მარიამ ვეკუა
(17.04.2025)

ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. სალომე ზურაბიშვილმა ხუთშაბათს „წინააღმდეგობის პლატფორმის" მორიგი შეხვედრა გამართა. ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმაც და „წინააღმდეგობის პლატფორმამაც" რესურსები ამოწურეს. არც ახალი ერთობის ჩამოყალიბებაა გამორიცხული.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრობს „წინააღმდეგობის მოძრაობის" მნიშვნელობაზე და ხაზგასმით ამბობს, რომ მას თავისი რესურსები ჯერ არ ამოუწურავს.

„არ მგონია, რომ ამ პლატფორმამ თავისი როლი ამოწურა. ყოველ შემთხვევაში, აცნობიერებენ სამი ოპოზიციური პარტია (გახარიას პარტიის გამოკლებით), რომ გარკვეულწილად, ურთიერთკოორდინაციაში უნდა იმყოფებოდნენ. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, ბოლომდე არ ამოწურულა ეს როლიც. ამიტომაც კონკრეტული თანამშრომლობა შედგება, რადგან არის საკითხები, რომლებშიც ოპოზიციის ინტერესები გაერთიანებულია. ამიტომაც ვფიქრობ, ისინი დროის განმავლობაში გააგრძელებენ ერთმანეთთან ურთიერთკოორდინაციას."

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მტკიცედ აცხადებს, რომ არათუ „წინააღმდეგობის პლატფორმა", არამედ ოპოზიციაც საერთოდ არ არსებობს.

„ოპოზიცია ფაქტობრივად საქართველოში არ არსებობს. ეს არის ფაქტობრივად მეხუთე კოლონა. ოპოზიცია ვერასდროს იქნება ოპოზიცია, სანამ მათი ვითომ ლიდერები - ხაბეიშვილები, ჭიჭიკო ვაშაძეები, გვარამიები, პატიკო მანჯგალაძეები და ასეთი ოდიოზური ფიგურები იქნებიან, რომელთაც სახელმწიფო კი არა, ნახევარი ბატი რომ დადიოდეს ქვეყანაზე, იმას არ ჩააბარებენ.

„ამიტომაც ვფიქრობ, რაც არ უნდა „წინააღმდეგობის პლატფორმები" უწოდონ საკუთარ თავს, რაც არ უნდა „რკინის ღობეები" დაარქვან, ესენი დარჩებიან იქ, სადაც არიან - კანალიზაციაში ყურყუმალობენ და ხანდახან წამოყოფენ თავს, დაიძახებენ: „ჰოპ - წინააღმდეგობა!" და მერე ისევ ჩაყვინთავენ. თუ იქნება ახალი ოპოზიცია - კი ბატონო, შეიქმნება უეჭველად, რომელიც დაიკავებს ამ მოღალატეთა ადგილს და ჩადგება ქვეყნის სამსახურში," - განაცხადა გვენეტაძემ.

რას ამბობენ ენმ-ში

საყურადღებო იყო სატელევიზიო ეთერში ენმ-ის ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადება. მან მკაფიოდ და ხაზგასმით თქვა, რომ ამ „წინააღმდეგობის პლატფორმამ" თავისი რესურსები ამოწურა, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს:

„მე ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილმა რესურსები ამოწურა. ვიქნები პირდაპირი - და ეს რესურსები ამოიწურა 31 მარტს, როდესაც იყო ბოლო შანსი, რომ გაბედული განცხადება გაკეთებულიყო კოორდინაციის შესახებ. მეტიც, ერთადერთი შეთანხმება, რასაც ეროვნულ დონეზე მივაღწიეთ, იყო, რომ არ უნდა მივსულიყავით „ღალატის კომისიაზე", თუმცა ესეც დაირღვა - და ეს გახარიას პარტიამაც აღიარა. სამწუხაროდ, როგორც გამაერთიანებელმა პლატფორმამ, ამ ეტაპზე რესურსები ამოწურა."

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ახალი ტიპის საკოორდინაციო რგოლის შექმნა, ბოკუჩავამ განაცხადა: „ეს ნამდვილად უნდა იყოს ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობა. ორივემ უნდა გადავდგათ ნაბიჯი - საპროტესტო მოძრაობამ, იმ საზოგადოებამ, რომელიც 140 დღეა ქუჩაში დგას, და პოლიტიკოსებმაც."

საყურადღებოა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერებს შეხვდა, რომლებიც ამბობენ, რომ საუბარი შეეხებოდა სამუშაო გეგმას, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა გეგმას. მკაფიოდ აცხადებენ, რომ 17 აპრილის შეხვედრაზე თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

„განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები. საზოგადოებას შევთავაზებთ შეხვედრებს და გაგაცნობთ, როცა იქნება კონკრეტული თარიღი. თვითმმართველობის არჩევნები არ არის ჩვენი განხილვის საკითხი," - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ფორმულასთან" საუბრისას.

„დღეს, ბუნებრივია, თეატრის და რეპრესიების თემაზე ვისაუბრეთ, საერთო სოლიდარობის მხარდაჭერის ფორმებზე და საგარეო საკითხებზე. ეს არის მიმდინარე, ყოველდღიური საკითხები," - აღნიშნა „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულასთან".

ცნობისთვის, „წინააღმდეგობის პლატფორმის" შექმნა სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს დაანონსა.

ახალი ოპოზიციური ერთობა? რატომ ვერ შეასრულა მისია ზურაბიშვილმა

ნიკა ჩიტაძე საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვერ შეძლო სალომე ზურაბიშვილმა გამაერთიანებლის როლის მორგება:

„ზურაბიშვილი არ არის ქარიზმატული ლიდერი, არ წარმოადგინა კონკრეტული პროგრამა, განცხადებების მიუხედავად, რომლებიც მან გააკეთა - თუნდაც ის, რომ 8 მარტს მიმართა საზოგადოებას, როცა ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, და შემდეგ - 31-ში. აქედან გამომდინარე, შეიძლება კონკრეტული ინიციატივები ვერ გამოიჩინა და ამიტომ ვერ შეძლო გამაერთიანებლის რგოლის მორგება. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ლიდერი შეიძლება იყოს ერთმანეთთან ურთიერთკოორდინაციაში და მათ შესაძლოა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ ამ წინააღმდეგობის პლატფორმაზე."

კითხვაზე, შეიქმნება თუ არა ახალი ოპოზიციური ერთობა, ჩიტაძე პასუხობს: „ყველაფერი შესაძლებელია. დიდი ალბათობით, ოთხი პარტიის გაერთიანება ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა შესაძლებელია, სამი პარტიის ერთობა - ან საბჭოს სახით, ან ალიანსის ფორმით - ამ ეტაპზე წარმოდგენილი იყოს. თუმცა შემდეგ თუ მოხერხდა „ოცნების" დამარცხება და ხელისუფლების ჩამოშლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს პარტიები არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას."

ედიშერ გვენეტაძე განსხვავებულად ფიქრობს. ამბობს, რომ არანაირი ოპოზიციური ერთობა არ იქნება.

„რაც შეეხება იმას, შეიქმნება თუ არა მათი ერთობა - ვიმეორებ, ესენი არიან პოლიტიკური გვამები, არ არიან ოპოზიცია. 28 ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე, რაც ჩაიდინეს, კოლექტიურ ყორღანაშვილებს არ ჩაუდენიათ. ამიტომ - რა ერთობაზეა საუბარი?!" - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ შეასრულა ზურაბიშვილმა შეესრულებინა „გაერთიანების მისია", მოკლედ გვპასუხობს:„გეტყვით, რომ თავად ზურაბიშვილი არის მხოლოდ პოლიტიკური გვამი, და მის გარშემო შეკრებილები ვინ იქნებიან?!" - დასძინა გვენეტაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე