მარიამ ვეკუა
(18.04.2025)

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ „დასავლეთმა უკრაინაში ომი წააგო", ხოლო ევროპა მარცხს არ აღიარებს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ გამორიცხავს, რომ აშშ შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომს, არც მეტი არც ნაკლები, საერთოდ "გაეცალოს". რას უნდა ველოდოთ - „დამარცხდა თუ არა დასავლეთი" ან „ჩაანაცვლებს თუ არა აშშ-ს ევროპა" - ამაზე „რეზონანსი" ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ვიქტორ ორბანის განცხადებას „სასაცილოს" უწოდებს: „ტყემალზე ზის ორბანი - უნგრეთის პრემიერის განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უნგრეთი მსოფლიოში ვერც აფუჭებს და ვერც აკეთებს. უნგრეთის პრემიერი მხოლოდ საკუთარ თავზე და ამომრჩეველზე ფიქრობს. პლუს ემატება, რომ უნგრეთის პრემიერის აქვს პრეტენზია, ევროპაში ჩამოაყალიბოს ულტრამემარჯვენეთა ფრაქცია. ამიტომ მას მხოლოდ ორი ადრესატი ჰყავს - ერთი თავისი ამომრჩეველი და მეორე - ულტრამემარჯვენე ელექტორატი და პარტიები ევროპაში.

„რაც შეეხება იმას, რაც თქვა - ეს არის სასაცილო. იმიტომ, რომ რუსეთმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. უკრაინამ დასავლეთის დახმარებით მოახერხა და რუსეთი შეაჩერა. რუსეთმა ის ტერიტორიებიც კი ვერ აიღო, რომლებიც კონსტიტუციურად, ქაღალდზე მიითვისა - უკრაინის ხუთი რეგიონი. ბოლომდე ვერ აიღო ვერც დონბასი, აღარ ვსაუბრობ ზაპოროჟიეზე, ხერსონზე. იმედი აქვს, რომ ტრამპი დაეხმარება. ასე რომ, ეს არის სუფთა დემაგოგიური, პოპულისტური განცხადება. ომი გრძელდება."

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ჯერჯერობით კატეგორიული განცხადება, რომ დასავლეთმა ომი წააგო, ნაადრევია, თუმცა აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ვერ მოახერხა მისი მთავარი მიზნის - რუსეთის სტრატეგიულად განადგურების - შესრულება:

„მე ჯერჯერობით თავს შევიკავებდი ასეთი კატეგორიული შეფასებისგან. თუმცა, გააჩნია, წაგებაში ვინ რას გულისხმობს. დასავლეთს, როგორც ალბათ იცით, თავიდან მიზნად ჰქონდა დასახული, რომ რუსეთისთვის მიეყენებინა სტრატეგიული დამარცხება - ეს მიზანი მიღწეული არ არის. თუმცა, თუ დასავლეთი გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად - ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"ჯერჯერობით ფაქტია, რომ დასავლეთმა სტრატეგიულად ვერ დაამარცხა რუსეთი, სავარაუდოდ, ამან ათქმევინა ორბანს, რომ დასავლეთმა ომი წააგო. მე ასე არ ვთვლი. შესაძლოა, რუსეთს აქვს უპირატესობა რაღაც ეტაპზე, თუმცა თუ დასავლეთი ერთ-ორად გაზრდის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, რომელსაც აქამდე ნაწილ-ნაწილ აწვდიდა, არავინ იცის, როგორ შემოტრიალდება სიტუაცია ფრონტის ხაზზე," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ადგილობრივი იუთუბ-არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტიდან გასვლით და მისი დარეგულირების მცდელობით ამერიკის გადარჩენას ცდილობს, ევროპელ ლიდერებს კი არ სურთ ომში დამარცხების აღიარება:

„დასავლეთმა წააგო ეს პროქსი-ომი, რაც ძალიან დიდ ტვირთად იქცა. დონალდ ტრამპი ამ კონფლიქტიდან გასვლით და იმ ძალისხმევით, რასაც კონფლიქტის დარეგულირებაში დებს, ცდილობს, ამერიკა დამარცხებისგან იხსნას. დასავლეთ ევროპაში კი სხვა ვითარებაა. ევროპელი ლიდერები, რომლებმაც ევროპა ამ ომში ჩაითრიეს, არ აპირებენ იმის აღიარებას, რომ დამარცხდნენ," - თქვა ორბანმა.

გაიზრდება თუ არა დასავლეთის როლი, თუ აშშ „თამაშს" დატოვებს

საინტერესო იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მა შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომს თავი დაანებოს:

„თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, უნდა გავეცალოთ. ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ - და მე ვსაუბრობ დღეების საკითხზე - შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება. თუ ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ ეს არ მოხდება, მაშინ ვფიქრობ, პრეზიდენტი ალბათ იმ ეტაპზეა, როდესაც იტყვის, რომ ჩვენ დავასრულეთ," - აღნიშნა რუბიომ.

„პროცესები საკმაოდ რთულად ვითარდება"-განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ

„რუბიომ ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ აშშ აპირებს ომიდან გასვლას, რაც ნიშნავს, რომ ომის ტვირთი აშშ-მა ევროპას გადაულოცა - თუ შეიძლება ასე ითქვას. ახლა ევროპას მოუწევს უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება - როგორ გამოვიდეს ომიდან ისე, რომ სახე არ დაკარგოს. მე ასე ვიტყოდი.

„ყველაფერს დღეს წყვეტს ის, ვის მხარესაა სამხედრო უპირატესობა. ჯერჯერობით, ეს უპირატესობა რუსეთის ხელშია. რას მოახერხებს ევროპა იმისთვის, რომ სიტუაცია შემოაბრუნოს - ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ. მხედველობაში მაქვს ბრიტანეთის, საფრანგეთის და „მსურველთა კოალიციის" რამდენიმე წევრის გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში განათავსონ ევროკავშირის საჯარისო ნაწილები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

„რა თქმა უნდა, დასავლეთის როლი გაიზრდება, თუ აშშ დატოვებს თამაშს. პირდაპირ ვთქვათ - უკრაინის დახმარება ევროპულ ეკონომიკას, რომელიც ისედაც საკმაოდ რეცესიულ მდგომარეობაშია, საკმაოდ ძვირი უჯდება. ევროპელებსაც მოუწევთ გადაფასება, რომ განსაზღვრონ ოპტიმალური გზა. მე რასაც ვუყურებ ღია და ნახევრად ღია წყაროებიდან, ჯერჯერობით ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული," - ამბობს ანჯაფარიძე.

ზაქარეიშვილი კი ამტკიცებს, რომ აშშ-ის გასვლა ომიდან, როგორც თავად აშშ-ის რეპუტაციისთვის, ისე უკრაინისთვის დამაზიანებელი იქნება, თუმცა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი გაძლიერდება:

„ტრამპის გასვლა თამაშიდან კარგი არ იქნება. ომიდან გასვლა ნიშნავს, რომ ის უკრაინის დახმარებას შეწყვეტს. ამერიკა რომც გავიდეს - ეს კატასტროფა არ იქნება, თუმცა ძვირად დაუჯდება ამერიკას რეპუტაციის კუთხით, რადგან არ მგონია, ამ შემთხვევაში უფრო სანდო გახდეს მსოფლიოში. გარდა ამისა ეს ნეგატიურად აისახება უკრაინაზეც. იმედია, გაძლიერდება ევროკავშირი - თუნდაც თურქეთი, რომელსაც შავ ზღვაზე ინტერესები აქვს.

„ორი საკითხია: თუ ტრამპი გადის თამაშიდან, ევროპა როგორ დაეხმარება უკრაინას და თუ შეძლებს აშშ-ს ჩანაცვლებას - პუტინი მიხვდება, რომ მისი საშველი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი კი გაიყვანა თამაშიდან. ყველაზე უარესი სცენარი კი ის იქნება, თუ ტრამპი გავა, ევროპა ვერ დაეხმარება უკრაინას და ომი გაგრძელდება უსასრულოდ," - ამბობს პაატა ზაქარეიშილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე