თქვა, რომ ბავშვთა სექსუალური ძალადობა ნაკლებად გავრცელებული იყო აფრიკაში ტრადიციული კულტურული დაცვის გამო, რაც მწვავე კრიტიკის საგნად იქცა.
რა შანსი აქვთ კონსერვატორებს
12-წლიანი პონტიფიკატის განმავლობაში ფრანცისკემ გაანაწყენა ეკლესიის კონსერვატიული ფრთა, რომელიც სულ უფრო რადიკალიზებული გახდა, განსაკუთრებით აშშ-ში. ამ კონსერვატორთა დე ფაქტო ლიდერია 76 წლის კარდინალი რეიმონდ ბურკი, რომელიც არაერთხელ დაუპირისპირდა ფრანცისკეს მის დღის წესრიგთან დაკავშირებით და ეკლესია „ზედმეტად ფემინიზებულად" შეაფასა. თუმცა, იგი უფრო სიმბოლურ ფიგურად მიიჩნევა, ვიდრე პაპობის რეალურ კანდიდატად.
მნიშვნელოვანი ფიგურაა უნგრელი კარდინალი პეტერ ერდო, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელსაც გამიხილებოდა პაპობის პოტენციურ კანდიდატად და უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისგან ქებაც არაერთხელ დაუმსახურებია.
ერდო წარმოადგენს ტრადიციონალისტურ, ევროპაზე ორიენტირებულ ხედვას და რჩება იმ კონსერვატორების ინტერესის სფეროში, რომლებიც პაპის კურსის შეცვლას ესწრაფვიან.
კონსერვატორთა შანსები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კარდინალთა კოლეჯის შემადგენლობაზე.
ცნობისთვის, ფრანცისკემ 138 კარდინალიდან 110 თავად დანიშნა, რაც მიანიშნებს, რომ ეკლესიის მკვეთრად კონსერვატიულ ხაზზე დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.
ფრანცისკეს ანდერძი
22 აპრულს ვატიკანმა გამოაქვეყნა პაპ ფრანცისკეს ანდერძი, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაახლოებით სამი წლით ადრე დაწერა.
2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ანდერძში პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რომ რადგან მიწიერი ცხოვრების დასასრულს გრძნობს და მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს, სურს გამოთქვას ბოლო სურვილი დაკრძალვის ადგილის შესახებ.
პაპმა ითხოვა, რომ დაკრძალონ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საფლავი იყოს სადა, წარწერით - „ფრანცისკე".
ღვთისმშობელ მარიამის სახელობის ტაძარი, სანტა მარია მაჯორე რომის პაპის ოთხი ბაზილიკიდან ერთ-ერთია.
ფრანცისკეს ანდერძში მითითებულია ბაზილიკის კონკრეტული ადგილი, სადაც დაკრძალვა სურს. პაპი აღნიშნავს, რომ დაკრძალვის ხარჯი დაიფარება ქველმოქმედისგან მიღებული თანხით, რომელიც მისი განკარგულებით გადაერიცხება სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკას.
პაპი ფრანცისკე მადლობას უხდის ყველას, ვისაც უყვარდა და მისთვის ლოცულობდა და ანდერძს ასრულებს სიტყვებით, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდში თავის ტანჯვას უფალს უძღვნის მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ხალხთა შორის ძმობისთვის.
სამშაბათს ასევე გაირკვა, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.
ვატიკანის მოკლე განცხადების თანახმად, წმინდა პეტრეს მოედანზე დაკრძალვის ლიტურგიას კარდინალების კოლეჯის დეკანი, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე უხელმძღვანელებს.
პაპ ფრანცისკეს თხოვნის თანახმად, მის ცხედარს ოთხშაბათს დილით წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, შემდეგ კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, სადაც დაკრძალავენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



