მარიამ ვეკუა
(21.04.2025)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 20 აპრილს განაცხადა, რომ იმედოვნებს, ამ კვირაში უკრაინა-რუსეთი შეთანხმებას მიაღწევენ. ამასთანავე დასავლური მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, ე.წ „საიდუმლო გეგმის" შესახებ, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ვაშინგტონმა შესაძლოა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აღიაროს.

„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ", - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე. ტრამპმა დასძინა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდება. „შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც აყვავებულია, და გამდიდრდებიან", - აღნიშნა ტრამპმა.

დასავლური მედიები წერენ, რომ „დონალდ ტრამპმს მოთმინების ფიალა ეწურება".

ტრამპის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პარიზში გამართულ ბრიფინგზე „გადაუდებელი აუცილებლობის" შესახებ ისაუბრა.

„ახლავე უნდა გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკებების დაწყება მოკლევადიან პერსპექტივაში, რადგან თუ ასე არ მოხდა, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ წასვლას", - თქვა რუბიომ.

მანვე განაგრძო: „ჩვენ არ ვაპირებთ ამ მცდელობების გაგრძელებას კვირების და თვეების განმავლობაში. ასე რომ, ჩვენ ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ვადები", - თქვა რუბიომ.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების დიდ ნაწილს ხელმძღვანელობდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. CNN-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მან სულ მცირე სამი შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებები გაიმართა საუდის არაბეთშიც, თუმცა, პროგრესი ნელი იყო.

რუსეთი ამ დრომდე უარს ამბობს აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ და უკრაინის მიერ მხარდაჭერილ სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს, რომ კიევმა შეწყვიტოს სამხედრო მობილიზაცია და იარაღის მიღება დასავლეთიდან.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის შეთანხმების ლოგიკური ნიშნები ამ ეტაპზე არ არსებობს და დიდი ალბათობით, ესაა ტრამპის მორიგი განცხადება, რომელსაც იგი დროდადრო აკეთებს.

„სიმართლე გითხრათ, ამის რაიმე ლოგიკური საბაბი, მგონი, არ არსებობს, რადგან ტრამპის ადმინისტრაციისგან ასეთი განცხადებები ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ, შემდეგ მათი რეალიზაცია არ მომხდარა. რუსეთი არ აპირებს ამ ეტაპზე ომის შეჩერებას და არც უჩანს პირი, რომ ამ კუთხით რაღაცის განხორციელებას აპირებს... გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი ხალხს დაჰპირდა, იძულებულია ეს განცხადებები დროდადრო გააკეთოს საკუთარი მომხრეებისთვის", - განაცხადა კაკაჩიამ

კაკაჩია ხაზგასმით ამბობს, რომ რუსეთს ომის შეჩერება არ აწყობს, რადგან მისი ეკონომიკა სწორედ ომზეა დამოკიდებული.

„რუსეთს ომის შეჩერება არ აწყობს, რადგან მისი ეკონომიკა მთლიანად ომზეა დამოკიდებული. და მეორეც - უკრაინას შეერთებული შტატების დახმარება მოაკლდა, ევროპის ქვეყნებიც ვერ აწარმოებენ იმდენ იარაღს, რომ მიაწოდონ, და ბუნებრივია, ეს რუსეთის სასარგებლოა. სწორედ ამის იმედი აქვს - სურს, რომ ბოლომდე გადატეხოს. ანუ მაქსიმალისტური ხედვები აქვს და მარტო ოკუპირებული რეგიონები არ კმარა: მას უნდა, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, დააჩოქოს, გახდეს მისი ვასალი და ხელი შეუწყოს ახალი ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბებას, რათა დაიბრუნოს ძველი საბჭოთა პერიოდის იმპერია, რომელსაც ასე მისტირიან", - განაცხადა კაკაჩიამ.

სამშვიდობო ჩარჩოს პროექტი მაგიდაზეა

საყურადღებოა, რომ დასავლურ მედიებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასწორზე ყირიმია. მაგალითად, სი-ენ-ენმა და ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ანონიმური ინფორმაციის მიხედვით, დასავლური გამოცემები იუწყებიან, რომ შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება უკვე არაოფიციალურად გაუზიარეს ევროპულ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს პარიზში. შეთანხმების ჩარჩო მოიცავს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ვაშინგტონის მზადყოფნას, აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმზე - რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს გეგმაში შეუთანხმებელი პუნქტები. დისკუსიების შემდეგი რაუნდი ამ კვირაში ლონდონშია დაგეგმილი, რომელსაც აშშ-ის, ევროპის და უკრაინის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე