თამთა ჩაჩანიძე
(17.04.2025)

„ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა „ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე" ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს. მათი შეფასებით, ესაა „ბოლო იარაღი, რაც ბრიუსელს ხელში უჭირავს". ამას წინ უძღვოდა ორი დღის წინ ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი მარტივდება. მანამდე, „ოცნება" ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევდა, რომ ევრობლოკი ამ ნაბიჯზე წვაიდოდა.

ევროკავშირი 2025 წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრება იგეგმება, რაც ბრიუსელს უვიზო რეჟიმის დროებით ან სრულად გაუქმებას გაუადვილებს. ეს ცვლილებები შეეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

„როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ ქვეყნები ამით გარკვეულწილად გააფრთხილონ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ. ეს თავისთავად ამ ქვეყნებში გამოიწვევს იმ მოქალაქეების უკმაყოფილებას, რომლებიც აქამდე ამ უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ", - განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.

„რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკები გაიმართა და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს. შესაბამისად, შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს. მისი შეფასებით, არსებითად, ბლოკი ბევრად უფრო მკაცრი ხდება ვიზალიბერალიზაციის მიმართ, რაც ასახავს უფრო ფართო ცვლილებას: პირველი, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა; და მეორე, პოტენციურად გამოიყენოს სავიზო პოლიტიკა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი მესამე ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით.

ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

„ადრე ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას არ შევაჩერებთ, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის დასჯაო და ა.შ. ეს არგუმენტი ჰქონდათ, რომ ეს დამსჯელი ღონისძიებები როგორ უნდა მივმართოთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა უმრავლესობა პროევროპულად განწყობილიაო და ა.შ.

„რადგანაც ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურები გაამარტივონ და შესაბამისად, აღარ იყოს საჭირო სრული კონსენსუსი, რაც ასეთ გადაწყვეტილებების მიღებას ადრე სჭირდებოდა, როგორც ჩანს, რაღაც რაციონალური მარცვალი არის იმ მოსაზრებაში, რომ ამ მექანიზმს იმ ქვეყნების მიმართ გამოიყენებენ, ვგულისხმობ ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს, არა მარტო საქართველოს, არამედ მოლდოვას, უკრაინას, ბალკანეთის სახელწიფოებს, რომელთა მიმართაც მათ გარკვეული პრეტენზიები აქვს - ვთქვათ, ისინი არ ასრულებენ ჯეროვნად ევროკავშირის დირექტივებს, ან აკეთებენ იმას, რაც ევროკავშირს მიაჩნია, რომ არ უნდა გააკეთონ. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ამას უკავშირდება, რომ ისინი ამით გარკვეულწილად გააფრთხილონ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ. ეს თავისთავად ამ ქვეყნებში გამოიწვევს იმ მოქალაქეების უკმაყოფილებას, რომლებიც აქამდე ამ უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, რა სცენარია მოსალოდნელი ქვეყნის შიგნით, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ველოდები, რომ შესაძლოა ამას საპროტესტო აქციები მოჰყვეს, რადგან ბევრი ადამიანი სარგებლობდა ამ უვიზო რეჟიმით. ეს მათთვის შეღავათი ნამდვილად იყო, არ უწევდათ საელჩოსთან რიგებში დგომა, დოკუმენტების მომზადება-ჩაბარება და თუ ეს შეჩერდება, რა თქმა უნდა, უფრო მეტ მოქალაქეში პროტესტს გამოიწვევს და არ გამოვრიცხავ, რომ ამის ნიადაგზე. საპროტესტი აქციების რიცხვი გაიზარდოს, მაგრამ ამ საკითხს სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ, მეორე მხრივ, ევროპასთან უვიზო მიმოსვლით საქართველოში სარგებლობდა და სარგებლობს მოქალაქეთა ერთი გარკვეული ნაწილი. ვისაც იმის ფინანსური შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპაში იმოგზაუროს, გარკვეული ხანი გაჩერდეს და ა.შ. ჩემი აზრით, საქარველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამ სიკეთით სარგებლობა უბრალოდ არ შეუძლია, რადგან სათანადო ფინანსები არ გააჩნია. სტატისტიკურად ზუსტად არ ვიცი ვიზალიბერალიზაციის მოსარგებლეთა რაოდენობა მზარდია თუ არა, მაგრამ მაინც ისეთი განცდა მაქვს და მგონია, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა ამ შეღავათით ვერ სარგებლობს ფინანსების არარსებობის გამო, თუმცა საპროტესტო გამოსვლები დიდი ალბათობით მოჰყვება",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

"არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ესეც [ვიზალიბერალიზაცია] კი გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით - დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ [შესაძლოა] ამ მეთოდსაც მიმართონ", - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა , რითაც ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე მსგავსი მექანიზმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამოქმედდეს.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით რა პროცესებს გადის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივი მონაცემებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ვხედავთ, რომ მასზე სხვადასხვა სახით ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა ეტაპზე შანტაჟის პოლიტიკის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რაღაც მიზნები. ღიად ვამბობდით, რომ ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ფრონტის გახსნა იყო. მათ შორის იყო ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა, მაგრამ მაინც ეპოტინებიან ამ საქმეს. არც ეს მოხსნილა დღის წესრიგიდან, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ესეც [ვიზალიბერალიზაცია] კი გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ [შესაძლოა] ამ მეთოდსაც მიმართონ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, „ეს არის ერთ-ერთი ბოლო იარაღი, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ - ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც რომ ვერ მოახდინონ ქვეყანაში რევოლუცია, მერე საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს."

„ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე, რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი და ღია პროცესია, სინამდვილეში პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არამარტო საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში გაწირავენ თუ არა ევროკავშირის საინტერესო ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე